იტალიელ ფრანჩესკო ტრეჩის საქართველოსთან და ქართველ ხალხთან დიდი სიყვარული აკავშირებს. ალბათ, არცაა გასაკვირი, რატომ ესტუმრა ოთხჯერ ჩვენს ქვეყანას და გადაწყვიტა საქართველოს ისტორია იტალიურად ეთარგმნა, გაეცნო იგი თავის მოქალაქეთათვის.
“საქართველოს ისტორიის” შესახებ დაწერილმა ამ წიგნმა ფრანჩესკო ტრეჩის ცხოვრება და მისი რიტმი საგრძნობლად შეცვალა, მეტად საინტერესო და ლიტერატურული გახადა.
მთარგმნელმა იტალიის სხვადასხვა ქალაქში წარუდგინა წიგნი “საქართველოს ისტორია” ადამიანებს, რომელთაც საქართველოს სიყვარული აერთიანებთ. განსაკუთრებული აღიარება კი მან იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებში მოიპოვა. ფრანჩესკო ყველა ქართველისთვის ახლობელი და დასაფასებელი გახდა.
როგორ დაიბადა წიგნის შექმნის იდეა, მიაღწია თუ არა მან დასახულ მიზანს და როგორია იტალიელის თვალით დანახული საქართველო, _ ამის შესახებ ფრანჩესკო ტრეჩი “გურია ნიუსთან” საუბრობს.
_თქვენს ბიოგრაფიაში გაჩნდა ახალი, სრულიად უცხო ქვეყანა – საქართველო. იტალურ ენაზე თარგმნეთ და გამოეცით “საქართველოს ისტორია“. თუ შეიძლება, მინდა, თხრობა იქიდან დაიწყოთ, როდესაც დაიბადა წიგნის დაწერის იდეა.
_ საქართველოს ისტორიის შესახებ წიგნის დაწერის იდეა 2014 წელს გამიჩნდა და მისი განხორციელება მალევე, 2015 წელს შევძელი. საქართველო დიდი ხნის წინ შემიყვარდა. წინა წლებში(2002-2003), როდესაც დავინტერესდი თქვენი ქვეყნით, სამწუხაროდ, საქართველოს შესახებ მაშინ მწირი ინფორმაცია მოიპოვებოდა იტალიურ ენაზე. ქართველი პროფესორის გაგა შურღაიას დამსახურებით და მისი დახმარებით კი, ბევრი გავიგე საქართველოს ისტორიის, კულტურის შესახებ. ვგრძნობდი, რომ მაინც მაკლდა რაღაც, რაც მე თვითონ უნდა დამენახა და აღმეწერა. მინდოდა, უფრო მეტი გამეგო, რა იყო ამ ქვეყნის უკან. ამიტომაც გადავწყვიტე 2003 წელს საქართველოში ჩასვლა.
-_ვის წააკითხეთ პირველად წიგნი და როგორი შეფასება დაიმსახურა?
_ადამიანი, რომელსაც პირველს წავაკითხე ჩემი წიგნი, ფლორენციაში წმ. ნინოს სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარი მამა ანდრია ლაცაბიძე იყო. მამა ანდრიას ამ იდეის კურთხევა უნდოდა და ძალიან გაუხარდა, მოეწონა კიდევაც, როცა წიგნს გაეცნო.
_როდის იგრძენით, რომ რაღაც კარგი გამოგივიდათ?
_ვფიქრობ, კი არადა, დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს მოხდა წიგნის პირველ პრეზენტაციაზე. არ მეგონა, წიგნს ასეთი დაინტერესება თუ მოჰყვებოდა. ყველაფერი ჩემი ხარჯებით გავაკეთე, რადგან არცერთმა რედაქციამ არ დამიფინანსა. ისიც გაცნობიერებული მქონდა, რომ შესაძლოა მას არ მოჰყოლოდა დიდი გამოხმაურება და, რა თქმა უნდა, მზად ვიყავი წიგნის ეგზემპლარებს საპატიო ადგილი ჩემს სახლში დაეკავებინათ. მე მაინც ყველა შემთხვევაში ბედნიერი ვიყავი. როდესაც ფლორენციაში გამართულ წიგნის პირველ პრეზენტაციას უამრავი ხალხი დაესწრო და იქ წარმოდგენილი ყველა წიგნი გაიყიდა, მაშინ მივხვდი, რომ შევძელი ადამიანების ამ წიგნით დაინტერესება.
_თქვენ არაერთხელ სტუმრობდით საქართველოს. კონკრეტულად რომელი კუთხეები მოინახულეთ და რით მოიხიბლეთ ყველაზე მეტად?
