დღეს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს წინ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა საქართველოს ხელისუფლების მიერ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ევა გოცირიძის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტა.
ზაზა ხატიაშვილი აღნიშნავს, რომ ევა გოცირიძეს არ გააჩნია მაღალი მორალური და ზნეობრივი კრიტერიუმები, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეს უნდა ახასიათებდეს.
ცნობისთვის, 2016 წლის 30 სექტემბერს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატთან დანიშნულია გასაუბრება. 2016 წლის 10 ოქტომბერს ევროპის საბჭოს ასამბლეა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან ერთ-ერთ წევრს აირჩევს.
ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, ზაზა ხატიაშვილი ევროპის საბჭოში რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
"მან უკვე მიმართა ევროპის საბჭოს ასამბლეას, არ დაუშვან ევა გოცირიძის კანდიდატურის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დამტკიცება. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სტრასბურგში ევროპის საბჭოს მიწვევით იმყოფება", _ აცხადებენ ადვოკატთა ასოციაციაში.