დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ''მერაბ ბერძენიშილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში" გურიის რეგიონის სამხატვრო და საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების მე-5 გამოფენა -კონკურსი გაიმართა.
ღონისძიებას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ესწრებოდნენ.
გამოფენა-კონკურსი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ჩატარდა. წელს კონკურსში 250 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. წარმოდგენილი 500 ნამუშევრიდან ჟიურიმ 13 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა.
გამოფენა-კონკურსი სხვადასხვა თემას დაეთმო, ბავშვების თვალით დანახული ფერწერული ტილოები პეიზაჟებსა და ნატურმორტებს წარმოადგენდა , განსაკუთებულ ყურადღებას თიხის სხვადასხვა ფიგურები იქცევდა.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბეგლარ სიორიძემ ოზურგეთის სამხატვრო სკოლის მოსწავლე გიორგი კონტრიძე, N1 და N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ანანო ვადაჭკორია და ლიკა ღლონტი სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა და წარმატება მიულოცა.
"არაჩვეულებრივი დღეა, მოხარული ვარ, რომ ამ საინტერესო კონკურს-გამოფენაში ამდენი ნიჭიერი ბავშვი მონაწილეობს, გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ. ყოველთვის გქონდეთ ჩვენი თანადგომის იმედი". განაცხადა მერმა.
''ზამთრის ვერნისაჟი''-ს რჩეული მონაწილეები პრიზებით სხვადასხვა არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმაც დააჯილდოვეს.
''მერაბ ბერძენიშილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი'' გამოფენა -კონკურსს ''ზამთრის ვერნისაჟი'' უკვე მეხუთე წელია ატარებს.
(R)