1 031 საკრებულოში 10 693 საკრებულოს წევრის მანდატი განისაზღვრა. 378 საკრებულოში, სადაც ამომრჩეველთა რიცხვი 2 000 აჭარბებდა, საარჩევნო კანონის შესაბამისად, არჩევნების ჩატარება გადაწყდა პროპორციული წესით, ხოლო 653 საკრებულოში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 2 000–ზე ნაკლები იყო _ მაჟორიტარული წესით.
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 82 464 კანდიდატმა და 13-მა პარტიამ.
არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის კანონით დაწესებული იყო 5%-იანი ბარიერი. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მოქალაქეთა 40%-მა. თბილისში საარჩევნო ბარიერი შვიდმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა, მათ შორის, ყველაზე მეტი მიიღეს შემდეგმა პარტიებმა:
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი – 30%; საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 17%; საქართველოს სოციალისტური პარტია – 12%.
თბილისის საკრებულოში მანდატები, აგრეთვე, მოიპოვეს პარტიებმა: სახალხო პარტია, ეროვნულ დემოკრატიული პარტია, ტრადიციონალისტთა კავშირი, დემოკრატიული აღორძინების კავშირი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში გამარჯვება მოიპოვა პარტია აღორძინებამ.
საქართველოს მასშტაბით სხვა რაიონების უმრავლესობაში გაიმარჯვა მოქალაქეთა კავშირმა, რომელსაც საერთო ჯამში 662 მანდატი (615 430 ხმა) ერგო; დემოკრატიული აღორძინების კავშირმა 208 მანდატი (296 263 ხმა) მოიპოვა; საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიას 136 მანდატი (151 532 ხმა) ერგო; სოციალისტური პარტიას _ 105 მანდატი (127 528 ხმა); ედპ-ეროვნულ-დემოკრატიული პარტიას _ 102 მანდატი (125 944 ხმა); სახალხო პარტიას _ 74 მანდატი (104 060 ხმა); ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირს _ 49 მანდატი (76 093 ხმა); ბლოკი "საქართველო"_ მერაბ კოსტავას საზოგადოება"9 მანდატს (25 128 ხმა) დასჯერდა; ამდენივე მანდატი ერგო პ/გ "სპორტულ საქართველოს" (23 199 ხმა);
სრულიად საქართველოს პოლიტიკური ორგანიზაცია "ლემი"_ 25 მანდატი (20 185 ხმა);. ბლოკი "ეროვნული თანხმობა"_ 13 მანდატი (17 708 ხმა); საქართველოს მწვანეთა პარტია _ 3 მანდატი (15 700 ხმა); საქართველოს თავისუფლების პარტიას 5744 ამომრჩეველმა მისცა ხმა, თუმცა, მანდატი არ რგებია.
1998 წლიდან დღემდე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნები ხუთჯერ გაიმართა.
ბოლო არჩევნები გასული წლის ზაფხულში ჩატარდა, რომელსაც წინ საკმაოდ დიდი საარჩევნო კამპანია უძღოდა.
არჩევნები საქართველოს მუნიციპალიტეტებსა და 12 თვითმმართველ ქალაქში გაიმართა. მერები და გამგებლები, პირდაპირი არჩევის წესით, 50%-იანი ბარიერით იქნენ არჩეულნი.
არჩევნებში 24 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა. საკმაოდ დაძაბული მარათონი ბევრ ქალაქში მეორე ტურით დასრულდა. როგორც ყოველთვის, იყო დაპირებები, ხალხმრავლობა პარტიების ოფისებთან და შეხვედრები მოსახლეობასთან, რომლებსაც ყველაზე მეტად სწორედ დაპირებები დაამახსოვრდათ.
დაპირება ერთია, შესრულება _ მეორე. არჩევნებში მონაწილე პარტიების ოფისების უმრავლესობა დღეს დაკეტილია, ზოგიერთს კი ოფისი საერთოდ აღარ აქვს.
პარტიული მუშაობა ოზურგეთში მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" და "გაერთიანებული დემოკრატების" ოფისში მიმდინარეობს _ ზოგან ერთი ადამიანი მუშაობს, ზოგან _ რამდენიმე.
ჩოხატაურში მხოლოდ ორი პარტიის _ "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი ვიპოვეთ. მმართველი პარტიის რაიონული ორგანიზაციის კარი საგულდაგულოდ დაკეტილი დაგვხვდა, "ნაციონალურ მოძრაობის" ოფისში კი მხოლოდ მდივანი მუშაობდა.
როგორც ჩვენი გამოკითხვიდან ირკვევა, ამომრჩეველი პარტიების ოფისებს არ აკითხავს.
გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა დასძენს, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის ისინი მხოლოდ არჩევნების დროს არიან მნიშვნელოვანი და პოლიტიკური ოცნებების ასრულების შემდეგ ხალხი ყველას ავიწყდება.