სექტემბრიდან, როგორც კი აგრილდება, იწყება ფუტკრის ბუდის საზამთრედ შედგენა. ღვთიურმა მწერმა თანდათან, დაზამთრებამდე უნდა დაასრულოს ბუდის მოწყობა, რასაც მას ბუნება უკარნახებს.
სექტემბერში, როცა დღე საგრძნობლად პატარავდება, მცირე ნექტრის გამო, ფუტკარი ნაკლებად ეტანება ბალახოვან ყვავილებს. ისინი შუადღისას აწარმოებენ გამოფრენას, თუმცა, მალე ბრუნდებიან ბუდეში.
საკონტროლო სკა ყოველდღე დანაკლისს აჩვენებს. დედა ფუტკარი ამ დროს თანდათან უკლებს კვერცხმდებლობას, ფუტკრები ემზადებიან საზამთროდ და დინდგელით ლესავენ სკის ნახვრეტებს, სკის შიგნითა კედლებს. აპატარავებენ საფრენებს. განსაკუთრებით ასე იქცევა მთის ქართული რუხი ფუტკარი.
როგორც კი ჭუპრის უკანასკნელი თაობა გამოვა, ადგენენ საზამთრედ ბუდეს. ბუდეში რჩება ფუტკრებით დაფარული ჩარჩოები და ბუდის ნაპირებში _ ორი თაფლით სავსე ანუ დამცველი ჩარჩოები. შუა ბუდეში ორ-ორი კგ თაფლიანი და ჭეოიანი ჩარჩო უნდა იყოს. თაფლი ნაპირებისკენ მატულობს და 3-4 კგ თაფლიანი დამცველი ჩარჩოებით მთავრდება. თაფლი უნდა იყოს 16-18 კგ. დანაკლისს შაქრის ხსნარით შევავსებთ ნორმამდე. ფუტკრიანი ჩარჩოები სკის საფრენების წინ უნდა მოვათავსოთ. დასათბუნებლად გვერდებზე ტიხრებსა და ბალიშებს ვუკეთებთ, ხოლო ჩარჩოების თავზე, ფიცრის ჭერს 3-4 ფენად დაკეცილ ქაღალდს და ბალიშს ვუდებთ. ბუდის მოწყობას ფუტკრები თვითონ დაასრულებენ.
სექტემბერშიც შეიძლება გაჩნდეს მანანას თაფლი, რაც თაფლის ხსნარით უნდა შეიცვალოს.
დასავლეთ საქართველოში სექტემბრის ბოლომდე შეიძლება მომთაბარეობა, ველურ ქონდარზე, წყალნაწყენზე, თეთრ სამყურაზე და სხვა.
ბუდის შედგენის შემდეგ, უნდა მოვახდინოთ ყველა მონაცემის შეჯამება.
ოქტომბერში, როცა ყვავის სურო _ ფატალო, მწიფს ყურძენი, ფუტკარი ჯერ კიდევ ეტანება ამ ყოველივეს, ბევრი იღუპება. ბუდეში, ცოტად თუ ბევრად, კიდევ არის ჭუპრი, რაც საბოლოოა. ოქტომბრის კარგ ამინდში ხანდახან მთლიანად იღვიძებს საფუტკრე, გამოსული ფუტკარი ჰაერში ირევა, თითქოს, მთავარი ღალიანობა იყოს. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ძველი და ახალგაზრდა ფუტკრის კუჭის გასაწმენდად და საორიენტაციოდ გამოფრენაა. თუ ტემპერატურა 10-11 გრადუსამდე დაეცა, ამ დროს ფუტკრები საბოლოოდ კრავენ გუნდს და თავს იყრიან ბუდეში.
ამ დროს მეფუტკრემ საფუტკრეში სეზონის უკანასკნელი სამუშაო უნდა ჩაატაროს. კერძოდ, უნდა შევამოწმოთ სკის სახურავები, საფრენთან ავაცალოთ საბიჯი ფიცრები, შევავიწროვოთ საფრენები. ასევე, დავასუფთაოთ და სათავსში, მშრალ ადგილზე შევინახოთ სამუშაო ინვენტარი. უნდა გადავადნოთ წუნდებული ფიჭები, შევიძინოთ ხელოვნური ფიჭა.
~გვახსოვდეს, რომ თაგვისგან დაცულ ადგილზე შევინახოთ მშრალფიჭიანი ჩარჩოები.
ოქტომბერი ფუტკრის საზამთროდ მოწყობის გადამწყვეტი თვეა. მთავარი ყურადღება უნდა მივაქციოთ ოჯახის სიძლიერეს, ბუდის ავკარგიანობას, დედას, საკვებ მარაგს, უნდა შევამციროთ ბუდე ზედმეტი ჩარჩოების ამოღებით, რომ ფუტკარი უკეთ იყოს დამთბარი. სკის ძირები საბოლოოდ უნდა გავწმინდოთ და შევაკეთოთ იმ მიზნით, რომ შიგ მავნებელი არ შევიდეს ან წყალი არ ჩავიდეს ბუდეში.
ავადმყოფობის აღმოჩენის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ მშრალი ფუტკრის გადასმა ჯანსაღთაფლიან ჩარჩოებზე.
ნოემბერში, იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ თოვს კიდეც და ამ დროს საფუტკრეში სიწყნარეა. ხანდახან, როცა მზიანი დარი აეწყობა, ფუტკრები გუნდად გამოფრინდებიან კუჭის გასაწმენდად. ჩვენთან, გურიაში ამ დროს ფუტკარი ეტანება ჩაის და ევკალიპტის ყვავილს, მაგრამ ბევრი იხოცება.
რა ევალება ამ დროს მეფუტკრეს? მან საფუტკრეში უნდა დაიცვას სრული სიწყნარე და თაგვის საწინააღმდეგო ღონისძიებაც გაატაროს. გარეთ მოზამთრე ფუტკარს თვალყური უნდა ვადევნოთ, რომ რამემ არ დააზიანოს. საზამთრე ბინაში ფუტკრის გადაყვანა ზედმიწევნით წყნარად უნდა მოხდეს, რათა არ დაზიანდეს ოჯახი და ფუტკრის გუნდი არ ჩამოიშალოს.
ჯანვერდ ცეცხლაძე, მეფუტკრე