საპარლამენტო კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინეს, ეს განცხადება უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ამ წუთებში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მამუკა ბახტაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას 2017 წლის 13 ნოემბრიდან იკავებს. 2013 წლის აპრილიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე იყო სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, 2010-2012 წლებში – საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი, 2007-2008 წლებში – სასტუმროების ქსელ „რჩეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო 2005-2006 წლებში – სს „საქართველოს რკინიგზის“ პროექტის მენეჯერი.
მამუკა ბახტაძე არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ამასთან, ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს კი INSEAD-ის ბიზნესსკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია.
კანონმდებლობის თანახმად, უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პრეზიდენტს წარუდგენს, რომელსაც, თავის მხრივ, პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან შვიდი დღის ვადაში წარუდგენს.