მაია ნაკაიძე პროფესიით გეოგრაფია _ საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიური გეოგრაფიის სპეციალისტი. მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტი დაამთავრა, მოგზაურობისა და ყვავილების სიყვარულით სულდგმულობს და ერთი გამხელილი ოცნება აქვს _ ყველა ოჯახის კარმიდამოში, განსაკუთრებით, მშობლიურ გურიაში, "კანას" ფესტივალი ჩატარდეს, შემდეგ კი ერთ ყვავილების დიდ დღესასწაულზე გამარჯვებულის გამოვლენა მოხდეს, რომელიც საუცხოო ყვავილების ნერგებით თუ სათესლე მასალით დაჯილდოვდება.
რატომ მაინც და მაინც კანა? ეს ულამაზესი ყვავილი, რომლის არაერთი სახეობა ჩვენში ოდითგან ხარობს და უმეტესად ნოტიო ნიადაგი უყვარს, გაზაფხულიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე, თითქმის ხუთი თვის მანძილზე ყვავის და როგორც მაია ნაკაიძე ამბობს, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მიწაზე იდეალური განწყობის შემქმნელი ცისარტყელას ფერების ბუმია. ფოთლებიან-ყვავილებიანად ჭრელი და ნაირფერი კანას სახეობა მეგობრებმა შვედეთიდან გამოუგზავნეს. ადგილობრივი ჯიშები ადრეც ჰქონდა. ასე თანდათან შეავსო კანას ბაღი, რომელსაც სამოთხის სახესხვაობას უწოდებს.
_ ბუნებით ესთეტი ვარ, სილამაზის მოტრფიალე. თუ მთელი წლის მანძილზე ყვავილებს არ ვუცქერ, ჟანგბადი მაკლია, _ გვეუბნება ის და ოთახიდან იშვიათი სპათიუმი ("ქალთა ბედნიერება") გამოაქვს, რომელიც მისი ოთახის ყვავილების ჩამონათვალში ლიდერობს. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისეთ იშვიათ სახეობებს, რომლებიც ზამთარშიც ჰყვავის და გაზაფხულის მოსვლამდე ასულდგმულებს. ვარდს ყვავილთა სამყაროს უცვლელ ლიდერად მიიჩნევს, არაერთი სახეობაც აქვს, თუმცა, რაკი ყვავილობას ადრე ამთავრებს, ძირითად აქცენტს მათზე არ აკეთებს.
_ კანას უამრავი სახეობა არსებობს, თუმცა, გამორჩეულია ორიგინალური, ფოთლებიან-ყვავილებიანად ნაირფერი ჯიში, როცა ერთ საძირეზე ზოლებიანი მწვანე და იისფერი ფოთლების მქონე, რამდენიმე ფერის ყვავილს იკეთებს, გეგონება, რომ ერთ ორმოში რამდენიმე ჯიშის ბოლქვია ჩარგული. ეს არის ერთ-ერთი იშვიათი სახეობა, რომელიც თითქმის ხუთი თვის მანძილზე ყვავის და გარემოში საზეიმო განწყობას, თითქოს, იძულების წესითაც ამკვიდრებს, _ გვეუბნება ქალბატონი მაია და აღარც იცის, აყვავებული ბუჩქების რომელ ჯგუფს მოეფეროს…
მაია ნაკაიძე იხსენებს, რომ ერთმა ახლო მეგობარმა, მას "კანას" ფესტივალის ინიციატორი უწოდა. თუმცა, აქვს მხოლოდ იდეა, რომ კანას თუ სხვა ხანგრძლივი ყვავილობის პერიოდის მქონე მცენარეების ფესტივალი დამკვიდრდეს ჩვენში. ორგანიზატორი, ალბათ, მუნიციპალიტეტის კულტურის ან გარემოს დაცვის სამსახური უნდა იყოსო, _ ამბობს.
_ განა არ შეიძლება, "ყვავილების ქვეყანა" საკარმიდამოების შეჯიბრით გავახალისოთ? ამას არ სჭირდება დიდი თანხები და უსაზღვრო შრომა, რომელიც სხვა საქმეში ხელს შეგვიშლის… თითქოს, ყველას გვიყვარს ყვავილები, მაგრამ აბა, გადახედეთ, მოიარეთ ქვეყანა, რამდენ კარმიდამოს ნახავთ ყვავილების გარეშე, ან ცუდად მოვლილი ერთი-ორი ძირი ვარდით თუ პრასაყვავილათი "დამშვენებულს". ყვავილების ფესტივალმა უნდა გამოავლინოს სამოთხისებური სილამაზის მქონე კარმიდამო, ქუჩა, სკვერი, ქალაქისა თუ მუნიციპალიტეტის ცენტრი… მთავარია, ენთუზიაზმი გაჩნდეს, რაც მერე ძნელად ჩაცხრება, _ გატაცებით საუბრობს ყვავილების ტრფიალი და მოულოდნელად აგავისკენ გვახედებს, რომელიც ერთადერთი ყოფილა კაქტუსოვანებიდან, მისი ინტერესის საგანი რომ გამხდარა.
