მზად ხართ საშიშ მოგზაურობაში, შორეულ უსიცოცხლო პლანეტაზე გასამგზავრებლად ისე, რომ ოჯახი, ახლობლები, მეგობრები და საერთოდ, დედამიწა დატოვოთ და 225 მილიონი კილომეტრის დაშორებით აღსასრული ჰპოვოთ პლანეტაზე, რომელსაც ოდესღაც ჩვენ სახლად მივიჩნევდით?
უჩვეულო კი ისაა, რომ ასეთი ნაბიჯისთვის ადამიანები მზად არიან. ფაქტია, 200 ათასზე მეტი თავზეხელაღებული მზადაა ერთი მიმართულების ბილეთისთვის (One Way Ticket) ყველაფერ მიწიერზე უარი თქვას (განაცხადების მიღება 2013 წლის აპრილში დაიწყო) და უკან მოუხედავად მარსის კოლონიზაციას ჩაუყაროს საფუძველი.
ჰოლანდიაში ბაზირებულმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ – Mars One, რომელიც სახსრების მოძიებას, პლანეტათაშორის ხომალდების აგებას და 2025 წლისთვის წითელი პლანეტის კოლონიზაციისთვის ოთხი პიონერის გამგზავრებას გეგმავს, მსურველთა რიცხვი ერთგვარი გამოხშირვის მეთოდით 1000-მდე, შემდეგ 660-მდე, დღეს კი ასამდე დაიყვანა.
და მაინც, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომელსაც მარსზე სამუდამოდ გამგზავრება და იქ მუდმივმოქმედი კოლონიის შექმნა სურს? მოთხოვნები მეტად მკაცრია და შესაძლოა იმ პირობებზე მკაცრიც, რა პირობებშიც მოუწევთ თანაარსებობა მარსის პირველ კოლონისტებს.
”შესაფერის კანდიდატს ყოველივე მთელი გულით და სულით უნდა უნდოდეს, – ერთგვარ მოთხოვნებს განმარტავს პროგრამა Mars One-ის მედიცინის დოქტორი ნორბერტ კრაფტი. – მარსიანელ კოლონისტს საკუთარი საქმიანობა, როგორც სამხედრო რეპორტიორს, მოწოდებად უნდა მიაჩნდეს”.
პირველი ეტაპი. ფიზიკური ფორმა
ათწლიანი პროგრამის პირველი ეტაპი Mars One-ის ასტრონავტთა მომზადებაში და ჯანმრთელობის კრიტერიუმების შესაბამისად შერჩევაშია. კანდიდატთა ერთგვარი გადარჩევა ხდება იმის მიხედვით რომლის ფიზიკური ფორმაც არ იძლევა ხანგრძლივი ფრენის (დაახლოებით შვიდი თვე) გადატანის საშუალებას. მათ შორის არიან ქრონიკული დიაბეტიკები, ასთმიანები, გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანები.
”პირველი კოლონისტების შერჩევას მეტად მკაცრად ვუდგებით, – განმარტავს კრაფტი. – მოგვიანებით, როდესაც მარსზე ვთქვათ, 600 კოლონისტი გვეყოლება და სამედიცონო მომსახურების ხელმისაწვდომობა გაიზრდება, თამასას დავწევთ”.
კრაფტის თქმით, პირველი ეტაპის შედეგები ჭკუის სასწავლებლად გამოდგება: ”ასტროვანტობის ბევრმა კანდიდატმა აღმოაჩინა, რომ კიბოთი იყო დაავადებული ან სხვა სამედიცინო მაჩვენებლით ოპერაციას საჭიროებდა”.
აქვე აღვნიშნოთ, რომ მარსზე გადასახლების მსურველთა ასაკი შეუზღუდავი იყო. ნებისმიერი ასაკის კანდიდატს შეეძლო ანკეტის შევსება. ეგაა, დღევანდელი მონაცემებით, იმავე გამოხშირვით მათი რაოდენობა ასამდეა შემცირებული და ორადაა გაყოფილი: 50 ქალი და ამდენივე კაცი, რომელთა ასაკიც 19-დან 60 წლამდე მერყეობს, აქედან 39 მათგანი ამერიკის კონტინენტიდანაა, 31 ევროპიდან, 16 აზიიდან, 7 აფრიკიდან და 7 ავსტრალიიდან.
მეორე ეტაპი. ცოდნა
შემდეგი ეტაპი დარჩენილ კანდიდატებთან ტრადიციულ გასაუბრებაში მდგომარეობდა (ეს მაშინ, როდესაც მარსზე გადაბარგების მსურველთა რიცხვი 660-მდე დაიყვანეს. რედ.).
საგულისხმოა ისიც, რომ განაცხადის შევსებისას კანდიდატებისგან არ მოითხოვდნენ უმაღლეს განათლებას თუ რომელიმე კონკრეტულ უნარ-ჩვევებს. თითოეულ მათგანს მხოლოდ ის მოეთხოვებოდა, რომ მარსზე და ექსპედიციაზე უნდა ჰქონოდა ცოდნა, ასევე გაცნობიერებული უნდა ჰქონოდათ ისიც თუ რაზე მიდიოდნენ.
