პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს მხარის გუბერნატორებს ხვდება. შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში 12 საათზეა ჩანიშნული. გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის თქმით შეხვედრა გაცნობითი ხასიათისაა:
_ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იქნება, სადაც, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებს განვიხილავთ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სალუქვაძემ.
_ ბატონო გია, როგორც ვიცით გიორგი კვირიკაშვილს პირველად ხვდებით. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ბოლო შეხვედრაც იქნება იქიდან გამომდინარე, რომ თქვენი გათავისუფლების თაობაზე აქტიურად მიდის საუბარი?
_ არა მგონია იმის გამო დავტოვო თანამდებობა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დანაშაულში ვამხილე და მათ რეჟიმზე ფილმი გადავიღე. მით უმეტეს, რომ ფილმის საჯარო სივრცეში ჩვენება, რასაც მაბრალებენ, მე არ გამიკეთებია. ძალიან კი უნდათ ჩემი გათავისუფლება ლელა თავართქილაძეს, ასკურავებს, მჟავანაძეებს, გაკოტრებულ პოლიტიკოსებს და არა მარტო მათ, მაგრამ ამას პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს. ვნახოთ რა იქნება, _ გვითხრა სლაუქვაძემ.