პირველი სექტემბრიდან იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას მხოლოდ ახალი სტანდარტის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე განახორციელებს. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესი საქართველოს მთავრობის N 388 დადგენილებით დამტკიცდა.
ამზომველებმა ამიერიდან ნახაზი სწორედ აღნიშნული სტანდარტის მიხედვით უნდა შეასრულონ, ვინაიდან პირველი სექტემბრიდან ძველი წესით შესრულებული ნახაზით რეგისტრაცია აღარ განხორციელდება. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსიის შესრულების ინსტრუქცია საჯაროა და ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.napr.gov.ge. იხილეთ ბმული:http://napr.gov.ge/p/633
იმ პირებმა, რომლებსაც ძველი წესის შესაბამისად მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი აქვთ და სურთ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საჯარო რეესტრს უნდა მიმართონ 2016 წლის პირველ სექტემბრამდე.
მიწის რეგისტრაციის ახალი პროექტის ფარგლებში ამზომველსა და მოქალაქეს შორის გაიმიჯნა პასუხისმგებლობა. კერძოდ, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე კი – ამზომველი.
ახალი სტანდარტები უფრო მეტად დაცულს ხდის როგორც მიწის მესაკუთრეების, ისე ამზომველების უფლებებს. ამზომველს ეცოდინება, როგორ აზომოს მიწის ნაკვეთი ცდომილების გარეშე, რაც მინიმუმამდე დაიყვანს მესაკუთრეებს შორის სამომავლო დავების წარმოშობის რისკს. კვალიფიციური ამზომველის საქმიანობა მოთხოვნადი გახდება.