_ იცით, რატომ მიყვარს აგავა? რაღაც ძალიან ძლიერი და მიწიერია მასში. თითქოს, იმავე მიწასთან ჩემი "მიმაგრების ფუნქციას" ასრულებს, რომ უთვალავი ფერების ორომტრიალში და კიდევ ახალი სახეობების ძებნაში სადღაც მზისკენ არ "გავფრინდე," _ ასე გადმოგვცემს საკუთარი შინაგანი სამყაროს განწყობას ჩვენი მშვენიერი ქალბატონი და ძნელი დასაჯერებელია, რომ მან დღემდე ვერ იპოვა გულისსწორი _ პირად თემაზე მოკლედ და გულღიად საუბრობს: _ ჩემი პრინცი ჯერ არ გამოჩენილა. მგონია, რომ ამ ყვავილთა სამყაროში ვიღაცას ვეძებ თუ ვიღაც მეძებს. მთავარია, რომ ყოველთვის ვპოულობ სილამაზის ახალ გამოვლინებას, მაგალითად "ჟატიანი" გლადიოლუსი და წინწკლებიანი კანა გინახავთ? მე მაქვს, _ მოულოდნელად იცინის და თითქოს კმაყოფილია იმით, რომ მისგან სულ სხვა რაღაცის თქმას ელოდი და კვლავ ორიგინალურ ყვავილთა სამყაროში დაგაბრუნა. მიიჩნევს, რომ ამ სილამაზის შექმნით ჯერ საკუთარ "მეს" ჩუქნის მაცოცხლებელ ბედნიერებას, შემდეგ კი დაუნანებლად ემეტება მეგობრებისთვის. უყვარს ხელსაქმეც და ქარგვასთან მიმართებაშიც საკუთარი მიდგომა აქვს _ ძირითადად, მხოლოდ ყვავილები გადააქვს ტილოზე, უმეტესად ზამთარში, გრძელი ღამეების პერიოდში ქარგავს. მისი ოთახის კედლებს არაერთი ასეთი ნამუშევარი ამშვენებს და "კანას" ფესტივალზე მეოცნებეს, არც კალას მოქარგვაზე უთქვამს უარი, რომელსაც მალე დაასრულებს და შემდეგ "სპათიუმის" ტილოზე გადატანაზეც იზრუნებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ქალაქ ოზურგეთის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელები _ ნატალია ხომერიკი და მარინა ჯაფარიძე მიიჩნევენ, რომ "კანას" ფესტივალზე და, ზოგადად, ყვავილების ფესტივალზე მეოცნებე ქალბატონის ინიციატივა მხოლოდ მისასალმებელი და მისაღებია:
_ ერთი შეხედვით, თითქოს ყველას გვიყვარს ყვავილები. არც ერთ ქალბატონს ძალით არ უნდა სჭირდებოდეს ყვავილებისკენ ძალით მიბრუნება. "ყვავილების ფესტივალი" ჩვენს ყოფას, თითოეულ სოფელს, ქუჩას, სკვერს თუ მთლიანად ქალაქს და რეგიონს მეტ ესთეტიურ და გამორჩეულ ელფერს მიანიჭებს, რაც არასდროს არ იქნება მოჭარბებული და მოსაწყენი, ეს სადავო არ უნდა იყოს. ამასთანავე, ამ საქმის ორგანიზებას დიდი თანხები და კოლოსალური შრომა მართლაც არ დასჭირდება. ჩვენ უკვე გვაქვს, უფრო სწორად ამ ქალბატონმა გაგვიჩინა სურვილი, მომავალი გაზაფხული ყვავილების დღესასწაულის საწყისი ეტაპი გახდეს. პირობითად ვიტყვით _ ჩვენ ირგვლივ რომ გარემო სამოთხედ ვაქციოთ, ამისთვის დიდი შრომა და ნერვები ნაკლებად საჭიროა, სიყვარულით და ესთეტიკით ნასაზრდოები განწყობაა საჭირო, _ ამბობენ ისინი.