_საქართველოს უკვე ოთხჯერ ვსტუმრობდი. რა თქმა უნდა, ვნახე საქართველოს დედაქალაქი თბილისი. შემდეგ ჩავედი კახეთში, აჭარასა და იმერეთში და ვნახე ქალაქები: მცხეთა, გორი, ქუთაისი, ასევე ვიყავი ყაზბეგში. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ადგილი დამრჩა სანახავი: ვარძია, დავით გარეჯი, გურია, სამეგრელო, სვანეთი, თუშეთი, მთიულეთი. ყველაზე მეტად, რაც მომეწონა, ეს იყო ქართველი ხალხი. როგორც ადგილი – თბილისი, ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალაქია. ვფიქრობ, რომ თბილისი ნამდვილად გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით. მაგალითად, თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, აბანოთუბანი წააგავს ისლამურ ცენტრალურ აზიას. შთამბეჭდავია ძველი თბილისის, სოლოლაკის ეზო- აივნები. ასევე გამორჩეულია რუსთაველის გამზირი თავისი ელეგანტურობით, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ევროპული ქალაქების იერსახეს. არ შეიძლება, არ აღვნიშნო ნარიყალა, რომელიც დედაქალს და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. იქიდან ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება, ამის დანახვაზე სუნთქვა შემეკრა და იმ წამიდან შემიყვარდა თბილისი.
_ხომ არ აღმოაჩინეთ რაიმე მსგავსება ამ ორ ქვეყანას – იტალია-საქართველოს შორის?
_ რა თქმა უნდა, კი, ხასიათით, ხალისიანობით ცენტრალურ და სამხრეთ იტალიასთან გაქვთ საერთო, თუმცა ისეთი სტუმართმოყვარეობა, როგორიც თქვენ გაქვთ, ჩვენთან არ არის. საერთოა ჩვენს შორის საჭმლის სიყვარულიც. ჭამა, რა თქმა უნდა, ყველას გვიყვარს, სმაც (იცინის). ყველაზე მეტად ხაჭაპური, მწვადი მომეწონა, ოღონდ სახლში გაკეთებული ბევრად გემრიელია. ასევე მომეწონა საწებელი, რომლის სახელიც არ მახსოვს, მაგრამ გაკეთებული იყო ნიგვზით, რომელიც ახლახანს დავაგემოვნე ქალაქ ბარში წიგნის პრეზენტაციაზე. ქართული სამზარეულო ძალიან კარგი და მრავალფეროვანი. გემრიელი ყველი და ბოსტნეული გაქვთ, მწვანილს გამოვყოფდი. განსხვავებულია ჩვენი სამზარეულოები, თუმცა მსგავსებაც არის -ორივე გემრიელია. ქვევრის ღვინო, რომელიც კახეთში დავაგემოვნე ძალიან მომეწონა. გავსინჯე ისეთი ღვინოც, რომელიც მსუბუქი დასალევია, თან შეგიძლია ბევრიც დალიო. მახსოვს, ვსვამდით თეთრ ღვინოს და იმდენად გემრიელი იყო, არ გვწყინდებოდა მისი დალევა. მძიმე კი იყო, მაგრამ მაინც სასიამოვნო. იმ ხილს და ბოსტნეულს, რომელიც საქართველოში ვჭამე, განსაკუთრებული სურნელი და გემო ჰქონდა.
_ანუ ყველაფერი მოგწონებიათ…
_კი, კი ყველაფერი. (იცინის)
_ქართველი ემიგრანტების გარდა, არიან თუ არა წიგნის შეძენით დაინტერესებულნი იტალიელები?
_ქართველებისთვის ეს წიგნი უდიდესი მოვლენა აღმოჩნდა. რაც შეეხება იტალიელებს, ვისაც კავშირი აქვს ამ ქვეყანასთან, მაგალითად, ჰყავთ ქართველი მეგობრები, ერთხელ მაინც უმოგზაურიათ საქართველოში, ან იტალიელებთან მუშაობენ, აი, მათში დიდ ინტერესს იწვევს. პულიაში (სამხრრეთ იტალიაში) შევხვდი ადამიანებს, რომლებსაც არანაირი კავშირი აქვთ საქართველოსთან, მაგრამ იციან მის შესახებ და უყვართ. ქალაქ ბარში ისეთ ადამიანსაც შევხვდი, რომელიც დაინტერესებულია ქართულის შესწავლით და მეტიც, უკვე წერს კიდევაც ქართულად. იგი დაახლოებით სამოცი წლის მამაკაცია.
_ქართული ძალიან რთულია ენაა?
_კი, მაგრამ იტალიურიც რთულია, სრულიად განსხვავებული დამწერლობაა, მაგრამ ამ ადამიანმა შეძლო მისი სწავლა. თქვენი ანბანი ძალიან მდიდიარია, დიდი ისტორია აქვს, დაუჯერებელია, როგორ შეძლო ამ პატარა ერმა მისი მოვლა და დღემდე შენარჩუნება. ეს არის ქვეყნის უდიდესი განძი, მემკვიდრეობა, რომელსაც თქვენ ფლობთ.
_შეგიძლიათ, გაგვიმხილოთ ამ დროისთვის რა რაოდენობის წიგნი არის გაყიდული?
