საქართველო აღიარებს გარემოს დაცვას, როგორც ადამიანის უფლებების განუყოფელ ნაწილს; სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “გარემო ევროპისთვის“ მერვე მინისტერიალის მონაწილეებს, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს.
როგორც პრემიერმა მინისტერიალის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აცნობიერებს ქვეყნის განვითარების პროცესში მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობას და აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით – შესაბამის გარემოს უქმნის მწვანე ბიზნესს; ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოების მწვანე აქტივობებს, განახლებადი ენერგიის ზრდას, მხარს უჭერს მწვანე ტრანსპორტსა და მწვანე შენობებს და ზრუნავს ეკოტურიზმის განვითარებაზე.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სწორი გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებები აისახა ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტებში, როგორიცაა – საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია – „საქართველო 2020”, 2015-2017 წლების რეგიონალური განვითარების პროგრამა და სამოქმედო გეგმა, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია საქართველოში 2015-2020 წლებისთვის.
პრემიერმა გამოსვლისას ყურადღება ეკოლოგიური გამოწვევების მასშტაბებზე საუბარსაც დაუთმო და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
„საჭირო და აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყნებს შორის, რათა ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიოთ მიზნებისა და ამოცანების თანხვედრას, როგორც ეროვნულ, ისე რეგიონალურ და გლობალურ დონეებზე. დღეს უკვე მწვანე ეკონომიკა განიხილება როგორც ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მისაღწევად. ეს მიმართულება ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას, ახალი და მწვანე სამუშაო ადგილების შექმნას და უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო, როგორც მთიანი ქვეყანა, მდიდარია წყლის რესურსებით და ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი ძირითადად ჰიდრორესურსებს მოიხმარს; თუმცა, ამასთან ერთად, საქართველოს აქვს პოტენციალი, გამოიყენოს სუფთა ენერგიის სხვა წყაროებიც, მათ შორის მზის, ბიოთერმული და ბიომასის ენერგეტიკული რესურსები, რითაც ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საქართველო ასევე მზად არის, წვლილი შეიტანოს გლობალური მიზნის განხორციელებაში – სათბურის გაზების გამოყოფისა და ჰაერის დაბინძურების შემცირებაში.
„საქართველოს 9 ქალაქმა უკვე მოამზადა მდგრადი ენერგეტიკული სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია CO2-ის ემისიის შემცირება იმისთვის, რომ 2020 წლისთვის გვქონდეს სუფთა და ჯანსაღი გარემო. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხი, რადგან ჯანსაღი გარემო ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა ადამიანისა და მისი კეთილდღეობისთვის. არასათანადო გარემო პირობები, მათ შორის დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი, უარყოფითად მოქმედებს გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამიტომაც, ქვეყანაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისათვის, მიმდინარეობს სათანადო პოლიტიკის შემუშავება და ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა.
შემუშავებულია ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, რის შედეგადაც 2017 წელს ბენზინის ხარისხისთვის დადგენილი ნორმები ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი იქნება; ხორციელდება ჰაერის ხარისხის შეფასების მოდელირების ახალი სისტემა, რომელიც დაინერგება ქვეყნის დედაქალაქში – თბილისში; ეტაპობრივად ხდება მონიტორინგის ქსელის გაფართოება, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ადგილებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, მდგრადი განვითარების პროცესში განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა, ხელი შეეწყოს მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ცოდნის შეძენას და ისეთი ქცევის წესების დანერგვას, რომელიც თავსებადი იქნება გარემოს დაცვასთან.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უფლება – იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში, გავაძლიეროთ შესაბამისი ინსტიტუტები, დავხვეწოთ კანონმდებლობა და შევქმნათ მექანიზმები იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ საზოგადოებას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და სათანადო განათლების მიღებაში. სწორედ ამიტომ, საქართველომ დაიწყო გარემოსდაცვითი განათლების ეროვნული სტრატეგიის განახლების პროცესი, ხოლო შემუშავების პროცესშია ეროვნულ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განათლება მდგრადი განვითარებისთვის“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ეროვნულ დონეზე დასახული ამოცანების მიღწევაში საერთაშორისო თანამშრომლობის როლზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული გლობალურ გარემოსდაცვით პროცესებში.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციისა და ჰარმონიზაციის სრულიად ახალ ფაზაზე გადავიდა.
„ასოცირების ხელშეკრულება ფარავს თითქმის ყველა გარემოსდაცვით მიმართულებას. გარდა ამისა, გვთავაზობს გზებს არსებული გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ნორმების ეტაპობრივი მოდერნიზებისა და განახლებისათვის, რაც იქნება ევროკავშირის დირექტივებისა და რეგულაციების შესაბამისი. საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიმართ, რომელიც მხარს გვიჭერს რეგიონის ქვეყნებს, გამოვიყენოთ შესაძლებლობები, გავიზიაროთ ერთმანეთის გამოცდილება და გავაერთიანოთ ძალები, რათა ჩვენი ქვეყნები და რეგიონი გავხადოთ უკეთესი ადგილი საცხოვრებლად.
დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილებები, რომლებსაც ბათუმის მინისტერიალი მიიღებს მწვანე ეკონომიკის განვითარებასა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო დაგვაახლოებს „უფრო სუფთა, უფრო მწვანე, უფრო გონივრულ“ სამყაროსთან და სასარგებლო იქნება ჩვენი მომავალი თაობებისა და ჩვენი კეთილდღეობისთვის“, – მიმართა პრემიერმა მინისტერიალის მონაწილეებს.
გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანს – თანამშრომლობისთვის, ხოლო აჭარის მთავრობას და ბათუმის მერიას კონფერენციის მომზადებაში თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
ბათუმის მინისტერიალში 56 ქვეყნის 600-მდე ოფიციალური დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის გარემოს დაცვისა და განათლების საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.