ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში, ბაუჟაძეების ოჯახიდან წუხელ, 200 კგ თხილი მოიპარეს.
როგორც "გურია ნიუსს" დაზარალებულმა ზურა ბაუჟაძემ უთხრა, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა, ამის შესახებ კი ოჯახმა დღეს დილით შეიტყო.
"წუხელ სახლში არ ვიყავი, რა დროსაც პირველი სართულიდან სარეალიზაციოდ გამზადებული თხილის ტომრები მოუპარავთ. უკვე მივმართე ადგილობრივი პოლიციის განყოფილებას. მოვიდნენ და ტერიტორია დაათვალიერეს. სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ თხილის ტომრები სახლთან ახლოს მდებარე მიტოვებული მაღაზიის შენობაში ჰქონდათ გადატანილი, იქედან კი მანქანით წაიღეს", _ ამბობს ბაუჟაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ და ამბობენ, რომ საქმე სისხლის სამართლის 177-ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.
"მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმე სისხლის სამართლის 177-ე მუხლის II ნაწლის ა და III ნაწილის გ ქვეპუნქტით არის აღძრული", _ აცხადებენ უწყებაში.