სუფსის თემის მოსახლეობა 26 სექტემბრიდან საპროტესტო აქციების ახალ ტალღას აანონსებს. ცნობისთვის, რვა სექტემბერიდან სუფსის სოფელ ახალსოფელში, იქ სადაც ავტობანის მშენებელი ჩინური კომპანია "china railway 23rd" – ის ოფისი მდებარეობს, მიმდინარეობს აქცია, რომელსაც მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის წარმომადგენელიც შეუერთდა.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, სახელმწიფო მათ კუთვნილი მიწების დათმობის სანაცვლოდ მიზერულ თანხას სთავაზობს და იგი არ შეესაბამება ლანჩხუთში მიწის რეალურ ღირებულებას.
"ჩვენ 26 სექტემბრიდან საპროტესტო აქციის ახალ ფაზაში შევდივართ და "სამგლოვიარო პროცესიისთვის" ვემზადებით. პირველ ოქტომბერს დღის 12 საათზე კი საყოველთაო პანაშვიდს გავმართავთ, სადაც სხვადასხვა სოფლის წარმომადგენლებს ვეპატიჟებით. პანაშვიდს დღის 12 საათზე დავიწყებთ და სუფსის ცენტრიდან თხემლას შავად შეღებილ კუბოში ჩასვენებულ სიმინდის კულტურას შეკვეთილში, მშენებარე ფილარმონიასთან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აშენებს, გადავასვენებთ"-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.