პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "ნარკოტიკის მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ მიერ წარმოდგენილი პეტიცია განიხილეს, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში დაგეგმილ ცვლილებებს ეხება.
მომხსენებლის, კონსტანტინე ლაბარტყავას განცხადებით, მისასალმებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ნარკოკანონმდებლობის ცვლილებების მიმართულებით ნაბიჯებს დგამს, თუმცა, მისივე თქმით, ინიცირებული კანონპროექტის ფარგლებში, უცვლელი რჩება ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარებისთვის დაწესებული სასჯელი.
"სახელმწიფო ახორციელებს თანმიმდევრულ და ეფექტურ ნარკოპოლიტიკას, რაც დადებითად იქნა შეფასებული ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მხოლოდ სადამსჯელო და რეპრესიული იყოს კანონმდებლობა, ამ კუთხითაც, ვფიქრობ, უკვე გადაიდგა ნაბიჯები.
სისხლის სამართლის 260-ე მუხლში წარმოდგენილი ცვლილების პროექტით იმიჯნება ერთმანეთისგან ნარკოდანაშაული ანუ მოხმარება-გადაზიდვა, წარმოება-გადაგზავნა.
რა თქმა უნდა, ამ ნაწილში, შეიძლება, მსჯელობის საგანი იყოს, რომ მომხმარებლის შემთხვევაში სასჯელის ვადა იყოს განსხვავებული, ვიდრე შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით 6 წლიანი სასჯელი.
იმისთვის, რომ ჩვენ მივიდეთ დეკრიმინალიზაციამდე, ამას სჭირდება საზოგადოებრივი აზრის მომზადება, ვგულისხმობ იმას, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია მსუბუქი ნარკოტიკების მომხმარებელს, რომელიც ხშირად, მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაზე გადადიას.
მე პერსპექტივაში ვხედავ ნარკოპოლიტიკის შემდგომ ნაბიჯებს, მაგრამ ამისთვის დრო კარგად და სწორად უნდა იქნას შერჩეული“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, პეტიცია შინაგან საქმეთა, იუსტიციის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებში გადაიგზავნება.