დღეს დილიდან ლანჩხუთის "მედალფას" კლინიკაში ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები იმყოფებიან. აქ ნებისმირ მსურველს, რომელიც შემოწმებას გაივლის თერაპევტთან და სათანადო მონაცემს დააკმაყოფილებს, შეუძლია სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად სისხლი გაიღოს.
ცენტრალური სისხლის ბანკის მობილური ბრიგადების ხელმძღვანელის ივა მაღლაკელიძის თქმით, აქცია "გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად" ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს, მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
"ჩვენ ვაგროვებთ სისხლს, რომელიც შემდგომ მძიმე პათოლოგიებით დაავადებულ პაციენტებს მიეწოდება, რომელთა ასაკი ძირითადად 18 წელს ზემოთაა, თუმცა დახმარებას უმცროსი ასაკის პაციენტებსაც ვუწევთ. მე პირადად მინდა თითოეულ ადამიანს, რომელმაც სურვილი გამოხატა და აქციაში ჩაება, დიდი მადლობა გადავუხადო", – გვითხრა ქალბატონმა ივამ.