ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მერია-კონჭკათის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებსაც ასრულებენ შპს "პირამიდა ფ.რ.”-ს ფილიალი, შპს "მშენებელი 2015" და შპს "საბეკო".
ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 1 555 541 ლარს და გათვალისწინებულია მერია-კონჭკათის დამაკავშირებელი გზის კაპიტალური შეკეთება.
სამუშაოები დაიწყო მარტის ბოლოს და უნდა დასრულდეს ა. წ. 7 ნოემბერს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს 3,2 კმ სიგრძის გზის მოასფალტებას, ასევე 1.5 კმ სიგრძის გზის მოხრეშვას.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ხელოვნური ნაგებობებისა (მილხიდების, გაბიონის კედლები) და გრუნტის კიუვეტების მოწყობას.
ამ პერიოდისათვის პრაქტიკულად დამთავრებულია მოხრეშვითი და ხელოვნური ნაგებობების სამუშაოთა მოცულობების 80%.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ამ სამუშოებზე დასაქმებულია 25 ადგილობრივი მცხოვრები, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით მუშაობენ და დროულად იღებენ ხელფასს.
ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, სამუშაოები მიმდინარეობს სწრაფი ტემპით და, რაც მთავარია, საფუძვლიანად და ხარისხიანად; მუშაობს ყველა საჭირო თანამედროვე ტექნიკა.
მოსე ღლონტი, ადგილობრივი მცხოვრები: "დიდებულად ასრულებენ სამუშაოებს. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ პროექტში რაღაც შეიძლება არ იყოს გათვალისწინებული და არის ადგილობრივი მაცხოვრებლების მოთხოვნას და მოსაზრება, მშენებლები შეძლებისდაგვარად ასრულებენ ჩვენს თხოვნას."
სამშენებლო კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, მათ საქმიანობას ზედამხედველობას უწევს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და მისი ინფრასტრუქტურის სამსახური. მათივე თქმით, მუნიციპალიტეტის ყველა კომპეტენტური პირი _ გამგებელი ბატონი მერაბ ჭანუყვაძე, გამგებლის მოადგილეები, სამსახურების უფროსები, ტექნიკური ზედამხედველები მხარში უდგანან, მხარს უჭერენ და დროულად უწევენ საჭირო დახმარებას. მშენებლობის მიმდინარეობას ასევე გაეცნო გურიის ახალი გუბერნატორი ბატონი გია სალუქვაძე.
კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ისინი დაკისრებულ ვალდებულებას ხარისხიანად და ვადაზე ადრე დაასრულებენ, რაც ხელს შეუწყობს სოფელ მერიისა და სოფელ კონჭკათის მოსახლეობას ყოფითი და სხვა პრობლემების მოგვარებას.
(R)