მაიკლ ფელპსი
ბავშვობაში მაიკლი დაუმორჩილებელი იყო, ის არავის უჯერებდა და ვერ ახერხებდა ერთ კონკრეტულ საგანზე კონცენტრირებას, რის გამოც სკოლაში ცუდად სწავლობდა.
შვილის ჰიპერაქტიურობას მშობლებმა გამოსავალი უპოვეს და ცურვაზე შეიყვანეს, სადაც ფელპსმა თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინა. სხვათა შორის, ასაკთან ერთად, ეს ავადმყოფობა ნელ-ნელა თავისით რჩება, თუმცა ფელპსის შემთხვევა განსაკუთრებულია – იგი დღესაც ჰიპერაქტიურად ცხოვრობს.
არც არის გასაკვირი, რომ, მისი აქტიურობის წყალობით კალორიათა ნორმა დღე-ღამეში, როდესაც იგი ვარჯიშობს 12 ათასს შეადგენს, ხოლო დასვენების დღეებში – 7 ათასს.
ლენს არმსტრონგი
მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ველომრბოლელს 1996 წელს სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს: კიბო, რომლის მეტასტაზები კვერცხებზე იყო მოდებული. ლენსი ავანტიურაზე წავიდა, დათანხმდა გაძლიერებულ ქიმიოთერაპიაზე და ერთი კვერცხის ამპუტირება გაიკეთა. შემდეგ დაიწყო ორწლიანი აღდგენითი პროცესი, რომელსაც ნამდვილი სპორტული ტრიუმფი მოჰყვა – 1999-2005 წლებში არმსტრონგი ზედიზედ შვიდჯერ დაეუფლა „ტურ დე ფრანსის“ გამარჯვებულის ტიტულსა და ყვითელ მაისურს.
ასეთი შედეგი არც ერთ ველომრბოლელს არ ჰქონია ისტორიაში. ამჟამად არმსტრონგი საბოლოოდ წავიდა დიდი სპორტიდან და კიბოსთან მებრძოლ საქველმოქმედო ფონდს უდგას სათავეში.
მეჯიქ ჯონსონი
1991 წელს, კარიერის პიკზე მყოფმა ჯონსონმა გამოაცხადა, რომ შიდსით არის დაინფიცირებული და სპორტიდან წასვლის განცხადება გააკეთა. როგორც თავად თქვა, თავიდან სპორტსმენს ეგონა, რომ მისი ყველა გულშემატკივარი და მეგობარი მას გვერდს აუქცევდნენ, თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა.
1992 წელს, ქომაგთა თხოვნით, იგი კალათბურთში დაბრუნდა და 1992 წლის ბარსელონის ზაფხულის ოლიმპიადაზე ლეგენდარულ „დრიმ თიმთან” ერთად ოქროს მედლებს დაეუფლა, ამას მოჰყვა ხანმოკლე გამოსვლა „ლოს-ანჯელეს-ლეიკერსის” რიგებში და კალათბურთიდან საბოლოოდ წასვლა.
20 წელია, რაც ჯონსონი შიდსს ებრძვის და სპორტსმენის შემართება აღფრთოვანებას იწვევს მის ქომაგებში.
ლიონელ მესი
11 წლის ასაკში მესის მძიმე დიაგნოზი დაუდგინეს: შესაძლებელი იყო, რომ ის არასდროს გაზრდილიყო სიმაღლეში. მის მშობლებს სამკურნალო თანხები არ ჰქონდათ და, როდესაც მესის ნიჭით მოხიბლულმა "ბარსელონამ" გამოთქვა სურვილი, რომ აუნაზღაურებდა მკურნალობის ხარჯებს, მისი მშობლები სიხარულით დათანხმდნენ.
მესი ესპანეთში, კერძოდ, კატალონიაში გადასახლდა, ხოლო კლუბს მისი მკურნალობა თვეში ათას ევრომდე უჯდებოდა. ამჟამად იგი პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და "ბარსელონის" უპირობო ლიდერია. კლუბში მას მეტსახელად "ქონდრისკაცს" უწოდებენ, რადგან მისი სიმაღლე, სულ რაღაც, 169 სანტიმეტრია.
მარიო ლემიე
1992 წელს ლემიეს ექიმებმა უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს: ლიმფური კვანძების ანთება მთელ სხეულში. მედიკოსების ერთი ნაწილის აზრით, ეს დაავადება კიბოს ერთგვარი სახეობაა, ხოლო სხვებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ინფექციაა, რომელიც სპორტსმენს ზურგზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ გადაედო. საშინელი დიაგნოზის მიუხედავად, ლემიემ დაძლია უკურნებელი სენი და დიდ ჰოკეიში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია – გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და მოიპოვა სტენლის თასი.