იტალიის ქალაქ ფლორენციაში, დღეიდან 21 ივნისის ჩათვლით, გამოფენა გაიმართება, სადაც მსოფლიოს უნიკალურ ექსპონატებთან ერთად ქართული ექსპონატი, ვანში აღმოჩენილი "ჭაბუკის ტორსიც" გამოიფინა.
გამოფენაზე, რომლის სახელწოდება "ელინისტური სამყაროს ბრინჯაოა" წარმოდგენილია მსოფლიო შედევრებად აღიარებული სკულპტურები ისეთი მუზეუმებიდან როგორიცაა: მეტროპილიტენ მუზეუმი, ბრიტანეთის მუზეუმი, უფიცის გალერეა, ნეაპოლის, ათენის, ლუვრის, პარიზის, ვატიკანისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
გამოფენაზე ხმელთაშუა და შავიზღვისპირა ქვეყნებში ძველი წელათაღრიცხვით მე-4 და ახალი წელთაღრიცხვის 1 საუკუნეებში აღმოჩენილი და შექმნილი ბრინჯაოს ქანდაკებებია წარმოდგენილი.
ელინისტური ხელოვნების შედევრები სტროცის სასახლეში 14 მარტიდან 21 ივნისამდე დაჰყოფს.
ცნობისთვის, ვანში აღმოჩენილი, ბრინჯაოს ჭაბუკის ფიგურა, რომელიც გამოფენისთვის საქართველოდან გაიტანეს, ძვ. წთ. აღ.-ის მეორე საუკუნითაა დათარიღებული. მისი სიმაღლე 105 სმ-ია.
პირველი ცნობა ვანის სიძველეების შესახებ 1840-იანი წლებიდან ჩნდება. პირველი სამეცნიერო გათხრები 1896 წელს აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა. სისტემატური გათხრები კი, 1947 წლიდან დაიწყო. მისი პირველი ხელმძღვანელი ნინო ხოშტარია იყო. 1966 წლიდან 2002 წლამდე ექსპედიციას სათავეში ედგა აკადემიკოსი ოთარ ლორთქიფანიძე, სწორედ მან განსაზღვრა "ჭაბუკის ტორსი", როგორც ელინისტური ეპოქის ე.წ. კლასიცისტური ხელოვნების შესანიშნავი ნიმუში.
როგორც "გურია ნიუსს" საქართველოს ეროვნული მუზეუმის პრესსამსახურში განუცხადეს, ექსპონატს მუზეუმის რესტავრაცია-კონსერვაციის ცენტრის ხელმძღვანელი თან ახლავს.
"მისი ტრანსპონტირებასა და შემდგომ პროცესს განსაკუთრებული ყურადღებით ვადევნებთ თვალს გამოფენის დასრულებამდე. "ჭაბუკის ტორსი“ საქართველოში გამოფენის დასრულების შემდეგ დაბრუნდება", _ აცხადებენ ეროვნულ მუზეუმში.