დღეს, ჩვენი მოსახლეობის საკმაო ნაწილმა პირადი ფერმის მოშენებას მიჰყო ხელი და არც თუ უშედეგოდ. ბევრგან ნახავთ, როცა ოჯახს ოთხიდან ათ ძროხამდე ჰყავს და წარმატებით ართმევს თავს საქმეს. იმისთვის, რომ სანაშენოდ კარგი პირუტყვი მივიღოთ და წველადობა მუდამ მატებისკენ წარვმართოთ, ამისთვის პირველ რიგში აუცილებელია ცხოველების გამოზრდა და ხარისხიანი კვება.
საინტერესოა ერთი რამ _ ყველა ცხოველი ერთნაირად არ პასუხობს კარგ კვებაზე. ყველა ფერმაში თუ საძოვარზე გაშვებულ ჯოგში არის პირუტყვი, რომლებიც საუცხოოდ იყენებენ გაუმჯობესებულ კვებას და საუკეთესო პროდუქტიულობას იჩენენ. სწორედ ამაზე უნდა მოხდეს დაკვირვება და ჩვენი ფერმა შევავსოთ მაღალპროდუქტიული ცხოველებით. გამუდმებით უნდა ვაწარმოოთ სერიოზული სანაშენო მუშაობა პირუტყვის გასაუმჯობესებლად.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს გურიაში წარმატებით მიმდინარეობს ხელოვნური დანერგვის პროცესი, მაინც ყოველი ფერმა უნდა უზრუნველვყოთ კარგი, ძვირფასი მწარმოებლით: ბუღით, ულაყით, კერატით, ყოჩით. მწარმოებელი უნდა იყოს ჯანსაღი, მაგარი, კარგი აგებულების. მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მწარმოებელი მაღალპროდუქტიული მშობლებიდან იყოს წარმოშობილი. მათი პროდუქტიულობა ფერმის საუკეთესო ცხოველების პროდუქტიულობაზე ნაკლები არ უნდა იყოს. კიდევ უფრო უკეთესია, თუ მწარმოებლის შორეული წინაპრები მაღალპროდუქტიული იყვნენ, რადგან ცხოველების ეს თვისება მემკვიდრეობით გადადის. აქედან გამომდინარე, რამდენად უკეთესია მწარმოებლის მშობლები და წინაპრები, იმდენად უფრო ძვირფასია მწარმოებელი. ასეთ მწარმოებლებს უკეთესი მოვლა-პატრონობა სჭირდებათ.
ყველაზე ძვირფასი მწარმოებელი ხელოვნური დათესლვის პუნქტებში უნდა გამოვიყენოთ, სანაშენო კი უნდა დავტოვოთ ფერმის საუკეთესო ძროხებიდან მიღებული მწარმოებლები. ამ შემთხვევაში საჭიროა თვალყურის დევნება, რომ მწარმოებელი არ იყოს გამოყენებული მისი მონათესავე დედა პირუტყვის დასაგრილებლად (შვილები, დები და შვილიშვილები). სასაქონლო ფერმებში ახლო ნათესაური გამრავლება არ დაიშვება, რადგან ამით სუსტდება ცხოველების ჯანმრთელობა, მცირდება მისი ზრდა და პროდუქტიულობა. ამ არასასურველი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, როგორც კი წამოიზრდება მწარმოებლის შვილები, ისინი მახლობელი ფერმის მწარმოებლებზე გადაცვლით უნდა შეცვალონ.
სანაშენე ფერმისგან განსხვავებით, სასაქონლო ფერმებში შეიძლება, აგრეთვე, გამოვიყენოთ იმავე მიმართულების სხვა ჯიშის მწარმოებლები, მაგრამ პროდუქტიულობის მეტი მაჩვენებლებით.
თამაზ კილაძე,
ვეტექიმი