გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მალე თანამდებობას დატოვებს და ვიცესპიკერად გადავა. ამბობენ იმასაც, არჩილ თალაკვაძეს ირაკლი კობახიძე არ „წყალობს“ და ამ დრომდე უმრავლესობის ლიდერის პოსტის შენარჩუნება, სუს-ის უფროსის მოადგილის, მისი მეუღლის ბიძის, გრიგოლ ლილუაშვილის მფარველობით მოახერხა. დეპუტატები „გურია ნიუსს“ იმასაც უყვებიან, რომ თალაკვაძეს უმრავლესობის მართვა უჭირს და მათთან ძირითადად „ვოთსაფით“ ურთიერთობს.
ჩვენ დეტალების გადამოწმება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან ვცადეთ. არჩილ თალაკვაძესთან ინტერვიუ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემით, მოსამართლეთა სიაზე საუბრით დავიწყეთ.
_ ბატონო არჩილ, ქვეყანაში ბოლო დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა მოსამართლეთა სიაა, რომელზეც განცხადებების გაკეთებას ერიდებით. რატომ?
_ სამართლიანი სასამართლო ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. ახალ კონსტიტუციაში სწორედ ჩვენ ჩავდეთ სასამართლოს დამოუკიდებლობის უფრო ძლიერი გარანტიები. კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და წარდგენის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეკუთვნის და საბჭომ კანდიდატურები პარლამენტს წარუდგინა. პარლამენტმა კანდიდატურები უნდა განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება თითოეულზე. როგორც იცით, ამ პროცესთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობის გამო, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ორი თანმიმდევრული გადაწყვეტილება მიიღო _ პირველი: საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო და მეორე: მოსამართლეთა შერჩევისა და წარდგენის პროცედურა ცალკე საკანონმდებლო აქტით განისაზღვროს. შესაბამისად, ახლა იწყება მუშაობა რეგულაციებზე, რომლის საფუძველზეც, პარლამენტში კანდიდატურების შერჩევა და დასახელება მოხდება. პარლამენტი გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.
_ თქვენ ხართ იმ უმრავლესობის ლიდერი, სადაც დიდი ხანია განხეთქილებაა. დეპუტატები ჩვენთან პირად საუბრებში ამბობენ, რომ თქვენ მართვა გიჭირთ და მათთან ძირითადად „ვოთსაფით“ ურთიერთობთ, რაც გამართლებული არ არის. რატომ ამჯობინებთ კოლეგებთან ონლაინ ურთიერთობას?
_ ადვილი საქმე არასოდეს მქონია და ამდენი გამოცდილი, თავისი სფეროს მცოდნე და არჩეული პოლიტიკოსების ლიდერობა რაღა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ყველასთან ღია და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დრო უმრავლესობის თითოეულ წევრს და ფრაქციას უნდა დავუთმო, ასევე, საკმარისი ენერგია უნდა დავუთმო ოზურგეთს _ ოლქს სადაც ამირჩიეს. უმრავლესობის წევრებთან ურთიერთობისთვის ყოველთვის ვიტოვებ დროს, ზოგჯერ ეს არის სტუმრობა, ზოგჯერ სპორტი ან რეგიონებში მოგზაურობა. რაც შეეხება “ვოთსაფს”, ტექნოლოგიებს პატივს ვცემ, მაგრამ ამას ძირითადად საორგანიზაციო საკითხებისთვის ვიყენებთ.
ამ ორი წლის განმავლობაში იყო რთული საკითხები, რომელზეც აზრთა შეჯერება 115 ადამიანს შორის არ იყო ადვილი, მაგრამ არ მახსენდება არც ერთი საკითხი, რომელზეც საბოლოოდ გუნდმა გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო. პარლამენტი მთავარი პოლიტიკური ორგანოა და არც ერთ დემოკრატიაში ის კომფორტის ზონას არ წარმოადგენს.
