“ქართული ოცნების” ოფისში ჩატარებული შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს, პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, მამუკა ბახტაძე დაიკავებს.
ყოფილი ფინანსთა მინისტრის საპრემიერო კანდიდატად განხილვას მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც დღესვე გამოუჩნდა.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა როგორ აფასებენ პოლიტოლოგები მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას.
როგორც პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, ბახტაძე პოლიტიკოსის სახით საზოგადოებისთვის ცნობილი ფინანსთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ გახდა. როგორც ფინანსთა მინისტრს, რამდენიმე საინტერესო იდეაც ჰქონდა, მაგრამ ეს მის პრემიერ-მინისტრად დანიშვნისთვის პოლიტოლოგს საკმარისად არ ეჩვენება.
„შეიძლება ითქვას, რომ მისი პოლიტიკური კარიერა ფართო საზოგადოებისთვის დაიწყო მას შემდეგ, რაც ის გახდა ფინანსთა მინისტრი, თუმცა რამდენად არის ან ოდესმე იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში ვერ გეტყვით. რამდენიმე საინტერესო იდეა გააჟღერა ბანკებთან, მცირე საწარმოებთან მიმართებაში, მაგრამ არ ვთვლი, რომ მხოლოდ ეს ინიციატივები საკმარისია იმისთვის, რომ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ლიდერი“,_ამბობს ძაბირაძე.
პოლიტოლოგი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ყურადღებას სახელისუფლებო სისტემის გაუმართაობაზე ამახვილებს.
„სამწუხაროდ ჩვენთან ისევ გაუმართავი აღმოჩნდა სახელისუფლებო სისტემა, რადგან როგორც წესი, საპარლამენტო მმართველობის და ნებისმიერი მმართველობის მიზანია, უმაღლეს თანამდებობას იკავებდნენ პოლიტიკური ლიდერები. ჩვენ შემთხვევაში ასე უკვე რამდენიმე წელია არ ხდება. ჩემი აზრით ამ სისტემამ არ გაამართლა. დღევანდელი ხელისუფლება ისევე როგორც გუშინდელი და გუშინწინდელიც, ღარიბაშვილიდან მოყოლებული უფრო ტექნიკური მთავრობაა, ვიდრე საპარლამენტო მმართველობის დროს შეიძლება ჩამოყალიბებულიყო. რეალურად ლიდერი არ მართავს ქვეყანას, ის დგას მართველობითი სისტემის გარეთ“,_ამბობს ძაბირაძე.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი, რომელსაც მამუკა ბახტაძის, როგორც საპრემიერო კანდიდატის შეფასება ვთხოვეთ, იქამდე ვიდრე ამის შესახებ ინფორმაციას მმართველ გუნდი ოფიციალურად დადასტურებდა, ყოფილი ფინანსთა მინისტრის შეფასებისას მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა _ „მას თავი ჯერ არაფრით გამოუჩენია“,_გვითხრა ცინცაძემ.
ამავე თემაზე:
საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძე წარადგინა