უკრაინაში დემონსტრატებმა პარლამენტის შენობის შტურმით აღება სცადეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, პარლამენტის შენობასთან მოხდარი შეტაკების გამო 122 პოლიციელი დაიჭრა, მათგან 10 მძიმე მდგომარეობაშია. ოფიციალური ინფორმაციით, 1 ჯარისკაცი დაიღუპა.
შეტაკების გამო ასევე სამი ჟურნალისტია დაჭრილი, რომლებიც პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ.
როგორც ცნობილია, უკრაინელი დეპუტატები აღმოსავლეთ რეგიონისათვის უფრო მეტი ავტონომიის მინიჭების საკითხზე მსჯელობდნენ, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა პოლიციას ჯოხები დაუშინეს და ყუმბარები ააფეთქეს. სამართალდამცავებმა მათი შეჩერება ცრემლსადენი გაზით შეძლეს.
უკრაინაში პარლამენტის წინ აქცია გრძელდება.
როგორც ცნობილია, უკრაინაში 2014 წლიდან დღემდე, ანუ მას შემდეგ რაც ომი დაიწყო 7000 ადამიანი დაიღუპა.