_ თქვენი კოლეგები იმასაც გვიყვებიან, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არ “გწყალობთ“ და ამის ერთ-ერთ არგუმენტად ისიც მოჰყავთ, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე არც ერთხელ არ დაგსწრებიათ ირაკლი კობახიძე. მასთან რაიმე პრობლემა გაქვთ?
_ ირაკლი კობახიძე განათლებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია, კარგი მეგობარი და საიმედო მოკავშირეა. მას თანაგუნდელებთან “მოწყალებითი” დამოკიდებულება არასოდეს ჰქონია და არც მე მითხოვია ურთიერთობაში რაიმე პრივილეგია. დღემდე გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, მეგობრობა და თანამშრომლობა. უმრავლესობის სხდომებს, როგორც წესი ყოველთვის ესწრება და ეს სხდომების დროს გავრცელებულ არაერთ ვიდეო თუ ფოტომასალაში ადვილად შეგიძლიათ გადაამოწმოთ.
_ ბატონო არჩილ, როგორ ფიქრობთ, თქვენი ადგილი არის პარლამენტში თუ საკუთარ თავს უფრო აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხედავთ?
_ აღმასრულებელ ხელისუფლებაში 2012 წლიდან 4 წელი ვიმუშავე. ვფიქრობ, საქმის გაკეთება შევძელი, რომელიც ადამიანებს და ქვეყანას გამოადგა. რაც შეეხება პარლამენტს _ საპარლამენტო გამოცდილება პოლიტიკოსისთვის ფასდაუდებელია _ ხალხთან ურთიერთობა, მედია, დებატები და პოლიტიკურ გუნდთან ერთად მუშაობა. მინდა ვინც ამირჩია იმ ადამიანების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა, ამ პარლამენტში ბოლომდე შევასრულო. მომავალში ჩემს თავს ისევ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვხედავ.
_ „ქართულ ოცნებაში“ ცვლილებები უკვე დაანონსდა… ერთ-ერთი ცვლილება თქვენც გეხებათ და როგორც გვითხრეს, მალე, შესაძლოა, პარლამენტის ვიცესპიკერის ადგილი დაიკავოთ… ეს ის ადგილია, რომელსაც მმართველი გუნდი შავი დღისთვის ინახავს, რომელიც ბესელიას შესთავაზეს, თუმცა, ბოლო მოვლენების გამო გადაიფიქრეთ… რამდენად შესაძლებელია, რომ ეს სავარძელი თქვენ დაიკავოთ?
_ თანამდებობა ჩემთვის თვითმიზანი არასოდეს ყოფილა, ყოველთვის იყო საშუალება, რომ საქმე მეკეთებინა, ადამიანებს დავხმარებოდი და რაიმე ღირებული და უკეთესი შემექმნა. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას _ ეს ვარაუდი არ შეესაბამება სიმართლეს და არ ვადასტურებ. 2 წელი ისეთი რთული პოლიტიკური პოზიციისთვის, როგორიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერია _ საკმაოდ დიდი დროა, თუმცა, მზად ვარ კიდევ ორი წელიც ვიმუშაო.
_ მართალია, რომ უმრავლესობის ლიდერად თქვენი კანდიდატურა გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ თქვენი შეცვლა სურთ, სწორედ ესაა?
_ ორივე ადამიანი, რომელმაც უმრავლესობის ლიდერის პოზიცია შემომთავაზა და წარმადგინა _ დღესაც პარტიის ხელმძღვანელ პოზიციებზე არიან, _ აღნიშნა თალაკვაძემ, თუმცა კონკრეტული გვარები არ დაგვისახელა.
უმრავლესობის ლიდერი, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძეს და კახი კალაძეს გულისხმობს, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, დეტალებზე არ საუბრობს. აკონკრეტებს იმას, რომ კარიერა არავის დახმარებით არ შეუქმნია და არც მომავალში აპირებს ვინმეს შეწუხებას.
