ა(ა)იპ-ებში თანამშრომელთა დანიშვნა და ზოგიერთი მათგანის პროფესიონალიზმი საზოგადოების ნაწილში ეჭვს იწვევს. მათი აზრით, სამსახურებში თანამშრომლებს უშუალოდ გამგეობა ნიშნავს და დირექტორები მხოლოდ ფურცელზეა.
ისინი ხელისუფლების მხრიდან სწორედ ამგვარი მიდგომით ხსნიან მაჩხვარეთის საბავშვო ბაგა-ბაღში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, სადაც თანამშრომლებს შორის მომხდარი კონფლიქტის გამო ჯერ უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს, შემდეგ კი თანამდებობა დაატოვებინეს ბაგა-ბაღის ხელმძღვანელს დალი მუსერიძეს. ოფიციალური ინფორმაციით, საკითხზე ადმინისტრაციულმა საბჭომ იმსჯელა და მიზანშეწონილად ჩათვალა, კონფლიქტში მონაწილე პირებთან ერთად სამსახურიდან ქალბატონი დალიც გაეთავისუფლებინა. თუმცა საზოგადოების საკამოდ დიდი ნაწილი, მიიჩნევს, რომ დალი მუსერიძე სამსახურიდან უშუალოდ გამგეობიდან მიღებული დავალებით გაუშვეს.
დეპუტატი დარეჯან ბურჭულაძე ამ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას რიგითი მოქალაქის პოზიციიდან აფიქსირებს და ინტერესდება, თუ ვინ იღებს მონაწილეობას ამ მართლაც სპეციფიურ სფეროში – კადრების შერჩევაში.
"რაც მაჩხარეთის ბაღში მოხდა, ამაზე სავარაუდოდ სამართლებლივ შეფასებას პროკურატურა დადებს, მაგრამ მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მაქვს ჩემი კონკრეტული შენიშვნა: ვინ არჩევს კადრებს ბაღებში დასასაქმებლად?! ვფიქრობ, ეს იყო დადგმული პროვოკაცია და მას პროფესიონალი კადრი შეეწირა. ძალიან კარგადაა ჩემთვის ცნობილი საზოგადოებრივი აზრი დალი მუსერიძის მიმართ. ამ ადამიანს აქამდე ერთი საყვედურიც არ დაუმსახურებია და უცებ თანამდებობა დაატოვებინეს, რა ხდება?!"- ამბობს ბურჭულაძე.
დარეჯან ბურჭულაძის მსგავსად, ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ნონა მურვანიძეც თვლის რომ, ის რაც მაჩხვარეთში მოხდა გარედან ჩარევის შედეგია: "სამწუხაროდ, ა(ა) იპ-ებში მხოლოდ ფურცელზეა დირექტორები. თავი უნდა დავანებოთ გამგეობიდან კადრების დანიშვნას. სწორედ ამან გამოიწვია, ის რაც მაჩხვარეთში მოხდა. ქალბატონი დალი ხასიათდება, როგორც საკუთარი საქმის პროფესიონალი და ზოგადად დადებითი პიროვნება. მშობლები და თანამშრომლები წერილობითი განცხადებით ითხოვენ მის სამსახურში დაბრუნებას. ჩემი აზრით, ის აუცილებლად უნდა აღადგინონ პირდაპირ ძველ პოსტზე".