ყაჩაღობა და ქურდობა ყველა ქვეყანაში, რაგინდ ცივილიზებული არ უნდა ყოფილიყო ის, დიდ პრობლემად ითვლებოდა. გაზეთი ,,ივერია” ყაჩაღობის ფენომენის შესახებ წერდა: ,,არ არის არც ერთი განათლებული ერი, რომ თავის განვითარებაში ყაჩაღობის ხანა არ გაევლოს. ყაჩაღობა ბარომეტრია, რომელიც ნათლად გვიჩვენებს ორის ერთი-მეორის მოწინააღმდეგე ძალთა შორის ბრძოლის სიმწვავეს…” გამონაკლისი არც რუსეთის იმპერია და მაშინ მისი შემადგენელი ნაწილი, საქართველო შეადგენდა. გაზეთ ,,ცნობის ფურცელში” (1898, # 623) გამოქვეყნებული იყო წერილი სათაურით ,,ბრძოლა ყაჩაღობასთან”, რომლის მიხედვით, ტფილისის გუბერნატორი გამგზავრებულა ყარსის რკინიგზით სადახლომდე ბორჩალოს მაზრაში, სადაც ზომები უნდა მიეღო ,,ახლომახლო მაზრებში ყაჩაღობის მოსასპობად”. ყაჩაღობა არა მხოლოდ ,,ახლომახლო მაზრებში” იყო გავრცელებული, არამედ მთელ საქართველოს იყო მოდებული. 1878 წელს გაზეთმა ,,დროებამ” (1878, #189) ამ პრობლემისადმი მიძღვნილი სტატია სათაურით ,,ავაზაკობის შესამცირებლად” პირველ გვერდზე მოათავსა. სტატიიდან ნათლად ჩანს, რომ ყაჩაღობა არა მარტო პროვინციების, არამედ თვით დედაქალაქის უზარმაზარი პრობლემა ყოფილა: ,,ჩვენში ხდება ხშირად ავაზაკობა. ქურდობენ ღამით, საღამოთი, დღისით, შუადღეზედ, იცარცვებიან მიყრუებულ ქუჩებში, ბაზრებში, მაედნებზე, გალავინის პროსპექტზე ერთის სიტყვით, ყველგან და ყოველთვის…”
ეს პრობლემა იმდენად აქტუალური იყო რომ, იქმნებოდა მხატვრული ნაწარმოებები. ერთ-ერთი ასეთი პირველი ნაწარმოები იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პოეტის ილია ჭავჭავაძის ლექსი ,,რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან” (1863), სადაც აღწერილია ბატონს გამოქცეული კაცის თავგადასავალი. ლექსის მთავარ გმირს თურმე რეალური პროტოტიპი ჰყავდა. პოეტის ნათესავის, კოტე აბხაზის თქმით: ,,კაკო გახლდათ ერთი კარდანახელი გლეხი, ვინმე გაუხარაშვილი, რომელმაც მართლა ესროლა თავის ბატონს (რომელიღაც ვაჩნაძეს) და ყაჩაღად გავარდა. იმალებოდა ალაზნის (კარდანახის) ტყეში”. ერთხელაც მაშინ ახალგაზრდა პოეტ ილიას ეს ყაჩაღი ტყეში შეხვედრია, ერთად უქეიფიათ, ,,კარგად გამასპინძლებია და დაუთვრია კიდეც. ასე რომ, ილია როდესაც ჩვენსა მოვიდა, ბარბაცებდა და მარტო იმას გაიძახოდა ენის ბორძიკით, დამაძინეთ, დამაძინეთო! მეორე დღეს კი გვიამბო თავის თავგადასავალი, ხოლო დაუმატა, რომ გაუხარაშვილი სულ ბატონებს წყევლის და აგინებსო”.
გაუხარაშვილის ყაჩაღად გავარდნა იმ სოციალურ-პოლიტიკური სისტემის შედეგი იყო რაც გამეფებული იყო მაშინ რუსეთის იმპერიაში – ეს არის ბატონყმობა.
