საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუხილველი დატოვა ადმინისტრაციული საჩივარი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ, რომლითაც მოთხოვნილ იქნა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2007 წლის 6 ივნისის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს ქალაქ ბათუმში, ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძის კუთვნილი ბინა გადაეცა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ანა კიკნაძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები გააჩნდა, თუმცა სადაო საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრეზიდენტს შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი პოზიცია არ აღმოაჩნდა, რომლითაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ განკარგულების რომელიმე დებულება შეფასდებოდა. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მხარეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ მიღებული განკარგულების გასაჩივრება სასამართლო წესით მიუთითა და 2015 წლის 18 მარტის საპასუხო წერილში აღნიშნა, რომ „ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა სცილდება მისი კომპეტენციის ფარგლებს“.
ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიუთითა, რომ „უდავოა, რომ პრეზიდენტი არ არის უფლებამოსილი სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ან პრივატიზაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების საკითხზე მიიღოს გადაწყვეტილება“.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლობით, როლანდ ბლადაძის კანონიერი ინტერესების დამცველებმა, საქართველოს პერზიდენტს ადმინისტრაციული საჩივრით 2015 წლის 4 მარტს მიმართეს. მოთხოვნილ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 ივნისის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ განკარგულების 1-ლი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობა, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს როლანდ ბლადაძის კუთვნილი ქონება, ქ. ბათუმში გადაეცა. საქმეზე, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ განხორციელებულმა ობიექტურმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ როლანდ ბლადაძის მიმართ, 2004 წლის აგვისტოში, სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ბრალდებით, აღძრული სისხლის სამართლის საქმე და ქონების ჯერ უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა, შემდეგ კი ჩამორთმევა, იყო უსაფუძვლო და ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებებით გამყარებული. როლანდ ბლადაძე, ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისთვის სამართლებრივ დავას 2013 წლის 12 აპრილიდან განაგრძობს, რა დროსაც, აჭარის ა/რ პროკურატურამ მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში, უდანაშაულოდ სცნო. როლანდ ბლადაძე იმ პირთა შორის აღმოჩნდა, ვისაც ქონება ნების საწინააღმდეგოდ, 2004 წელს წაართვეს.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პრეზიდენტს ქონებჩამორთმეულთა საქმეებზე სარეკომენდაციო წინადადებით, 2014 წლის ოქტომბერში მიმართა:
• პოლიტიკური შეფასება მისცემოდა 2004-2012 წლების მმართველობის პერიოდში, მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ ქმედებას ქონების დათმობასთან დაკავშირებით და უზრუნველყო შესაბამისი სამართლებრივი სივრცის გაჩენა, რომელიც მიმართული იქნებოდა საქმეებზე სამართლიანი გადაწყვეტილებებებისკენ, ყოფილი და მოქმედი კეთილსინდისიერი მესაკუთრეების უფლებებისა და ინტერესების დაცვისკენ;
• პრეზიდენტს სადაოდ მიჩნეულ ქონებებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, გამოეცხადებინა მორატორიუმი, რითაც უკანონოდ შეძენილი ქონების მფლობელთა მხრიდან შეჩერდებოდა მათი გასხვისების პროცესი;
• პრეზიდენტს პოლიტიკური შეფასება მიეცა წინამორბედის მიერ 2007 წლის 6 ივნისის მიღებულ #285 განკარგულებისთვის, რომლის მიხედვითაც, ძალაში შევიდა გადაწყვეტილება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაციის შესახებ“ და აჭარის ყოფილი მთავრობის წევრებსა და აჭარის ყოფილ მეთაურთან დაახლოებულ პირებს ჩამოერთვათ საკუთრება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმესთან დაკავშირებით, სამართალწარმოებას საერთო სასამართლოებში გააგრძელებს.