„საპარლამენტო გუნდმა დამამტკიცა ამ თანამდებობაზე და თუ ჩათვლის გუნდი, რომ ჩემს საქმეს ვერ ვაკეთებ _ გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის შეუძლია“, _ გვითხრა თალაკვაძემ.
_ ბატონო არჩილ, როგორც უკვე ვთქვით, თქვენი კოლეგები პირად საუბრებში თქვენი მმართველობით უკმაყოფილებას არ მალავენ და ეს დღეს და გუშინ დაწყებული თემა არ არის. გვეუბნებიან იმასაც, რომ თქვენ შეცვლაზე საუბარი გაცილებით ადრე, გაზაფხულზე დაიწყო, თუმცა, თქვენი მფარველის, სუს-ის უფროსის მოადგილის, თქვენი მეუღლის ბიძის, გრიგოლ ლილუაშვილის მფარველობით მოახერხეთ ამ დრომდე თანამდებობის შენარჩუნება… ამაზე რას იტყვით? სარგებლობთ ლილუაშვილის ნათესაობით?
_ უმრავლესობის ლიდერის პოზიცია რთული პოზიციაა ნებისმიერ პარლამენტში. როგორც უკვე აღვნიშნე, საპარლამენტო გუნდმა დამამტკიცა ამ თანამდებობაზე და თუ ჩათვლის გუნდი, რომ ჩემს საქმეს ვერ ვაკეთებ, გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის შეუძლია. ილუზია არასოდეს მქონია, რომ ყველა კმაყოფილი იქნება ჩემი მუშაობით. არავისთან ნათესაობით არ შემიქმნია ჩემი კარიერა და არც მომავალში ვაპირებ ვინმე ამის გამო შევაწუხო. გრიგოლ ლილუაშვილს მინდა მივულოცო დაწინაურება და წარმატებები ვუსურვო ქვეყნის სამსახურში. რა თქმა უნდა, მისი წარმატებები ძალიან გამეხარდება.
_ გარდა იმისა, რომ ხართ უმრავლესობის ლიდერი, ასევე, წარმოადგენთ ოზურგეთს საქართველოს პარლამენტში. როგორც მაჟორიტარმა, რა გააკეთეთ თქვენი ოლქისთვის ამ ორი წლის განმავლობაში?
_ მეამაყება, რომ წარმოვადგენ ჩვენს ოზურგეთს, მხარეს სადაც დავიბადე და გავიზარდე, თავისუფლებისმოყვარე და განათლებულ ხალხს, უნიკალურ კულტურას და ტრადიციებს. უკვე ორი წელია, რაც ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ. პირველ რიგში, რასაც ვაკეთებ, ეს არის ხშირი კავშირი ხალხთან, სოფლებსა თუ ქალაქში. ვხვდები ახალგაზრდებს, ვმონაწილეობ საჯარო შეხვედრებში, მივდივარ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებში, წლის განმავლობაში ბევრ ადამიანს იურიდიული, სოციალური, სამედიცინო თუ განათლების საკითხების გადაჭრაში ვეხმარები. ჩემი უშუალო ჩართულობით და მთავრობის მხარდაჭერით შენდება და სრულად განახლდება ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლა, სადაც ჩვენი სახელოვანი წინაპრები სწავლობდნენ; ოზურგეთისთვის კეთდება პრაქტიკულად ახალი მუზეუმი; ქალაქში შენდება ახალი წყალსადენი, რომელიც მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის წყალმომარაგებას (ანასეული) უკავშირდება; შენდება ყველაზე დიდი სოფლების _ ბახვის, ვაკიჯვრის და ცხემლისხიდის წყალმომარაგების ახალი სისტემა; იგეგმება ახალი სპორტული ბაზის მშენებლობა; შენდება და რემონტდება სამედიცინო ამბულატორიები; ჩვენი ჩართულობით მომზადდა სამეწარმეო პროექტები, რომელმაც შემდგომ დაფინანსება მოიპოვა; ოზურგეთში მაქვს ძალიან აქტიური ბიურო და მყავს გულისხმიერი, განათლებული და ეფექტური ადამიანები ოფისში.