”ამ ეტაპზე გამოვრიცხავდით მათ, რომლებსაც არ შეეძლოთ იმის ახსნა თუ რატომ უნდა გაფრინდნენ მარსზე, – განმარტავს ნორბერტ კრაფტი, რომელსაც უშუალოდ ევალება ასტრონავტთა შერჩევა. – მინდა მათგან მოვისმინო რატომ არიან ისინი ეკიპაჟის შეუცვლელი წევრები, რომლებიც წარმატებით გადაიტანენ ფრენას”.
მესამე ეტაპი. გამოცდა ჯგუფში
პლანეტათაშორის ექსპედიციაში მარტოსულ გმირებს არაფერი ესაქმებათ – მარსზე წარმატებული ფრენისთვის ისეთი ადამიანებია საჭირო, რომლებიც ერთად შეძლებენ მშვიდად და საიმედოდ მუშაობას მაშინაც კი, როდესაც სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებში ყოფნა მოუწევთ. უდავოა, მათ იქ ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევის დრო არ ექნებათ და დედამიწიდან დახმარების იმედიც არ უნდა ჰქონდეთ.
”სიგნალი 40 წუთის დაყოვნებით გადაიცემა (დედამიწასა და მარს შორის ორივე მხარეს მაქსიმალური დაშორებისას). აქედან გამომდინარე ეკიპაჟს ხშირ შემთხვევაში მართვის ცენტრიდან მინიშნებების გარეშე დამოუკიდებლად მოქმედება მოუწევს”, – დასძენს კრაფტი.
ეკიპაჟების ჩამოსაყალიბებლად უპირველესი მოთხოვნა გუნდურობაა. ამავე მიზეზით ეკიპაჟები დაიყოფა ორივე სქესის, განსხვავებული ფსიქოტიპებისა და უნარ-ჩვევების მქონე წარმომადგენლებისგან. იდეალური ფიზიკური მონაცემებისა თუ უნარ-ჩვევების მქონე ასტრონავტსაც კი თუ გუნდურად მუშაობა არ შეეძლება, პროგრამიდან გამოთიშვა მოუწევს.
მეოთხე ეტაპი. იზოლაცია
მომავალ ასტრონავტებს დაკვირვების მიზნით რამდენიმე კვირით კოსმოსური ხომალდის სიმულატორში გამოკეტავენ, რათა დახურულ სივრცეში გამოავლინონ რამდენად ეფექტურად მოქმედებას შეძლებენ.
ასევე დახურულ სივრცეში კანდიდატებზე დაკვირვების მიზნით მათ ერთგვარი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ მარსიანული ბაზის სიმულატორშიც. კრაფტის თქმით, სწორედ ასეთ ექსპერიმენტებში ვლინდება ადამიანის ჭეშმარიტი ხასიათი. ხოლო ის კანდიდატები, რომლებიც ამ წინაღობასაც გადალახავენ, 10-წლიანი ინტენსიური მზადება ელით.
აქ საუბარია მათში შესაბამისი ცოდნის გაღრმავებაზე, მათ შორის უნარ-ჩვევების ამაღლებაზე, რომელიც მარსზე იზოლირებული ცხოვრებისთვისაა გათვალისწინებული. დაწყებული კოსმოსური ხომალდის მართვით, დამთავრებული მწყობრიდან გამოსული ტუალეტის შეკეთებით.
მაშინაც კი თუ მარსის ასათვისებლად მიმართული Mars One-ის პროექტი ბოლომდე არ განხორციელდა, შერჩევის პროცესში მიღებული მონაცემებით კოსმოსური სააგენტოები ძვირფას საგანძურს მიიღებენ.
და კიდევ, თუ კომპანია კოსმოსური ხომალდის ასაგებად, მის გამოსაცდელად და საერთოდ პროგრამის განსახორციელებლად საჭირო თანხებს მოიძიებს (ორგანიზატორები პროექტს 6 მილიარდ დოლარად აფასებენ. რედ.), მაინც არაა იმის გარანტია, რომ კანდიდატებიდან ვინმე შეირჩეს ექსპედიციისთვის.
”მათ იციან, რომ მხოლოდ მაშინ შეუძლიათ ეკიპაჟის წევრები გახდნენ, როდესაც რაკეტაში კუთვნილ ადგილს დაიკავებენ. ასტრონავტები იმ შემთხვევაში გახდებიან, თუ კი მართლაც გაფრინდებიან მარსზე”, – აცხადებს კრაფტი.
და ბოლოს, 100 კანდიდატიდან შეირჩევა საბოლოო 24-კაციანი გუნდი, რომლებიც შემდგომ ექვს, ასე ვთქვათ ოთხ ქვეჯგუფში გადანაწილდებიან და რომლებსაც მარსზე მისიებისთვის მოამზადებენ. ჩანაფიქრის თანახმად, რჩეულ ასტრონავტთა ოთხეულებს ორ წელიწადში ერთხელ წითელი პლანეტისკენ მიავლენენ.
და კიდევ, დღესდღეობით არანაირი გეგმა არ არსებობს მარსის კოლონისტთა უკან დასაბრუნებლად.
წყარო: 24saati.ge