ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის მიზეზების შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში წერია, რომ არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე დაზიანებები უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც სიკვდილი მოჰყვა. ექსპერტიზის დასკვნის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამის გამოკვლევის მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა უსწოროკიდეებიანი ჭრილობები მარცხენა წვივის და მარჯვენა მტევნის მე-3 და მე-4 თითების მიდამოში. მარჯვენა მტევნის მე-4 თითის ძირითადი ფალანგის ღია მოტეხილობა, მრავლობითი ვრცელი სისხლნაჟღენთები (20-ზე მეტი\სხეულის სხვადასხვა მიდამოში და მათ ფონზე ზოლისებური ფორმის სისხლნაჟღენთები (არანაკლებ 46), კეროვანი სისხლჩაქცევა თავის რბილი საფარის შიგნითა ზედაპირზე მარჯვნივ თხემის მიდამოში, სისხლჩაქცევა მარცხნივ და მარჯვნივ სათესლე პარკის მიდამოში და არსებული მარჯვენა სათესლე ჯირკვლის ქსოვილში, მრავლობითი ნაჭდევები (38-ზე მეტი) სხეულზე.
დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია და განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მრავალჯერადი მოქმედების შედეგად. დაზიანებები ზოლისებური ფორმის სისხლნაჟღენთების (არანაკლებ 46) სახით განვითარებულია რამე შემოსაზღვრული (ბრტყელი და/ან ცილინდრული) ზედაპირის მქონე საგნის ან საგნების მრავალჯერადი ზემოქმედებით.
წარმოდგენილი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს აქტის მონაცემებით, ტატუნაშილის სიკვდილი გამოიწვია გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობამ, რომელიც განვითარდა მიოკარდიის მწვავე იშემიით გართულებული ჰიპერტონიული დაავადების შედეგად. გამოძიების მიერ წარმოდგენილ მასალებში არსებული ტატუნაშვილი ჯანმრთელობის შესახებ არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებით, აღნიშნულ პიროვნებას არ აღენიშნებოდა ჰიპერტონიული დაავადება და სხვა სახის გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გვამთან არსებულ პრეპარატში არ დადასტურდა კორონაროათეროსკლეროზის არსებობა.
მთელი რიგი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული კორონარების მწვავე სპაზმის და შესაბამისად მწვავე იშემიის განვითარების შემდეგი რისკფაქტორები: თამბაქოს აქტიური მოხმარება, ნარკოტიკების მოხმარება, ამფეტამინი, კოკაინი და სხვა. ტრავმა, სიცივე-დაბალი ტემპერატურის მოქმედება, ძლიერი ემოციური სტრესი, მაღალი არტერიული წნევა, ასაკი, დიაბეტი.
სხვა მაპროვოცირებელი რისკფაქტორების არარსებობისა, გვამის გამოკვლევისას დადგენილი სხეულის დაზიანებები, ფიზიკური ტრავმა, ძლიერი ფსიქო-ემოციური სტრესი უნდა ყოფილიყო დადგენილი მწვავე კარდიოლოგიური პათოლოგიის, კორონარული არტერიების სპაზმის, მიოკარდის, მწვავე იშემიის და შედეგად მწვავე გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის განვითარების მაპროვოცირებელი ფაქტორი.
ჩვენ ხელთ არსებული და საქმეზე წარმოდგენილი მასალების მონაცემებით, სიკვდილთან მიზეზობრივი კავშირის არსებობის გამო, არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი“, – აღნიშნულია სამხარაულის კომისიურ დასკვნაში.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოში დაღუპვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გადმოასვენეს. ამის მიზეზად კი ცხინვალის დეფაქტო მთავრობა ექსპერტიზას ასახელებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გადმოსვენებულ ცხედარს ორგანოები აკლდა, რის გამოც დაღუპვის ზუსტი მიზეზის დადგენა რთულდებოდა. ქართულმა მხარემ არაერთხელ მოუწოდა რუსეთსა და დეფაქტო სამხრეთ ოსეთს ორგანოების დაბრუნების შესახებ. 20 ივნისს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდის ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განცხადა, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ვლადიკავკაზშია, სადაც ტატუნაშვილს ექსპერტიზა ჩაუტარდა.
არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საქმეზე საქართველოში სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ბრალი დაუსწრებლად 14 ივნისს წაუყენა. 15 ივნისს კი დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. დანაშაული სასჯელად თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ტატუნაშვილის დაღუპვას ქვეყანში პოლიტიკური გამოხმაურებაც მოჰყვა. 2017 წლის 5 მარტს პარტია „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმრავლესობას არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. 21 მარტს, საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციის პროექტი 106 ხმით დაამტკიცა.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ნაწამები ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26-დღიანი ლოდინის შემდეგ გადმოსცეს.