„ქართულ ოცნებაში“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. თანაგუნდელის, ზაქარია ქუცნაშვილის მოსაზრებას მმართველი გუნდის დეპუტატები არ ეთანხებიან. ქუცნაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელ კანდიდატს მხარი არ უნდა დაუჭიროს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მმართველი პარტია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში გარკვეული სახით უნდა ჩაერიოს.
„ზაქარია ქუცნაშვილს ასე მიაჩნია, მე არ მიმაჩნია, მე სხვანაირად მიმაჩნია, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ასე თუ ისე უნდა ჩაერიო, თუმცა, ჩარევას გარკვეული ფორმა და გარკვეული ნორმები სჭირდება,“ – აცხადებს გიორგი ვოლსკი.
გიორგი ვოლსკიმ ოპოზიცია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ოპონენტები მხოლოდ ქვეყანაში დაძაბული სიტუაციის შექმნას ცდილობენ.
„ოპოზიცია არ არსებობს, არსებობს გარკვეული შეთქმულთა სექტა, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანაში ვითარება დაიძაბოს და მოხდეს ის, რაც მათი აზრით, მოიყვანს მათ ხელისუფლებაში,“ – განაცხადა ვოლსკიმ.