გუშინ, “გურია ნიუსმა” გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო _ “სტიქიასთან ბრძოლაში დაღლილი მაშველები”.
ამ პოპულარულ ფოტოზე, რომელზეც დაღლილი მეხანძრე-მაშველის სულიერი ტკივილი უფრო იკითხება ვიდრე ფიზიკური დაღლა, ლანჩხუთელი მეხანძრე-მაშველი მერაბ ნინიძეა გამოსახული.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა 58 წლის მერაბ ნინიძეს, რომელიც თითქმის მეოთხედი საუკუნეა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მეხანძრე-მაშველია:
“20 აგვისტოს, ღამის საათებში დამირეკეს სამსახურიდან და წავედით. დილის 6 საათზე უკვე გასული ვიყავით ბორჯომის ტყეში. ძალიან მძიმე მდგომარეობა დაგვხდა _ ყველგან ხანძარი იყო. ჩავაქრობდით ცეცხლს, მოგვიანებით ისევ განახლდებოდა კერა. ქარიშხალი რამდენჯერმე ამოვარდა.
24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით. ლანჩხუთის სამაშველო სამსახურიდან სამი ადამიანი ვიყავით წასული _ კახა მოისწრაფიშვილი, ვახო რუსიეშვილი და მე. შემდეგ სამი კოლეგა _ ჯემიკო გოგიბერიძე, გიორგი ჟღენტი, კოტე იმნაძე ჩაგვენაცვლა ლანჩხუთიდან და ახლა იქ არიან”, _ თქვა ჩვენთან საუბრისას მერაბ ნინიძემ.
მერაბ ნინიძე ტკივილიან ისტორიას გვიყვება, თუ როგორ გახდა ის მეხანძრე-მაშველი:
“მე თვითონ დამეწვა საცხოვრებელი სახლი მრავალი წლის წინ. მას შემდეგ გადავწყვიტე ამერჩია მეხანძრე-მაშველის პროფესია და ბოლომდე დავხარჯულიყავი ხანძრით დაზარალებული ადამიანების დახმარებისთვის”, _ გვითხრა მერაბ ნინიძემ.