ბატონისა და ყმის ურთიერთობა საქართველოში დიდად არ განსხვავდებოდა სხვა ბატონყმური წყობილების ქვეყნისაგან, სოციალური ანტაგონიზმი ჩვენშიც ძლიერი იყო და კლასთა შორის ბრძოლა მწვავე ფორმებს იღებდა. საქართველოში ოდითგანვე ყმების გაყიდვა და მათი გადაცვლა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. `ბატონებს აქ თავის ქვეშევრდომების სიცოცხლესა და ქონებაზე განუზომელი უფლებები აქვთ, როგორც უნდათ ისე ექცევიან მათ. ართმევენ ცოლებს, ბავშვებს; ყიდიან ან სხვაგვარად ბატონობენ მათზე~. ასე აღწერს ფრანგი ჟან შარდენი XVII საუკუნის საქართველოს ბატონყმურ მდგომარეობას. ყმების გაყიდვა საქართველოში მრავალი საუკუნის განმავლობაში ხდებოდა, ეს საკმაოდ სარფიანი ბიზნესი გახლდათ, ტყვეებს ყიდდნენ ყველანი, ვისაც კი არ ეზარებოდა: მეფეები, მთავრები, თავად-აზნაურები, გლეხები და თვით მღვდელმთავრებიც თბილისის საროსკიპოები სავსე იყო გაყიდული ყმა გოგოებით, რომ არაფერი ვთქვათ აღმოსავლეთის ბაზრებზე, რომლებიც რეგულარულად ივსებოდა როგორც უცხოელი მოთარეშეების მიერ გატაცებული ადამიანებით, ისე ქართველების მიერ გაყიდული ყმებით. ცოცხალი საქონლით ქართველი მოვაჭრენი სარგებლის მოლოდინში არაფერს ერიდებოდნენ. იტალიელ მისიონერს არქანჯელო ლამბერტის მოჰყავს ერთი ფაქტი, თუ როგორ შეიტყუა ოდიშის დიდებულმა ვინმე ჭილაძემ თორმეტი ქართველი მღვდელი, ბორკილები დაადო, თმა და წვერი გაპარსა და თურქებს მიჰყიდა. მსგავსი ფაქტების მოყვანა მრავლად შეიძლება. ტყვეთა გაყიდვის ამ აღმაშფოთებელ ტენდენციას წერტილი მხოლოდ რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომის შემდეგ დაესვა.
მრავალმხრივ შევიწროებული გლეხები თავის გადასარჩენად და დასაცავად პროტესტისა და ბრძოლის სხვადასხვანაირ ფორმებს მიმართავდნენ, იქნებოდა ეს საჩივარი, საკუთარი მიწა-წყლიდან გაქცევა-გადასახლება (იყო შემთხვევები, როცა აუტანელი პირობების გამო ყმა გლეხები ოსმალეთში გარბოდნენ და ნებაყოფლობით ბარდებოდნენ ტყვეებად) თუ პროტესტის უკიდურესი ფორმა: კოლექტიური ან ინდვიდუალური ტერორი, რაც გამოიხატებოდა საყოველთაო აჯანყებაში, ბატონის ავლადიდების დაწვა-განადგურებასა და ბატონისა მოკვლაში. XVIII საუკუნის 40-80-იან წლებში კლასობრივი კონფრონტაცია გამწვავებულ ხასიათს იღებს, რაზეც მრავალი საბუთი და ხალხური გადმოცემა მეტყველებს. ერთი საბუთის მიხედვით ბატონ მაჭავარიანის ყმას გაქცევა ჰქონდა განზრახული. ბატონმა ეს გაიგო და მათ შორის ჩხუბი მოხდა, რაც მაჭავარიანის მკვლელობით დასრულდა. ხალხურმა მეხსიერებამ შემოინახა აგრეთვე ბატონყმობის წინააღმდეგ მებრძოლ ქალთა სახელები: მაია წყნეთელი, თინა წავკისელი, თამარ ვაშლოვნელი… XIX საუკუნეშიც ბატონისა და ყმის კონფრონტაციის მრავალი შემთხვევაა აღწერილი: 1810 წელს ყმა გლეხმა ხანჯლით აკუწა თავისი ბატონი, მეფე გიორგის მდივანბეგი ზაალ ბარათაშვილი, პაპა და სეხნია არსენა ოძელაშვილის ბატონისა. გლეხები უკიდურეს შემთხვევაში იღებდნენ ხელში იარაღს და საკუთარ მწვალებლებს ხოცავდნენ. ასე მოხდა 1830-იან წლებში, როცა გლეხებმა თავადი რევაზ ერისთავი ქალის გაუპატიურებისა და სხვა ცოდვების გამო ნაჭერ-ნაჭერ აკუწეს, ხეზე ჩამოკდეს, ასო მოაჭრეს და პირში ჩაუდეს. გვამი სამ დღე-ღამეს ეკიდა თურმე ხეზე. ასეთივე ბედი ეწია თავად ამილახვარს, რომელიც დაქირავებული ოსის ხელით შუაზე გადაჭრეს, მასაც მოჭრილი ასო პირში ჩაუდეს, ხოლო მთელი ავლადიდება თან წაიღეს.. 1833 წელს სამმა ძმამ ბოლქვაძეებმა მოკლეს ვინმე ჟღენტი იმის გამო, რომ მას სურდა თავისი ქალიშვილისათვის მზითვად გაეტანებინა მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილის ვაჟი. ბატონის მკვლელობის შემდეგ დასავლეთ საქართველოდან გლეხები ან თურქეთში გადადიოდნენ ან თბილისში იპარებოდნენ, ხოლო ქართლელები და კახელები იმერეთსა და გურიაში გადადიოდნენ, იცვლიდნენ სახელ-გვარს, მაგრამ მებატონეები თავს არ ანებებდნენ და მათ დევნიდნენ.