ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების _ ბაილეთისა და ჯუმათის მოსახლეობის ყველაზე დიდი პრობლემა კვლავ უწყლობაა და ხალხი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.
სოფელ ბაილეთის ერთ-ერთი უბნის _ ახალსოფლის მოსახლეობა შეიკრიბა და ხელისუფლებას ამ პრობლემის გადაჭრა მოსთხოვა.
გულნარა ფუტკარაძე, რუსუდან დარჩია, იზოლდა ხუნდაძე, შოთა ზოიძე "გურია ნიუსთან" აღნიშნავენ, რომ 21-ე საუკუნეში, უბნის მცხოვრებლები წყალს პლასტმასის ავზებით ეზიდებიან:
"200 მეტრზე ვეზიდებით წყლებს ავზებით. ჯერ კიდევ არაფერი, რომ დაცხება და ჭებში წყალი დაშრება, კილომეტრნახევარი უნდა გავიაროთ წყლისთვის. ცხენით, მანქანებით, ხელით ვეზიდებით. ასე სადამდე უნდა გავძლოთ?!"
ისინი სოფლის ძირითად სატკივარზე საუბრობენ:
"სოფლის ძირითადი შემოსავლის წყარო თხილი და ყანაა. მოსახლეობას ძალიან უჭირს და პირველ რიგში, დგას დასაქმების პრობლემა _ ძალიან ბევრი ახალგაზრდაა უმუშევარი და სოფლიდან წასული საზღვარგარეთ, თბილისში და თურქეთში…
დაზიანებულმა ელექტროსადენებმა რამდენჯერ კინაღამ შეიწირეს ადამიანები. გლეხს ყანის დათესვაც კი საფიქრალი გაუხდა. ახლა რომ გაჭირვებაა, ასეთი არასდროს გვინახავს. პრობლემაა მიწის დარეგისტრირებაც, რადგან მოსახლეობას შესაბამისი თანხა არ გააჩნია.
ის პრობლემა მაინც მოაგვაროს სახელმწიფომ, ჩვენთვის საჭმლის გასაკეთებელ ფიჩხებსაც რომ ვერ ვეძებთ. გამკაცრებულია ყველაფერი _ დაგხვდება გზაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური და დაგაჯარიმებს. ძალიან ბევრს სასამართლო პროცესიც ჰქონდა ამის გამო. ადამიანები მის საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში მოჭრილ ხეს ვერ გადაადგილებს… თუ ამას მიიტანთ ხელისუფლებამდე, მადლობელი დაგრჩებით. თუ შეშის მოჭრის უფლებას არ გვაძლევენ, არც გაზი არ უნდა მოვიდეს ჩვენამდე?"_ ამბობენ ბაილეთელები.
ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას სოფელ ჯუმათის მოსახლეობაც.
ჯუმათის თემში ოფიციალურად დარეგისტრირებული 1 370 ოჯახი ცხოვრობს, აქედან, 448 გამოყოფილი კომლია. თემი ოთხი სოფლისგან შედგება: იანეთი, ბოგილი, ჯუმათი და ძირჯუმათი.
ძირძველ ჯუმათში, ისევე, როგორც თითქმის ყველა სოფელში, მძიმე ეკონომიკური პირობებით ხალხი არაქათგამოცლილია და, როგორც თითონ ამბობენ, ყოველდღიურად ებრძვიან რთულ ყოფა-ცხოვრებას. ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, სანახევროდ მოუგვარებელია უგზოობის და უწყლობის პრობლემა, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა იზრდება.
ჯუმათში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა უწყლობაა, რაც "ნაურმევის" უბანს 30 წელია აწუხებს. როგორც მოსახლეობა "გურია ნიუსთან" ამბობს, მათთვის არც ერთი არჩევნების შემდეგ არაფერი შეცვლილა. თუმცა, იმასაც ამბობენ, წყალგაყვანილობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია და მალე უნდა დამთავრდეს. მოსახლეობა უმუშევრობაზეც და გამრიცხველიანების არქონაზეც საუბრობს
გოგიტა ჩხარტიშვილი: "ყველაზე შემაშფოთებელი უმუშევრობაა. გამრიცხველიანება ჯერ კიდევ არაა და ესეც გვაწუხებს. გარდა ამისა, მდინარე სუფსას საყანე ფართობები მიაქვს _ მან კალაპოტი შეიცვალა და ფართობებში გადმოვიდა. აუცილებელია ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება".
"არჩევნები მოვა და მოგვიგდებენ ერთ მანქანა ხრეშს, ჯებირები არ არსებობს. გლეხმა ხელი ჩაიქნია _ მოსავალი ვერ მოაქვს სახლში. 36 ოჯახი ვართ ასეთ მდგომარეობაში. ციტრუსს ვერ ვყიდით _ ხალხმა მანდარინი მოჭრა და თხილი დარგო, მაგრამ აღარც თხილს აღარ აქვს ფასი", _ ამბობენ ქეთევან სარჯველაძე და ეთერ გვენეტაძე.
ბაილეთისა და ჯუმათის პრობლემებთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ "გაზიფიკაციის პროცესი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში დასრულებულია. დარჩენილი სოფლების გაზიფიცირება მიმდინარეობს ეტაპობრივად და 2017 წლის ბოლომდე დასრულდება.
ელექტროგამრიცხველიანებას კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია" ახორციელებს. სოფელ ჯუმათის გამრიცხველიანების პროცესი 2017 წელს დაიწყება; ბაილეთის ტერიტორიულ ერთეულში კი ელექტროგამრიცხველიანება დასრულებულია.
სოფლებში წყალმომარაგების სისტემების მოსაწყობად მუნიციპალიტეტმა ჩამოაყალიბა ახალი კომპანია _ შპს "სატისი," რომელიც სოფლების სასმელი წყლით უზრუნველყოფას დაიწყებს. იწარმოებს წყლის ლაბორატორიული შემოწმება და მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით მომარაგება.
ჯუმათის წყალსადენის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოების სრული სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 1 511 900 ლარს შეადგენს.
დასრულებულია ასკანის წყალმომარაგების პროექტი. ამასთანავე, 14 სოფელში მოხდა წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციისათვის სამუშაოების წარმოება და მასალების შესყიდვა (ნასაკირალი, ურეკი, ბაილეთი, ბახვი, დვაბზუ, ვაკიჯვარი, თხინვალი, კონჭკათი, ლიხაური, მთისპირი, სილაური, ცხემლისხიდი, ძიმითი, ჭანიეთი).
წელს დაიწყება ლაითურის წყალსადენის მშენებლობა.
რაც შეეხება, მდინარე სუფსის მიერ წაღებულ მოსახლეობის საკუთრებაში არსებულ საყანე ფართობებს, ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რომელიც მხოლოდ მუნიციპალური სახსრებით ვერ მოგვარდება _ საჭიროა ცენტრალიზებულად გადაწყდეს, რაზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა", _ ამბობენ პრესსამსახურში.