შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამინისტროს სამი თანამშრომელი პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის – ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N5 სამმართველოს N7 სექტორის სპეციალისტი (მესაზღვრე) შ.ლ, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პირველი სახაზო-საპატრულო განყოფილების პატრულ-ინსპექტორი – გ.დ. და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი რ.ო. დააკავეს.
გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამივე მათგანი საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ.
აღნიშნულის საფუძველზე, ისინი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.