"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაცია განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაცია მიესალმება განათლების სფეროს ადგილობრივი ხელმძღვანელობის სურვილს სკოლებში არსებული სიტუაციის გაჯანსაღების მიზნით და ხელს შეუწყობს ამ მხრივ განხორციელებულ ნებისმიერ ძალისხმევას. ამასთანავე ვაცხადებთ, რომ ჩვენი ორგანიზაციის სამართლებრივი და ეკონომიკური ჯგუფები ახორციელებენ მთელ რიგ სამუშაოებს, რომელთა მიზანია ამ და სხვა სფეროში არსებული სიტუაციის შესწავლა და სამართლებრივ/ეკონომიკური ანალიზი. გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს სასკოლო და სკოლამდელი დაწესებულებების უძრავ-მოძრავი ქონების განკარგვა.
საჯარო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გვინდა ყველა დაინტერესებულ პირს განსჯისა და რეაგირებისათვის მივაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
2008 წლის 08 ოქტომბერს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს ოზურგეთის განყოფილებამ სახელმწიფო საკუთრებაში დაარეგისტრირა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის შენობა-ნაგებობები. რომელიც შემდგომში გადაეცა ამავე სკოლას უვადო სარგებლობაში, მთლიანობაში სკოლისათვის გადაცემული მიწის ფართობი შეადგენს 17695 კვადრატულ მეტრს.
ზემოხსენებულ ინფორმაციაში თითქოს საგანგაშო არაფერია, თუ არ გავითვლისწინებთ იმას, რომ ისტორიული მნიშვნელობის სკოლის ეზოში ხსენებული რეგისტრაციის შედეგად ვერ მოხვდა დაახლოებით 2800 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი. საზოგადოებას მეტი ინფორმირებულობისათვის გაცნობებთ, რომ ეს გახლავთ ის ნაწილი რომელზეც განთავსებულია სკოლის ე.წ. "ნაძვნარი".
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაცია აცხადებს, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს ტერიტორია სკოლის ეზოში ვერ მოხვდა რადგანაც მის მიმართ არსებობს გარკვეულ პირების დაინტერესება. ხსენებული განცხადების საფუძველს გვაძლევს ის გარემოება, რომ ეს ნაკვეთი დღეის მდგომარეობით გახლავთ მისი გასხვისების სასტარტო მდგომარეობაში და ნებისმიერ დროს შესაძლებელია მისი რეალიზაციის მიზნით ქალაქის შესაბამისმა სამსახურმა ან ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყოს საქმის წარმოება, რომლის დასაწყებადაც საკმარისი იქნება ნებისმიერი პირის ამ ნაკვეთით დაინტერესება.
მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია #1 საჯარო სკოლის ისტრიული ეზოს გასხვისება, რადგანაც მისი ისტორიული ღირებულების გარდა ეს ნაკვეთი იძლევა ხსენებული სასწავლო დაწესებულების შემდგომი განვითარების საშუალებას.
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაცია მიმართავს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოთხოვნით – დარეგისტრირდეს კანონით დადგენილი წესით მთლიანობაში ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის ეზო და იგი ასევე მთლიანობაში გადაეცეს #1 საჯარო სკოლას უვადო სარგებლობაში, რათა დაცული იყოს სკოლის ეზო გასხვისებისაგან.
შესაბამისად ყოველგვარი პირადი ან პარტიული ინტერესების გარეშე ვაცხადებ, სახელმწიფო ქონების მართვისა და განათლების სფერო რეგულირების ადგილობრივმა და ცენტრალურმა ორგანოებმა, ასევე რომ 2008 წლის მდგომარეობით ამავე ორგანოების შესაბამისმა თანამდებობის პირებმა პასუხი გასცენ შემდეგ კითხვებს:
რატომ და ვისი მიზეზით არ მოხვდა სკოლის ეზოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი რეგისტრირებულ მონაცემებში?
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაცია მიმართავს თხოვნით ოზურგეთის საზოგადოების წარმომადგენლებს დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ზემოხსენებულ გარემოებასთან მიმართებაში, რადგანაც გვაინტერესებს თქვენი პოზიცია #1 სკოლის ისტორიული ეზოს მნიშვნელოვანი ნაწილის ბედის გაუკვევლობასთან მიმართებაში და ასევე ეთანხმებით თუ არა სამომავლო პერსპექტივაში იგივე გასხვისდეს კერძო პირებზე.
ასევე გაცნობებთ, რომ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის შესაბამისი ჯგუფები მოსახლეობის ინტერესების დაცვის მიზნით ახორციელებს სხვადასხვა სახის სამუშაოებს. საზოგადოების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენთვის ცნობილი იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც ხელყოფენ პირადად თქვენს ან საზოგადოებრივ ინტერესებს.
ცნობისათვის: ოზურგეთის №1 საჯარო სკოლა ერთერთი უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, პირველი სასწავლებელი ამავე ადგილზე განთავსებული იყო 1939 წლიდან. აქვე ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელი ოფიციალურად გაიხსნა 1850 წლის 21 თებერვალს. სასაწავლებლის კურსი სხვადასხვა დროს გავლილი აქვს გურიის თითქმის ყველა თვალსაჩინო მოღვაწეს, მათ შორის: ეგნატე ნინოშვილს, ექვთიმე თაყაიშვილს, ფილიმონ ქორიძეს, მოსე გოგიბერიძე, ნოე ჟორდანიას, ნიკო მარს, აკაკი ბაქრაძეს, იონა ტუსკიას და სხვა საზოგადო მოღვაწეებს.
ინფორმაცია ვრცელდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (napr.gov.ge) არსებული მონაცემებზე დაყრდნობით“, _ აღნიშნულია განცხადებაში.