საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც უქმდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, თუმცა პროპორციულობა პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და მის მიერ პარლამენტში მოპოვებულ მანდატებს შორის უზრუნველყოფილი არ იქნება; პოლიტიკური პარტიები არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო ბლოკებად ვერ გაერთიანდებიან და საქართველოს ამომრჩეველი საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ვერ აირჩევს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება “რაც უდავოდ მისასალმებელი ფაქტია, თუმცა, მოცემული ვერსია ითვალისწინებს ასევე გაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური პარტიისთვის მინიჭებას.
“გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა შეიძლება მთლიანი მანდატების 10%-ს ან მეტსაც შეადგენდეს. შესაბამისად, ამ მანდატების მთლიანად ერთი პარტიისთვის მიკუთვნება არსებითად გაზრდის პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და მანდატებს შორის დისპროპორციას. აღსანიშნავია, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნა იმიტომ დადგა დღის წესრიგში, რომ ის ამომრჩეველთა ხმებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებულ მანდატებს შორის დისპროპორციას წარმოქმნის. მოტივაცია, რომ საარჩევნო სისტემამ უზრუნველყოს სტაბილურობა გასაგებია, მაგრამ მსგავსი მეთოდით აღნიშნული მიზნის მიღწევა უსამართლო და გაუმართლებელია. სისტემის შეცვლას აზრი ეკარგება, თუ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებშიც კი, მანდატების გადანაწილების არსებითად უსამართლო და არაპროპორციულ შედეგს მივიღებთ. მიგვაჩნია, რომ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან ერთად, გაუნაწილებელი მანდატები პარტიებს შორის უნდა გადანაწილდეს მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად”.
პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, არასამთავრობები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის პირველი პირის პარლამენტის მიერ არჩევა არასწორია:
“შემოთავაზებული ვერსიით, უქმდება საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი და ის არაპირდაპირ, პარლამენტის მიერ აირჩევა. დემოკრატიის განვითარებისა და ამომრჩეველთა ინტერესების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული. პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნების გაუქმება არ წარმოადგენს საპარლამენტო მოდელიდან გამომდინარე აუცილებლობას, რადგან საპარლამენტო მმართველობის მქონე ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც, მიუხედავად შეზღუდული უფლებამოსილებებისა, პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა.
იმ შემთხვევაში, თუ მაინც მოხდება პირდაპირი წესით არჩევნების გაუქმება, მნიშვნელოვანია, რომ ეს არ შეეხოს მომდევნო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს და ძალაში შევიდეს 2023 წელს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება პოლიტიკური დატვირთვისგან გათავისუფლდეს და კონკრეტულ პიროვნებების გამო მიღებულად არ იყოს აღქმული. მისასალმებელია, რომ მსგავსი პოზიცია უმრავლესობის მხრიდანაც გამოითქვა, თუმცა კატეგორიულად მიუღებელია საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ის განცხადებები, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის არჩევის წესის სავარაუდო ცვლილების ძალაში შესვლა შესაძლოა დამოკიდებული იყოს პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ ამა თუ იმ პოზიციაზე. მსგავსი განცხადებები ხელს უშლის კონსტრუქციულ დისკუსიას და მხოლოდ ამყარებს ეჭვებს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი ცვლილების ინიციატივა მოქმედი პრეზიდენტისადმი პირადი დამოკიდებულებებიდან გამომდინარეობს” _ აღნიშნულია განცხადებაში.
ბლოკების გაუქმების შესახებ კი აცხადევენ, რომ ეს რადიკალური ზომაა:
“მომზადებული ცვლილებები ითვალისწინებს საარჩევნო ბლოკების გაუქმებას, რის არგუმენტადაც მოყვანილია პარტიების განვითარების და გაძლიერების აუცილებლობა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება, თუნდაც ის მომდევნო არჩევნებისთვის არ ამოქმედდეს, ზედმეტად რადიკალურ ზომას წარმოადგენს და არ არის მიზანშეწონილი. განსაკუთრებულად მიუღებელი იქნება ეს ნაბიჯი თუ შენარჩუნდება 5%-იანი ბარიერი და დამტკიცდება მანდატების განაწილების შემოთავაზებული წესი.
აღსანიშნავია ისიც, რომ უმეტეს შემთხვევებში საარჩევნო ბლოკების შექმნა მხოლოდ ფინანსური ან სხვა მატერიალური და არამატერიალური სარგებლის მიღებით არის გამოწვეული, რაც ცალსახად უარყოფითი ფაქტია. აღნიშნული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად და არალეგიტიმური მანიპულაციების გამოსარიცხად, უმჯობესია, ცვლილებები განხორციელდეს შესაბამის კანონმდებლობაში. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ ერთი მხრივ პარტიები ორიენტირებული არ იქნებიან ბლოკის შექმნაზე ფინანსური სარგებლის ინტერესით, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში პარტიების გაძლიერებას შეუწყობს ხელს და მეორე მხრივ, თუ პარტიები გადაწყვეტენ მაინც შექმნან ბლოკი, ეს გამოწვეული იქნება მხოლოდ პოლიტიკური და არჩევნებში გამარჯვების ინტერესით. ასეთ შემთხვევაში კი, საარჩევნო ბლოკის შექმნა გამართლებულია” _ წერია განცხადებაში.
NGO-ები განცხადებაში საპარლამენტო არჩევნების თარიღის განსაზღვრაზეც ამახვილებენ ყურადღებას:
“წარმოდგენილი ვერსიით შემოთავაზებულია არჩევნების ფიქსირებული თარიღი, კერძოდ, პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის პირველი კვირა დღე. აღნიშნულის მიზანი შეიძლება იყოს მომავალში იმ გაუგებრობის თავიდან აცილება, რაც გამოწვეული იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისას. თარიღის დაკონკრეტება პრობლემად არ მიგვაჩნია, თუმცა არც აუცილებლობას არ წარმოადგენს ერთ შემთხვევაში მომხდარი გაუგებრობის გამო. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის პირველ კვირაში არჩევნების დანიშვნა შესაძლებლობას არ აძლევს პოლიტიკურ პარტიებს სრულფასოვნად აწარმოონ წინასაარჩევნო კამპანია, ვინაიდან საარჩევნო კამპანიის დროის უმეტესი ნაწილი ემთხვევა ზაფხულის პერიოდს, როდესაც ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ისვენებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს მსჯელობის გამართვა არჩევნების გაზაფხულზე გადატანის შესახებ” _ ნათქვამია განცხადებაში, რომლის ავტორები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს მოუწიდებენ მხარი დაუჭირონ:არსებული საარჩევნო სისტემის პროპორციული მოდელით ჩანაცვლებას, მათ შორის გაუნაწილებელი მანდატების პროპორციულად გადანაწილებას, რათა თავიდან იქნას აცილებული არსებითად უსამართლო და არაპროპორციული შედეგი;საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებას და პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესის შენარჩუნებას, როგორც მინიმუმ მომდევნო, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.