თბილისის მერიის თანამშრომლის, თამარ ბოდოკიას ინფორმაციით, საზოგადოებაში ჭორია გავრცელებული, რომ თბილისის მერია ფულს არიგებს. ამის შესახებ ბოდოკია სოციალურ ქსელში წერს:
"ვიღაცა მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს მერია 200 ლარს გასცემს პენსიონერებზე.
განცხადებების ტექსტი და შინაარსი ერთმანეთს გავს. უბრალოდ, ზოგს ლარს დოლარი ურჩევნია.
მახსენდება წინასაარჩევნო ჭორი, ივანიშვილი ტელევიზორებს და მაცივრებს არიგებს სარვამარტოდო და ვიღაცეებმა რომ დაიჯერეს. სირცხვილია.
ამ განცხადებებით და კიდევ სხვა ბევრი ქმედებებით ვრწმუნდები, რა მარტივია ჭორებით ხალხის მართვა ვიღაცის წინააღმდეგ", _ წერის ბოდოკია და ფაქტის აღმნიშვნელ ფოტოებსაც აქვეყნებს.
ბოდოკიას ამ სტატუსს ეხმაურება მერიის კიდევ ერთი თანამშრომელი ხათუნა ავლოხაშვილი:
"პირადად ვესაუბრე რამდენიმე განცხადების ავტორს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მიხვდნენ ყურმოკრული და ნათესავ-მეგობრებში გაგონილი ინფორმაცია მთლად სიმართლე რომ არ იქნებოდა, მაგრამ მერიაში განცხადებები მაინც შეიტანეს. როდესაც ჩემგან შეიტყეს, რომ მერია პენსიონერებზე არანაირ 200 ლარიან დახმარებას არ გასცემდა და ეს ყველაფერი ჭორი იყო, ჩემდა გასაოცრად აბსოლუტურად გაგებით მოეკიდნენ ამ ამბავს და ზარისთვის მადლობაც კი მითხრეს", _ წერს ავლოხაშვილი.