ჩაის გაშენება
ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის გამოცხადების შემდეგ, დიდი აქტიურობით არა, მაგრამ დასავლეთ საქართველოში, გურიასა და აჭარაში გაჩნდა ინტერესი “მწვანე ოქროს” ძველი დიდების აღსადგენად. ადამიანები უფრო და უფრო ინტერესდებიან ჩაის პლანტაციების დარჩენილი ფართობების გაწმენდით თუ აღდგენით, ასევე, სულაც, თავიდან გაშენებით. მიუხედავად იმისა, რომ გურია ჩაის სავანედ იყო მიჩნეული, ვიცით, რომ 25 წლის მანძილზე ჩაის კრეფის და რეალიზაციის პროცესი მისმა ამოძირკვამ ჩაანაცვლა.
დღეს ჩვენი მკითხველები არაერთხელ გვიკავშირდებიან და გვთხოვენ, კიდევ ერთხელ, ახლებურად მივაწოდოთ მათ ინფორმაცია ჩაის ახლებურად გაშენების, მისი ფორმირების და შემდგომი გაუმჯობესების შესახებ.
ჩვენში ჩაის პლანტაციის გაშენება გაზაფხულზეა მიზანშეწონილი. პლანტაცია შპალერული წესით უნდა გავაშენოთ, როცა რიგთაშორისი მანძილი 5 მეტრს აღწევს.
თუ ჩაის დათესვას ვაპირებთ და არა ყოფილი პლანტაციის აღდგენას, მაშინ ჯერ ნიადაგის ლენტისებური გადაბარვა უნდა მოვახდინოთ. დასამუშავებელი ზოლის სიგანე 0,5 მ, ხოლო სიღრმე 30 სმ უნდა იყოს. ჩაის სათესი ზოლი დამუშავებისას უნდა გავწმინდოთ ქვებისგან, ძირკვებისა და ფესვებისგან ან სხვა მინარევებისგან. ჩაის თესვა წარმოებს ბუდობრივად: ორმოში 5-6 ცალი საუკეთესო ხარისხის თესლი უნდა მოვათავსოთ. აღმოცენების შემდეგ კი 3-4 ცალ ჯანსაღ ნერგს ვტოვებთ. თუ გვალვებს დაიჭერს, სანამ ამოვა, ნათესი უნდა დავმულჩოთ.
ჩაის პლანტაციის წესიერი გაშენება მისი ფორმირების მხოლოდ პირველი ნაწილია, რაც უზრუნველყოფს მცენარის ფესვების ნორმალურ განვითარებას ნიადაგში. ჩაის ამოსვლის შემდგომ კი უნდა დავიწყოთ პლანტაციის ფორმირების მეორე პერიოდი.
სანამ ბუჩქის ფორმირება ხდება და ვიდრე ის სრულმოსავლიანი გახდება, სარეველები უფრო ადრე ამოდის, ვიდრე ჩაის მცენარე და ხშირად სჭირდება გამოხელვა. რიგთაშორისების დამუშავება შეიძლება თოხით. თუ ბუდნიდან ჩაის თესლი არ აღმოცენდა, უნდა ვებრძოლოთ მეჩხერიანობას. ამ დროს შესაძლებელია გადაწვენის გზით ჩაის ნერგის გამრავლება და ბუჩქად ქცევა. შეიძლება გამორჩენილ ადგილებში ჩაის მცენარის გამორგვა. სიმეჩხრის ლიკვიდაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ეროზიის საწინააღმდეგო თვალსაზრისითაც.
ჩაის პლანტაციის მთავარი ფორმირება _ გასხვლა
გასხვლის სისტემა უმთავრესი საქმეა პლანტაციის მოვლის საქმეში. ახალგაზრდა პლანტაციის ფორმირებისთვის, შემდგომ პერიოდში _ მოსავლიანობის გადიდებისა და გაახალგაზრდავების მიზნითაც.
ახალგაზრდა პლანტაცია გაშენებიდან მეორე წელს უნდა გავსხლათ, ფორმის მიცემის მიზნით. საუკეთესო თვე ამ საქმისთვის არის მარტი. გასხვლის სამუშაოთა შემჭიდროებულ ვადებში შესრულებისა და შრომითი დანახარჯების შემცირებისთვის იყენებენ სპეციალურ მიკროსასხლავ მანქანებს. ანასხლავი მასალის ერთი ნაწილი გამოიყენება საკოფეინე მასალად და იგზავნება კოფეინის ქარხანაში. მეორე ნაწილი კი რჩება პლანტაციაში, როგორც ორგანული სასუქი. ამასთანავე პლანტაციის ფორმირების მთელ პერიოდში საჭიროა ნიადაგის რიგთაშორისების დამუშავება 5-6 მ სიღრმეზე. დამუშავება წარმოებს სასუქის შეტანისას ან სხვა დროსაც, როცა საჭიროა სარეველა ბალახების მოსპობა, მაგრამ ნიადაგის გაფხვიერებას, ტენის აორთქლების შემცირების მიზნითაც დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, შემოდგომა-ზამთარში ადგილი აქვს ნიადაგის საზამთრო დამუშავებას 15 სმ სიღრმეზე.
ვეგეტაციის პერიოდში ნაზი ყლორტების გამოტანის თანაბრობის შენარჩუნების მიზნით, გასხვლას ორი წესით აწარმოებენ: ბუჩქის სიმაღლის რეგულირება და ფართო ვარჯის გამოყვანა. ამ წესების გათვალისწინებით, გასხვლის სამი სახე არსებობს, რაც დღეისთვის შეუცვლელია: 1. შპალერული, როცა მსუბუქად და ღრმადაც სხლავენ 2. ნახევრადმძიმე, როცა 1-2 და 3-4-წლიანი ნაზარდების მოშორება და გასხვლა ტოტების დამუხლების ქვემოთ 50 სმ სიმაღლეზე ხდება; 3. მძიმე გასხვლა _ სრულად გაახალგაზრდავება.
მძიმე გასხვლა ყველაზე რთული ოპერაციაა. ახლა, როცა გადარჩენილი ჩაის გავერანებული პლანტაციები არსებობს, სწორედ ამ ფორმას ვიყენებთ. ამ დროს ჩაის მცენარე კარგავს ღერო-ტოტების დიდ ნაწილს და ახალი ფოთლების განვითარებამდე საზრდოობს ფესვებსა და დაბალზე ასხეპილ ტოტებში დარჩენილი საკვები ნივთიერებით, რაც არც თუ ისე სრულად უზრუნველყოფს ჭრილობების შეხორცებისა და გაძლიერებული სასიცოცხლო პროცესისთვის გაზრდილ მოთხოვნებს. ამიტომ ჩაის პლანტაციის მძიმე გასხვლა აუცილებლად უნდა ჩავატაროთ ნიადაგის განოყიერების და მცენარეთა წინასწარი მოღონიერების შემდეგ. მით, უფრო, დღევანდელ პირობებში _ მიწა გამოფიტულია, ჩაის დარჩენილი პლანტაციები კი _ გავერანებული.
დღეს სარეაბილიტაციო, ანუ გავერანებულ ფართობს წინანდელ სახეს მხოლოდ მძიმე გასხვლა დაუბრუნებს. ამიტომ, ასეთი ფართობების მფლობელებმა მხოლოდ ეს ფორმა უნდა გამოვიყენოთ, თუ გვინდა სერიოზული შედეგი მივიღოთ.
საქართველოს პირობებში მძიმე გასხვლა უნდა დავიწყოთ 10 თებერვლიდან და შეიძლება 10 აპრილამდე გაგრძელდეს.