ამერიკელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სატურნის რგოლები, პლანეტის მიერ თავისი თუ თანამგზავრების თანდათანობით შთანთქმის გზით წარმოიშვა.
ყველაზე მეტი შეკითხვა სწავლულებს რგოლების შემადგენლობის შესახებ გაუჩნდათ, ვინაიდან მათი შემადგენლობის 90 პროცენტი წყლის ყინულია. თავიდან, რგოლების თანამგზავრებიდან წარმოშობის ვერსია უარყვეს, იმ მოტივით, რომ თუკი ისინი სატურნის გრავიტაციულმა მოქმედებამ დაშალა, რგოლების ნივთიერების მხოლოდ 50 პროცენტი უნდა ყოფილიყო წყალი, დანარჩენი 50 – კი მინერალები.
ახალი თეორიის ავტორის, რობინ კანუპის მოდელის თანახმად, სატურნი თანმიმდევრობით ნთქავდა თავის თანამგზავრებს, რომლებიც მილიარდი წლების წინათ მის გარშემო ბრუნავდნენ. სწავლულმა დათვალა, რომ პლანეტის ფორმირების შემდეგ, რომელიც 4,5 მილიარდი წლის წინათ მოხდა, მის ირგვლივ ერთდროულად რამდენიმე მსხვილი თანამგზავრი იყო, თითოეული მთვარეზე ერთ-ნახევარჯერ დიდი. გრავიტაციული მოქმედების გამო, თანამგზავრები თანდათანობით „ეცემოდნენ“ სატურნზე.
საბოლოოდ, თავდაპირველი თანამგზავრებიდან მხოლოდ ტიტანი დარჩა. საკუთარი ორბიტებიდან გამოსვლისა და სპირალურ ტრაექტორიაში შესვლის დროს, ეს თანამგზავრები იმსხვრეოდა. ამ დროს კოსმოსში რჩებოდა ციური სხეულის მსუბუქი ყინული, ხოლო მძიმე მინერალური კომპონენტები შთაინთქმებოდა პლანეტის მიერ.
შემდგომში ყინული ჩაიჭირებოდა სატურნის შემდეგი თანამგზავრის გრავიტაციის მიერ და ციკლი ხელახლა მეორდებოდა. როდესაც სატურნის მიერ თავისი ბოლო თანამგზავრის ჩაჭერა მოხდა, პლანეტის ირგვლივ ყინულის „ღრუბელი“ წარმოიშვა.
ამ „ღრუბლის“ ფრაგმენტები სხვადასხვა დიამეტრისა იყო 1-დან 50 კილომეტრამდე. ეს გახდა სატურნის პირველი რგოლი, რომელიც მასით რგოლების თანამედროვე სისტემას ათასჯერ აღემატებოდა. შემდეგ კი, თანდათანობით მიმდინარეობდა „ღრუბლის“ ნგრევა, ვინაიდან ყინულის ლოდები ეჯახებოდა ერთმანეთს და იშლებოდა. ახლა ისინი სეტყვის ტოლია. ნივთიერების დიდი ნაწილი შთანთქა პლანეტამ, ანდა დაიკარგა ასტეროიდებთან და კომეტებთან ურთიერთქმედების გამო.