_დღემდე გაიყიდა 700 წიგნი. ასეთ რაოდენობას ვერც წარმოვიდგენდი. ახლა ფლორენციაში ერთ-ერთმა რედაქციამ თავის თავზე აიღო წიგნის გამოცემა და დიდი იმედით ველოდები.
_სად არის შესაძლებელი წიგნის შეძენა?
_წიგნის შეძენა უკვე შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით, AMAZON. COM- ის მეშვეობით ( აქ იგი განთავსებულია შემდეგი სახელწოდებით „STORIA DELLA GEORGIA“) და ზოგიერთ ბიბლიოთეკაში. აგვისტომდე ეს შეუძლებელი იყო. დაინტერესებულ ადამიანებს, ასევე შეუძლიათ წიგნი შეიძინონ იტალიის სხვადასხვა ქალაქებში, ნაპოლში, რომში, ფლორენციაში, რეჯო-ემილიაში, ბოლონიაში, რეჯო-კალაბრიაში და ა.შ. აქ არსებულ ქართულ სამრევლოებში. ყველა სამრევლოში არის ერთი ადამიანი, რომელიც წიგნებს ყიდის. ვფიქრობთ, რომ წიგნები ისეთ ადგილას გავავრცელოთ, სადაც ხალხს მეტი წვდომა ექნება. ჩემთანაც „ფეისბუქის“ საშუალებით შეუძლიათ დაკონტაქტება.
_შეიძლება ითქვას, რომ მიაღწიეთ თქვენს მიზანს, დაგეახლოვებინათ ორი ქვეყნის ხალხი?
_ეგ თუ შევძელი, დიდი პატივი იქნება. ვიმედოვნებ, რომ ბევრი იტალიელი წაიკითხავს და გაიგებს, რამდენად ღირსეულია ჩვენგან შორს მყოფი ეს პატარა ქვეყანა. იმედია, ცოტათი მაინც დავაახლოვე.
_როგორ ფიქრობთ, განვითარების რა ეტაპზეა ახლა საქართველო?
_მახსოვს, 1991 წელს ზვიად გამსახურდიას გამოსვლები და დღე, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი პრობლემა. ბევრი ემიგრანტი ჰყავს საქართველოს უმუშევრობის პრობლემის გამო, მაგრამ რაც მთავარია დემოკრატია არის ქვეყანაში. ქვეყანა გახდა დემოკრატიული. ქვეყანამ, რომელმაც სახსრების გარეშე მოახერხა ეს და რომელმაც 90-იანი წლებში დიდი კრიზისი გამოიარა, ვგულისხმობ, სამოქალაქო ომების შემდეგ ტერიტორიების დაკარგვას. თუმცა მერე დაიწყო აღორძინება. ბოლო წლებში ცვლილებები შეიმჩნევა ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ სფეროებში. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, თუმცა მთავარია, საქართველო ადგას განვითარების სწორ გზას. ეს კი ყველას დამსახურებაა.
_ახლა რაზე მუშაობთ, საქართველოს შესახებ თუ არის თემები, რაზეც დაწერთ?
_ ვმუშაობ ელექტრონულ კომპანიაში. კომერციული პასუხისმგებელი პირი ვარ. 16 წლიდან საქართველო ჩემი გატაცებაა. თითქოს, ეს არის ჩემი მეორე, პარალელური ცხოვრება. ამაზე არ გავჩერდები, იტალიის სხვადასხვა ქალაქში გავაგრძელებ პრეზენტაციებს, უკვე დაგეგმილი მაქვს მოდენაში, ქართულ სამრევლოში ჩატარება. ასევე მილანში, რეჯო-კალაბრიაში და ალბათ, მანტოვაშიც. ვფიქრობ, წლის ბოლოს უნდა დავასრულო პრეზენტაცია ფლორენციაში, საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო. გეგმაში მაქვს, დავწერო წიგნი საქართველოს მხარეებზე რეპორტაჟების სახით. ვიმოგზაურებ ქვეყნის სხვადასხვა სოფელში, ქალაქში და მოგიყვებით მათ შესახებ. თითქმის ყველა ლეგენდა მინდა მოხვდეს ამ წიგნში, რომლებიც იქნება ილუსტრირებული. მინდა იყოს პატარა, უბრალო წიგნი.
_როგორ აპირებთ მომავალში ჩვენს ქვეყანასთან, საქართველოსთან ურთიერთობის გაგრძელებას?
_კარგი იქნება თუ ჩავალ მომავალი წლის გაზაფხულზე, მაგრამ ჯერ ყველაფერი კარგად უნდა დავგეგმო. გამიხარდება, თუ შევძლებ, ის ადგილები ვნახო, რომლებიც არასდროს მინახავს. თუნდაც იმისთვის უნდა ჩავიდე და ვნახო ეს მხარეები, რომ ახალი წიგნის წერას შევუდგე. სურვილი მაქვს, რომ ჩემი წიგნის პრეზენტაცია საქართველოშიც მოვაწყო.