მშობლები ყოველთვის ცდილობენ იმის წარმოდგენას, თუ როგორი იქნება მათი მომავალი შვილი, ვის უფრო მეტად დაემსგავსება – დედას თუ მამას? უპირველეს ყოვლისა, მათ ის აინტერესებთ, გოგონა დაიბადება, თუ ვაჟი და როდესაც ექოსკოპიაზე მიდიან, ნაყოფის განვითარების კონტროლის გარდა, ყოველთვის ამ საკითხით ინტერესდებიან. თუმცა, სქესის გარდა, არც ის არის ნაკლებად საინტერესო, თუ რა ფერის თვალები ექნება ბავშვს. და შეიძლება, ეს საკითხი უფრო მეტადაც აინტერესებთ, ვიდრე მომავალი შვილის სქესი.
უნდა აღინიშნოს, რომ საუკუნეების მანძილზე, მომავალი ბავშვის თვალის ფერის გამოცნობა, ამოუხსნელი ამოცანა იყო. მაგრამ, დღეს მეცნიერება ისე განვითარდა, რომ ზუსტი პასუხის მიღება (ფერის ტონალობის გათვალისწინების გარეშე) ამ საკითხთან დაკავშირებით, სირთულეს აღარ წარმოადგენს.
თვალის ფერის ჩამოყალიბება – რთული პროცესია, რომელიც მთლიანად გენეტიკაზე არის დამოკიდებული. გენების უამრავი კომბინაცია არსებობს, რომელსაც ადამიანი ორივე მშობლისგან იღებს. თუმცა, როგორც სპეციალისტები ხუმრობენ, 99 %-იანი სიზუსტით შეიძლება ითქვას, თუ რა ფერის თვალები ექნება ახალშობილს. ყველა ბავშვს დაბადების პირველ თვეებში, ცისფერი ან მასთან მიახლოებული ტონალობის თვალები აქვს. რამდენიმე თვის შემდეგ, თვალის ფერი ეცვლებათ და საბოლოოდ, თვალის ფერის ფორმირება, მხოლოდ სამი-ოთხი წლის ასაკში ხდება.
ბავშვის თვალის ფერი იმაზე არის დამოკიდებული, თუ რა რაოდენობის მელანინი არის მის ორგანიზმში და ასევე იმაზე, თუ რა ზეგავლენას მოახდენს მასზე მზის სინათლე. ამ ორი ფაქტორის კავშირის საფუძველზე, თვალის ფერმა შეიძლება მიიღოს: ყავისფერი, თაფლისფერი, მწვანე, ცისფერი და ა. შ.