მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი ხნის ნანატრი, ცრუ ანუ თეთრი აკაციიდან მთავარი ღალის მომცემი დრო. სასიამოვნო სანახავია საფუტკრე, სადაც თაფლის სუნი ტრიალებს და დილიდან დაბინდებამდე ისმის მუშა ფუტკრის მოუსვენარი შრომის გუგუნი, რომელიც ღამითაც არ წყდება _ დღე ღალას ეზიდებიან, ღამით აორთქლებენ. საფრენიდან ორთქლთან ერთად თაფლის სასიამოვნო სუნი გამოდის.
მაისიდან მეფუტკრისთვის ყველაზე მეტად საპასუხისმგებლო დრო დგება. დაწყებულია მთავარი ღალიანობა. მთავარი ღალიანობის შესახვედრად მიმდინარეობს ორი-სამი საშუალო ან სუსტი ოჯახიდან _ თუ ასეთი ოჯახები არის საფუტკრეში _ ძლიერი შექმნილი ოჯახის შედენა მარაგ დედაზე ან მწიფე სადედეზე.
კარგ დედებს ნუკლეუსების სახით ინახავენ. ხდება გადადგმული საშუალო ოჯახის მოღალე ფუტკრის ადგილზე დარჩენილი ოჯახის კიდევ უფრო გაძლიერება და საჭირო ოდენობის საკუჭნაოს ან მთლიანად მეორე კორპუსის დადგმა, მათი სათანადო ოდენობის მშრალი და ხელოვნური ფიჭიანი ჩარჩოებით შევსება.
იქ, სადაც მაისში მთავარი ღალიანობა არ იწყება და ეს ხდება ივნისის ბოლოს ან ივლის-აგვისტოში, ჯერ აწარმოებენ გეგმიური ნამატის შედგენას მარაგ დედაზე, გაუნაყოფიერებელ დედაზე ან სადედეზე იმის მიხედვით, თუ რომელი თვის მთავარ ღალიანობასთან გვაქვს საქმე. ხოლო შემდეგ ახდენენ დროებითი ან დამხმარე გამონაყოფი ნამატის შედგენას.
ვინაიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში ადრეული მთავარი ღალიანობა ხანგრძლივი არ იცის, ამიტომ მოღალე ფუტკარი დიდი რაოდენობით არ იხოცება და ხშირად ოჯახი ისევ ძლიერი რჩება. ამ პერიოდში შეიძლება გამონაყოფი ინდივიდუალური ნამატის მიღება ისევ ჯერ მარაგ, ხოლო შემდეგ გაუნაყოფიერებელ დედაზე ან სადედეზე, საჭიროებისამებრ.
ამ სამუშაოების ჩატარების შემდეგ, თუ მეორე მთავარ ღალიანობამდე 30-35 დღე არის დარჩენილი, მაშინ ფუტკარს სამუშაო რომ ჰქონდეს ბუდეში და ოჯახმა იყაროს, აწარმოებენ ძლიერ ოჯახზე მეორე კორპუსის დადგმას 7 მშრალი და 3 ხელოვნური ფიჭით სავსეს. ხოლო თუ მთავარ ღალიანობამდე ორი თვე ან უფრო მეტია და მოსალოდნელია უხვი მთავარი ღალიანობა, ადგენენ ორკორპუსიან ოჯახს, აწარმოებენ უჯიშო მამლების წინააღმდეგ ბრძოლას.
მაისში უფრო ადვილია ავადმყოფობის აღმოჩენა და მასთან ბრძოლა. ხდება ასევე მომთაბარეობის ადგილის გამონახვა და საფუტკრის მოწყობა სამთაბაროდ.
ივნისი ზაფხულის პირველი თვეა, უფრო ცხელა, ვიდრე მაისში. ბარში ბაღეულის თაფლოვნები დაყვავილებულია. იწყება მომთაბარეობა. ამ თვეში ყოველგვარი მიღწევები პირდაპირ დამოკიდებულია კარგი ხარისხის საკვებ ბაზაზე, რის შეფასების დროსაც მხედველობაში უნდა ვიქონიოთ და გავითვალისწინოთ საფურაჟე და სასაქონლო თაფლის საერთო შემოსავალი.
როგორც ცნობილია, ჩვენში ფუტკრის ოჯახს მთელი წლის განმავლობაში 100-120 კილოგრამი თაფლი სჭირდება. ამ რაოდენობის თაფლს მეფუტკრე ვერ პოულობს ბუდეში, რადგან იგი ყოველდღიურად იხარჯება. თითოეული ოჯახი წლის განმავლობაში ხარჯავს დაახლოებით 25-30 კილოგრამ ჭეოს.
საკვები ბაზის არჩევა რთული საქმეა, ვინაიდან მასზეა დამოკიდებული საფუტკრის გაძლიერება და პროდუქტიულობა. საკვები ბაზის არჩევის დროს, ივნისის თვეში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი: რამდენად მდიდარია საკვები ბაზა თაფლოვნებით და რა მანძილზეა საფუტკრიდან; არის თუ არა მთავარი თაფლოვნების თანმიმდევრობითი ყვავილობა; არის თუ არა მთაგორიანი ადგილები, რასაც დადებითი მნიშვნელობა აქვს საფუტკრისთვის; არის თუ არა სამყოფი წყალი და რა მანძილზეა; არის თუ არა სხვა საფუტკრე ჩვენს საფუტკრესა და საკვებ ბაზას შორის; აკმაყოფილებს თუ არა სამეურნეო მოთხოვნილებას მისადგომი გზა, ადგილმდებარეობა, წყალი, ტყე-ველი, დროებითი ბინის გასაშლელი მოსახლეობა; არის თუ არა თაფლოვნების ყვავილობის ხანგრძლივობა საკმარისი და საჭირო ხომ არ იქნება საფუტკრის მალე გადაადგილება.
მომთაბარეობამდე, იმ რაიონებში, სადაც ივნისში ადგილზე ღალიანობა არ არის, საფუტკრეს ამზადებენ სამთაბაროდ. წარმოებს სამთაბარო სკების და გადასახური ბადურების შემოწმება, რომ დაზიანებული ადგილებიდან, მგზავრობის დროს, ფუტკარი არ გამოვიდეს,ბუდეებიდან უნდა ამოვიღოთ წუნდებული ჩარჩოები, ჩავამაგროთ ბუდესა და საკუჭნაოს ჩარჩოებს. საღამოთი დაკეტავენ საფრენებს, მგზავრობენ ღამით. სამთაბარო ადგილზე დაბინავებულ სკებს კი საფრენები მორიგეობით უნდა შევუხსნათ, ვაწარმოებთ სკების დაჩრდილვას, ასევე აუცილებელია ბუდეებში ჰაერაციის გადიდება, სასმელი წყლის და საკონტროლო სკის დადგმა, დროებითი ბინის მოწყობა და მიმდინარე სამუშაოების ჩატარება.
ივნისში, ასევე, თუ კარგი ღალიანობაა, საჭიროა დედების გამოყვანა, წარმოებს შესანახი მარაგი თაფლის გარდა, თაფლის დაწურვა. მიმდინარეობს ავადმყოფობის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც ბუდის გამოცვლის საშუალებით, ასევე სამკურნალო პრეპარატებით. ასევე კარგია, აქედანვე ვაწარმოოთ ფუტკრის საზამთრე დასათბუნებელი მასალის დამზადება, ჭილოფის, ბალიშის და სხვათა სახით.
ჯანვერდ ცეცხლაძე,
მეფუტკრე