_ „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის წევრები ხშირად გსაყვედურობენ, აღნიშნავენ, რომ დაპირებებს არ ასრულებთ, რომ მათთან კომუნიკაციას ერიდებით… ზოგადად, „ქართული ოცნების“ წევრები, ოზურგეთში, მმართველი გუნდით უკმაყოფილებას ხშირად გამოთქვამს… ბოლო ერთი წლის მოვლენებს, “ოცნების” ოზურგეთის მერის მიერ გათავისუფლებულ მხარდამჭერების საქმეებს თუ გადავხედავთ, თქვენც ჩართულობას ნაკლებად დავინახავთ, რაც, ბუნებრივია მათი მხრიდან წყენის და საყვედურის საბაბია… რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?
_ ოზურგეთში ხშირად ჩავდივარ. ასევე, დიდ დროს ვატარებ საარჩევნო კამპანიების დროს და როგორც წესი საარჩევნო შტაბის მუშაობაში სრულფასოვნად ვარ ჩართული. საკრებულოში ჩვენს გუნდთან ხშირი კომუნიკაცია მაქვს. თუ ვინმე მსაყვედურობს, ამასაც ვცდილობ ყურადღებით მოვეკიდო და გავითვალისწინო. მერიიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებთან მქონდა არაერთი შეხვედრა _ მათ მიმართეს სასამართლოს და აქვთ დავები მერიასთან, იმედი მაქვს სამართლიანი გადაწყვეტილებები დადგება. დაპირებებს ძალიან მოზომილად და იშვიათად გავცემ, მაგრამ ვცდილობ ყოველთვის შევასრულო.
_ ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერი ხართ. იმ გუნდის, რომელიც ბევრი დაპირებით მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა, მათი დიდი ნაწილი არ ასრულებულა _ განახევრებული ტარიფები, გაიაფებული ბენზინი, აგუგუნებული საწარმოები და ბედნიერი მოსახლეობა რომ არ არის ფაქტია… ისიც ფაქტია, რომ მოსახლეობას ძალიან უჭირს და პრაქტიკულად, შუა ფენა არ არსებობს… დოლარის კურსი, გაძვირებული პროდუქტები და მხოლოდ დაპირებები… რა პასუხი გაქვთ ამ ყველაფერზე და თუ გაქვთ პრობლემების მოგვარების კონკრეტული გეგმა?
_ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რეალურად შეიცვალა ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა, დავნერგეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, მივიღეთ ევროპასთან უვიზო რეჟიმი, ეკონომიკა იზრდება წელიწადში 4-6%-ით, მივიღეთ ახალი კონსტიტუცია, 10 000-ზე მეტ დევნილს გადავეცით ბინები, შევამცირეთ პატიმრების რაოდენობა და გავაუმჯობესეთ მათი პირობები, გავაკეთეთ მოგების გადასახადის რეფორმა, შემოვიღეთ დაგროვებითი პენსია, გავზარდეთ სოციალური დახმარებები, ავაშენეთ 48 ახალი სკოლა და გავარემონტეთ 53, ტურისტების რაოდენობა 4-დან 8 მილიონამდე გავზარდეთ, ორჯერ მეტი გზა დავაგეთ ვიდრე წინა ხელისუფლებამ შეძლო, ავაშენეთ 21 ელექტროსადგური, ავაშენეთ 50-ზე მეტი იუსტიციის საზოგადოებრივი ცენტრი, ღვინის ექსპორტი 30-დან 80 მილიონ ბოთლამდე გავზარდეთ, მოხდა ვალების განულება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, პირდაპირი სავაჭრო ხელშეკრულებები გავაფორმეთ ევროკავშირთან და ჩინეთთან…. ჯერ კიდევ არაერთი ოჯახი რჩება, ვინც სახელმწიფოსგან ქმედით დახმარებას, დასაქმებას და კეთილდღეობას ელოდება. რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები – ოკუპაცია, სიღარიბე, შრომის უსაფრთხოება, გაზი და წყალი არაერთ სოფელში. ერთად უნდა შევძლოთ ამ პრობლემების მოგვარება. მე იმედიანად ვარ და მჯერა ჩვენი ხალხის, მჯერა ჩვენი ქვეყნის მომავლის.
