პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, ე.წ. ნარკოკარტელის საქმეში მსჯავრდებულ ნუგზარ ბოჭორიშვილს, როგორც "რესპუბლიკური პარტიის" წევრს, ჰქონდა მოთხოვნა, მისი საქმე პარლამენტში, პოლიტპატიმართა სიაზე მომუშავე კომისიის სხდომაზე გასულიყო.
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"კოკაინის საქმესთან დაკავშირებული პირები პოლიტპატიმართა სიაში არ მოხვედრილან. მათ ჰქონდათ მომართვა იმ კომისიის სახელზე, რომელიც თავის დროზე პარლამენტში მუშაობდა. კომისიამ საქმე შეისწავლა. მე როგორც ადვოკატმა კომისიას საქმის ირგვლივ ჩემს ხელთ არსებული ყველა მასალა, მტკიცებულებები და ფაქტები მივაწოდე, რადგან საქმე ძალიან უხეში დარღვევებით იყო ნაწარმოები. ნუგზარ ბოჭორიშვილი იმ ეტაპზე და იმ პერიოდში, როდესაც მის მიმართ დევნა მიმდინარეობდა, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი იყო. ეს ცნობა და ეს დოკუმენტი არსებობდა. ეს საქმეშიც დევს, რაც თავად "რესპუბლიკურმა პარტიამ" გასცა და მას ჰქონდა მოთხოვნა, როგორც პარტიის წევრს, რომ მისი საქმე კომისიაზე განხილულიყო. საქმის განხილვა მოხდა, მაგრამ ამ ადამიანის გვარი პოლიტპატიმართა სიაში არ მოხვედრილა. პარლამენტის შესაბამის დადგენილებაში ამ ხალხის საქმე არ მოხვედრილა", _ ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, ის "კოკაინის საქმეზე", 2011 წელს, როგორც ადვოკატი მუშაობდა. კობახიძის განმარტებით, საქმე ფალსიფიცირებულია და ძალიან ბევრ, უხეშ პროცესუალურ დაღვევას ეფუძნება.
"ე.წ. კოკაინის საქმე ძალიან კარგად მახსოვს – ეს არის ძალიან რთული და შრომატევადი საქმე, რომელზეც როგორც ადვოკატი ვმუშაობდი 2011 წელს. მაშინაც ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ საქმეში უამრავი დარღვევაა – საქმე "შეკერილია" საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, მოწმეებზე ზეწოლით, ადამიანების წამებითა და ფალსიფიკაციით. ჩვენ მაშინვე ვითხოვდით, რომ მომხდარიყო საქმეში ბრალდებული ადამიანების გამართლება – ჩვენ გამამართლებელ განაჩენს ვითხოვდით. შემდეგ ვმუშაობდით ევროსასამართლოში გასაგზავნ საჩივარზე. ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც მე დეპუტატი გავხდი, მქონდა მოთხოვნა, რომ საქმე განახლებულიყო, გადასინჯულიყო. ეს იყო სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნა, რომლითაც ეს ადამიანები პროკურატურას მიმართავდნენ. გამოძიება დაწყებულია წამების ფაქტებთან დაკავშირებით და საქმეს თბილისის პროკურატურა აწარმოებს. ისინი შემდეგაც მოითხოვდნენ, რომ ყოფილიყო კონტროლი მათ განცხადებებზე, ყოფილიყო რეაგირება, ვინაიდან სამართლებრივი მისაგებელი, რასაც ისინი ითხოვდნენ – საქმის განახლება, გადახედვა, გადასინჯვა, დღემდე განხორციელებული არ არის. იქედან გამომდინარე, რომ საქმის წარმოება დღემდე ვერ განახლდა, ბუნებრივია, მათ ჰქონდათ კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა – მათ შორის შეწყალების უფლებით. ისინი შეწყალებას ითხოვდნენ, მიმართავდნენ შეწყალების კომისიას, მომმართეს მეც – როგორც მათ ყოფილ ადვოკატს. შემეძლო რეკომენდაცია გამეწია, რაც სრულიად კანონიერი იყო. მივმართე პრეზიდენტსაც, მივმართე შეწყალების კომისიასაც. პატიმრებს გარკვეული ხნის მანძილზე პასუხიც კი არ ჰქონდათ, ჰქონდათ თუ არა უარი შეწყალებაზე. ვინაიდან იყო გარკვეული ხნის განმავლობაში შეფერხება, მქონდა ლეგიტიმური უფლება მომეკითხა საქმის მიმდინარეობა, ანუ მეთხოვნა, რომ მათ საჩივრებზე ყოფილიყო რეაგირება – ყოფილიყო განხილული, უარის შემთხვევაში კი, ეცნობებინათ დასაბუთებული პასუხი", _ განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, გამოძიებამ, პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაადგინოს, ვინმე ამ საქმეში ხედავდა თუ არა რაიმე სარგებელს, ჰქონდა თუ არა ადგილი ანგარებას, ან კორუფციულ გარიგებას.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს გამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურას შეწყალების კომისიის საქმეზე გამოძიებას სთხოვს. როგორც ელისაშვილი აცხადებს, მაშინ, როდესაც ის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, გარკვეული პირები მასზე ზეწოლას ახორცელებდნენ.
საქმეზე მთავარმა პროკურატურამ უკვე დაკითხა ალეკო ელისაშვილი, კომისიის მოქმედი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე და დეპუტატები – ეკა ბესელია და მანანა კობახიძე.