“ბევრი რომ ვიცოცხლე, ეს მეზარება ძალიან, როცა პედაგოგი ბრმავდება, იმის ცხოვრება წასულია. დილით, მზე რომ ამოანათებს, მაშინ ვცდილობ ბუნდოვნად რამე წავიკითხო და ამით ვცოცხლობ”, _ ამბობს ქალაქ ოზურგეთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები ჟუჟუნა გობრონიძე.
ჟუჟუნა გობრონიძე 1929 წელს სოფელ თხივალში დაიბადა, სკოლის დამთავრების შემდეგ ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტიტში ჩააბარა. ქალბატონი ჟუჟუნა 19 წლის ასაკში დაოჯახდადაოჯახდა. ჰყავს ორი შვილი და შვილიშვილები. კარგად ფლობდა გერმანულ ენას, გული წყდება რომ არ უსწავლია ინგლისური.
“მამაჩემს უყვარდა სიტყვა მასწავლებელი და მეც ამის გამო გადავწყვიტე ჩამებარებინა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. კარგად ვიცოდი გერმანული ენა. ახლაც შემიძლია გერმანულ ენაზე ლექსების წაკითხვა. ძალიან მწყდება გული, რომ ინგლისური არ ვისწავლე, _ ამბობს ჟუჟუნა გობრონიძე. მისივე თქმით, 45 წელი ასწავლიდა ქართულ ენას და ლიტერატურას:
“სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლაში 45 წლის განმავლობაში ვასწავლიდი ქართულ ენასა და ლიტერატურას. პედაგოგობას თავი მეუღლის გამო დავანებე, მოვლას საჭიროებდა, რადგან ავადმყოფობდა. ორი შვილი და შვილიშვილები მყავს. გაჭირვების წლები გამოვიარე, ომის მძიმე პერიოდი შემხვდა, რა არ გადავიტანე, ღვთის წყალობით”, _ ამბობს ხანდაზმული პედაგოგი და ცხოვრების ახლანდელ პერიოდზე გულდაწყვეტილი საუბრობს.
“ახლა რომ ვცხოვრობთ, ჯოჯოხეთია ეს. გასაჭირში ვართ. არანაირი შემოსვალი არ გვაქვს. სოციალური დახმარება გვქონდა და ისიც მოგვიხსნეს. ვიბრძვით, მაგრამ ვერაფერს ვერ მივაღწიეთ, არ აღგვიდგინეს.
პენსიაზე ვართ დამოკიდებული მეც და ჩემი შვილიც, რომელიც შრომისუუნაროა. მას თვეში შემოსავალი მხოლოდ ასი ლარი აქვს. მე პენსიის მოსვლას ვუცდი, წამლებში არ გვყოფნის ეს ფული.
ერთხელ მივმართეთ ქალაქ ოზურგეთის მერიას დახმარების თხოვნით. დაგვეხმარნენ ერჯერადი დახმარებით. კიდევ რომ მივმართოთ, ალბათ, ისევ დაგვეხმარებიან, მაგრამ არ გვიყვარს მათხოვრობა, გვეზარება. ყველას უჭირს ახლა. სახლი, სადაც ვცხოვრობთ, ძველებურია, კი ხედავთ, მამაპაპისეული. მე და ჩემმა მეუღლემ ვერაფერი შევმატეთ. ბიჭი არ მყავდა და ძმისშვილი გავზარდე, რომელიც მეხმარება ეკონომიკურად. აბსოლუტურად ყველა სერტიფიკატი მაქვს, რაც კი შეიძლება პედაგოგს ჰქონდეს. დღეს, უბრალოდ, აღარ ფასდება ეს ჩვენი შრომა და ღვაწლი, რომელიც წინა წლებში გავწიე, არავის აინტერესებს, ვინ იყავი წარსულში, ახლა როგორ ცხოვრობ, ეგ რეალობაა”, _ ამბობს 87 წლის ქალბატონი.