_ იმ ფონზე, როცა ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ვერ მოახერხა მილიონობით ლარის ათვისება, მილიონობით ლარი დაუხარჯავი დარჩა განათლების სამინისტროს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ლარის გაუფასურების გამო, სახელმწიფო ვალის ნაშთი 2018 წლის განმავლობაში 211 მლნ ლარით არის გაზრდილი. ამ ფონზე, შეგიძლიათ გვითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას კარგად მართავს?
_ ჩვენ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ჩავიბარეთ 2012 წელს. ადვილი არ იყო ამ პრობლემებთან გამკლავება და, პარალელურად, ქვეყნის წინსვლის უზრუნველყოფა. მიმაჩნა, რომ ბევრი მიმართულებით შევძელით პროგრესისთვის მიგვეღწია, თუმცა, არა ერთი მიმართულებით გვაქვს გამოწვევები. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში პრობლემების ანალიზი ჩატარებულია და 2019 წელს მაქსიმალურად შევეცდებით შევცვალოთ სურათი.
_ კრიმინალის გაზრდილ მაჩვენებელზეც მინდა გკითხოთ _ დღისით, მზისით სროლები და მკვლელობა ქუჩებში, გახშირებული ყაჩაღობისა და ქურდობის ფაქტები… ამ ყველაფერს რითი ხსნით?
_ კრიმინალის მაჩვენებლების შესახებ მონაცემები გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაული 2018 წელს შემცირებულია, თუმცა გაზრდილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. დანაშაულთან ბრძოლა მუდმივი ამოცანაა _ ის არასოდეს არ არის დასრულებული. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს _ ისინი დილიდან დილამდე იცავენ საზოგადოების უსაფრთხოებას _ აქვთ რთული და დაძაბული სამსახური.
მთავარია, რას უპირისპირებს დანაშაულს სახელმწიფო. დღეს შსს რეფორმებს ავითარებს ორი ძირითადი მიმართულებით: 1. მომხდარ დანაშაულზე ეფექტური რეაგირება 2. დანაშაულის პრევენცია. სწავლება და მომზადება, ვიდეომონიტორინგის სისტემები ქალაქებში და გზებზე, საპატრულო პოლიციის სისტემური განახლება, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი და სხვა ინიციატივები.
_ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით. საპრეზიდენტო არჩევნებზე გაცემული დაპირებების შესრულებას როდის აპირებთ?
_ საპრეზიდენტო არჩევნები იყო ძალიან დაძაბული, თუმცა, მეორე ტურში დიდი სხვაობით გაიმარჯვა ჩვენს მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა. მან უფლებამოსილების გახორციელება ძალიან აქტიურად დაიწყო. ვიზიტი ბრიუსელში და მაღალი დონის შეხვედრები არის კარგი მაგალითი, თუ რატომ იყო სალომე ზურაბიშვილი სწორი არჩევანი _ ის საქართველოს საუკეთესოდ წარადგენს საერთაშორისო ასპარეზზე.
ჩვენი გეგმები 2019 წლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციურია _ რეგიონებს ექნებათ მეტი დაფინანსება, დაგეგმილია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ვმუშაობთ ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე.
ოზურგეთში არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელება.
_ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებია… გეგმავთ, რომ ოზურგეთელების ნდობა ისევ მოიპოვოთ?
_ სადაც არ უნდა ვიყო, პარლამენტში თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში – ოზურგეთი ყოველთვის იქნება ჩემი საზრუნავი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხზე მალე დავიწყებთ მუშაობას და მაქსიმალურად მომზადებული შევხვდებით არჩევნებს.