დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა შედგა. ყველაზე მეტი ინტერესით, დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხი: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ“ განიხილეს.
მას შემდეგ, რაც აღნიშნული კომისიის თავმჯდომარემ შოთა ართმელაძემ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა, დღის წესრიგში დადგა ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი.
კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად ფრაქცია " ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ " დავით ჭაკნელიძის კანდიდატურა (სოფელ შრომის მაჟორიტარი დეპუტატი) დაასახელა, რომელიც ფარული კენჭისყრით, 35 ხმით აირჩიეს.
" ვულოცავთ ბატონ დავითს ამ მართლაც საპასუხისმგებლო თანამდებობას. ეს არის საკრებულოს მხრიდან გამოცხადებული დიდი ნდობა, მჯერა, რომ კომისიის ახალი თავმჯდომარე სამაგალითო იქნება საქმეში და სრულად გაიაზრებს იმ მოვალეობებსა და ვალდებულებებს, რომელიც საკრებულომ დღეს დააკისრა, " – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.