სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნების მდგომარეობისა და სასჯელის მოხდის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრას, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა, ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძეც ესწრებოდა.
როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილი დაინტრესდა, რამდენად არის უზრუნველყოფილი და დაცული პენიტენციურ დაწესებულებებში ყოფილი მაღალჩინოსნების კონსტიტუციით და კანონით გათვალისწინებული უფლებები.
"პრეზიდენტს პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ვესაუბრე. 2012 წლიდან საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მასშტაბური რეფორმები განხორციელდა და ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი პირობებით. ამას არაერთხელ გაუსვა ხაზი ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა, მათ შორის, იმ ორგანიზაციებმა, რომელთა მუშაობის სპეციფიკასა და უფლებამოსილების ფარგლებში სწორედ პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი შედის. როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს ყველა პატიმრის, მათ შორის, ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები გარანტირებული და დაცულია ჩვენს დაწესებულებებში", _ განაცხადა კახა კახიშვილმა და აღნიშნა, რომ თავად ამ პირებსაც არც ერთხელ არ გაუკეთებიათ განცხადება პენიტენციური სისტემის ჭრილში მათი უფლებების რაიმე სახით დარღვევის შესახებ.
ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულებისა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტისადმი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების მიმართვა იყო.
"მოგეხსენებათ, რომ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ დიდი დაინტერესება არსებობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. საქართველოს პრეზიდენტმა სწორედ ამ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე გადაწყვიტა უშუალოდ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისგან მიეღო ინფორმაცია, თუ როგორ არის დაცული მათი კონსტიტუციური და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა მინისტრისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ამ მხრივ, პრობლემა არ არსებობს", _ განაცხადა კახა კოჟორიძემ.
(R)