"ფარმაცევტულ ბაზარზე საქართველოში არსებული პრობლემების ანალოგი მსოფლიოში ძნელი მოსაძიებელია. სადაზღვევო კომპანია იყოს ფარმაკოლოგიური კომპანიის, კლინიკისა და საწარმოს მფლობელი, ანუ ერთი ადამიანის ხელში იყოს მოქცეული მკურნალობის მთელი ციკლი, ამას არ აკეთებენ ცივილიზებული ქვეყნები სწორედ იმიტომ, რომ ასეთი ტიპის გაერთიანებები მონოპოლიას წარმოშობს და მონოპოლია კარნახობს მოსახლეობას ფასებსა და პირობებს. ასე რომ, აქ მარტივად ჩანს ხარვეზი, მაგრამ რეალურად ის არ იცვლება“, – ამბობს ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე.
საყვარელიძეს მიაჩნია, რომ ფარმაცევტული ბაზარი ერთ–ერთი ყველაზე ხარვეზიანი სისტემაა ანტიმონოპოლიური კუთხით.
„ჯერჯერობით ეს ერთ–ერთი ყველაზე ხარვეზიანი სისტემაა ანტიმონოპოლიური პოლიტიკის თვალსაზრისით. იქ, სადაც ანტიმონოპოლიური ნორმები არ არის დაცული და მოთხოვნები არ არის დაკმაყოფილებული, რა თქმა უნდა, ფასები მაღალი იქნება. დასავლეთის გამოცდილებას თუ შევხედავთ, იქ არის როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საავადმყოფოები.
ამ განსხვავების მოტივი ის არის, რომ კერძო საავადმყოფოებში საბაზრო კანონების მიხედვით ხდება ფასების განსაზღვრა, ხოლო მუნიციპალურში სახელმწიფო დაბალ ფასებს ადებს იმისთვის, რომ გაჭირვებულმა მოსახლეობამ შეძლოს თავის დროზე ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება. მომსახურების ხარისხი რა თქმა უნდა განსხვავებულია, მაგრამ ადამიანები ქუჩაში არ არიან დარჩენილები და ავადმყოფობის წინაშე უსუსურები არიან.
ფარმაკოლოგიაში იგივე მოდელის შემოტანა რა ხარვეზებს გააჩენს, საკითხავია. გვახსოვს საბჭოთა პერიოდი, როცა ყველაფერი სახელმწიფოს ხელში იყო. მაგრამ ამან გააჩინა შავი ბაზარი, დახლქვეშ შემონახვა და მაღალ ფასად გაყიდვა. თუ სახელმწიფო აფთიაქები იარსებებს, ამ მხრივ დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ არ გაჩნდეს შავი ბაზარი. იდეალურ ვარიანტში ბაზარს კონკურენცია უნდა არეგულირებდეს. დასავლეთში არის სპეციალური ფონდები, საიდანაც გარკვეული თანხით ეხმარებიან შეჭირვებულ ფენას“, – აცხადებს საყვარელიძე.
მისი თქმით, საქართველოში ცფარმაცევტულ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია არ არის.
"თამამად გეტყვით, რომ საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია არ არის. ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა შესაბამისად იმუშაოს. ნების შემთხვევაში, არ არის პრობლემა. ხოლო მისი არარსებობისას სახელმწიფო შეიძლება ითქვას, რომ ამ მონოპოლიებთან წილში ჯდება, ხდება თანაავტორი მონოპოლიების შექმნისა. შესაბამისად, ეს მონოპოლიები სახელმწიფოზე დამოკიდებულები და მისი ნების გამტარებლები არიან", _ დასძენს საყვარელიძე..