სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2014 წლის ანგარიში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ გოგელიამ წარუდგინა.
მომხსენებლის განცხადებით, 2014-2015 წლებში, ჩატარდა სოციოლოგიური კვლევა, რომელიც მიზნად საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების დადგენას და მაუწყებლის მუშაობის გაუმჯობესების გზების იდენტიფიცირებას ისახავდა მიზნად.
როგორც გრიგოლ გოგელიამ აღნიშნა, კვლევამ გამოავლინა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების დაკვეთას ვერ ამართლებს.
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ დეპუტატებს საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ ის პრობლემებიც გააცნო, რომლებიც ფინანსებს, საკადრო პოლიტიკას და მაუწყებლის სტრატეგიას ეხება.
მისი განცხადებით, მაუწყებელს განვითარების ერთიანი სტრატეგია არ გააჩნია და ახლა მთავარ პრიორიტეტად სწორედ ასეთი სტრატეგიის შემუშავება რჩება.
მისივე ინფორმაციით, მაუწყებლობის გარდაქმნის სტრატეგიის პროექტი დამუშავებულია და მასში აცენტები კროსჟანრულ და მულტიმედიურ მაუწყებლობაზეა გაკეთებული, ასევე, ყურადღება ეთმობა ინტერნეტმაუწყებლობას, ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსების განვითარებას.
გოგელიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და სამომავლო პროგრამული პრიორიტეტების, დამოუკიდებელი პროგრამებისა და მათი მწარმოებლების შესახებ ისაუბრა.
წარმოდგენილი ანგარიში, ასევე, საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედგენის, საჯარო განხილვების შინაარსის, მოქალაქეთა წინადადებების, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე საწარმოების, საზოგადოებრივი მაუწყებლობის მომავალი ბიუჯეტის, საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაციას და შიდა და გარე აუდიტების დასკვნებს მოიცავს.