მსახიობები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და სხვადასხვა კურიოზულ მდგომარეობაში ხშირად ვარდებიან. დღევანდელ წერილში, ტრადიციულად, ქართული სცენისა და ეკრანის მთავარი მომქმედი გმირების მორიგ “თავგადასავლებს” შემოგთავაზებთ.
დღევანდელი წერილის დასაწყისში სიტყვა მსახიობ კოტე თოლორაიას გადავცეთ, რომელსაც საბჭოთა კომედიური ფილმის, “ბრილიანტის ხელის” ერთ-ერთი მთავარი გმირის მსგავსი თავგადასავალი შეემთხვა.
“ძალიან რომ არ გვიჭირდა იმ პერიოდში საგასტროლოდ რომში არ წავედით?! ჩავფრინდით. გადაღლილები ვართ. მიგვიყვანეს ჩვენთვის განკუთვნილ სასტუმროში.
გათენდა. წამოვხტი, ჩავიცვი ჩემი სპორტული კოსტიუმი და ჩავიპარე სასტუმროს ეზოში. ვიჯერე გული ვარჯიშით და მოულოდნელად ერთი გზასაცდენილი ქათამი არ დამეჩითა? გამომწვევად გამითამაშ-გამომითამაშა (იტალიელი დედლები საერთოდ ძალიან ეშმაკები არიან) და გაენთო. გაენთო და მივყევი ძუნძულით. უმატა სიჩქარეს, მეც მოვუმატე. მოკლედ, ისე გავყევი, რომ თავი დამავიწყდა. ის კი, შეძვრა სადღაც ნანგრევებში, მაგრამ მე საათს დავხედე. დავხედე და დავმშვიდდი, 40 წუთი კიდევ მაქვს სასტუმროში გამოცხადებამდე.
მოვბრუნდი უკან და გზა ამერია. ხან ერთ “ტუპიკში” შევძვერი, ხან – მეორეში. რა ვქნა ახლა?! იტალიური ორი სიტყვა არ ვიცი და მეგრული იმათმა არ იციან. გამომეცხადა პოლიციელი, ცოტა რუსული იცოდა იღბლად. გაპარჭყა ხელები და იტალიური მეგრულით მეკითხება, რაშია საქმე, რა გაგჭირვებიაო.
– დავიკარგე, მსახიობი ვარ, თეატრის.
– რომელ სასტუმროში ცხოვრობ მითხარი, შენც გეშველება და მეც.
კოშმარული სიზმარივით მახსოვდა, სასტუმროს რომელიღაც დასაკრავი ინსტრუმენტის სახელი ერქვა, მაგრამ მოიფიქრებ? ამოტივტივდა ჩემს დაბნეულ ტვინში ინსტრუმენტის სახელი, “აკორდეონი” – ვთქვი გაუბედავად.
იტალიელი პოლიციელი ღრმად ჩაფიქრდა, მერე რაციით დაუკავშირდა ვიღაცას, „მიო, მიო“ იძახა, მაგრამ სანუგეშო ვერაფერი მითხრა – მაგი სასტუმრო თქვენ თუ ჩამოიტანეთ არ ვიცი და ჩვენთან არაა, ბიძიაო!
ბოლოს და ბოლოს, დარეკა ჩვენს საელჩოში, “ტრუსიკ-მაიკიანი” კაცი გვყავს აგერ, დათხლაშუნობს აღმა-დაღმა და ვერ აგნებს, საიდან წამოვიდაო. ორი საათი ველოდი პასუხს და ბოლოს მანქანით მიმიყვანეს სასტუმრო “როიალში”.
კოტე თოლორაის შემდეგ ზურა ყიფშიძე და მისი მეგობარი, თაზო თოლორაია გავიხსენოთ.
ზურაბ ყიფშიძე დედასთან, ქალბატონ ელენესთან დაკავშირებული პირველი, რასაც იხსენებს, მისი საფულის ამბავია.
ერთხელ ზურას და თაზო თოლორაიას ლუდი მოუნდათ, თუმცა არც ერთს ჯიბეში კაპიკიც არ ჰქონდა. დიდხანს ფიქრის შემდეგ “ბრწყინვალე იდეა” ზურაბ ყიფშიძეს მოუვიდა თავში, წამოდი, თაზო, დედაჩემს დღეს სპექტაკლი აქვს, მივაკითხოთ, იქნებ, ერთი მანეთი მაინც მოგვცესო.
მართლაც, პირდაპირ თეატრში წავიდნენ. ქალბატონი ელენე სპექტაკლის შემდეგ შვილს და თაზო თოლორაიას დიდი სიხარულით შეხვდა, მოეფერა, მოესიყვარულა. ამის შემდეგ კი ზურა დედას სთხოვს:
– ლენა, მომეცი რა მანეთი.
– ახლავე შვილო, – პასუხობს ელენე ყიფშიძე, ტრიალდება მათგან ზურგით, იღებს საფულეს, ხსნის და… უზომოდ გაკვირვებული სახით ტრიალდება:
– რომ არა მაქვს!
ასე დარჩნენ იმ დღეს ლუდის გარეშე ზურაბ ყიფშიძე და თაზო თოლორაია.
ფილმის “არაჩვეულებრივი გამოფენა” გადაღებები ქუთაისში მიმდინარეობდა. გაგიკვირდებათ და ამ სურათში მონაწილე მსახიობები ერთხელ მდინარე რიონში დახრჩობას გადარჩენილან. ალბათ უმჯობესია თუ ამ ისტორიას ბატონი გურამ ლორთქიფანიძეს მონაყოლით შევიტყობთ.
ერთხელ ფილმში “არაჩვეულებრივი გამოფენა” რიონზე, ხიდქვეშ გვქონდა ქეიფის სცენა გადასაღები. მე და დოდო აბაშიძე ვსხედვართ შიშვლები.
ამ დროს მოვიდნენ ჩვენი მეგობრები, ქუთაისის კოლორიტები: სოსო ხარაბაძე, ჟორჟიკა იაშვილი, ოთარ სულაბერიძე, ვლადიმერ ლომინაძე, მერაბ კიკნაძე და ქუთაისური დიალექტით ზემოდან გადმოგვძახეს: “მორჩით, სიმონ, გლახაობას და საქმეს ვეწიოთ”. ფილმის გადაღება მათთვის გლახაობა იყო და პურმარილი – საქმე. გელათში პურმარილია გაშლილი და წავედითო. ელდარმა უთხრა, კაცო, გვაცალეთ გადაღება, მოვრჩებით და ამოვალთო. იმ წუთს მზე იყო და უნდა გადაგვეღო.
მეორედ კიდევ გვითხრეს, მესამედ, მეოთხედ და რომ აღარ ავედით, წავიდნენ. რა ქნეს, იცით? “რიონჰესში” ასულან და ცოტა ხნით წყალსაცავი გაუხსნიათ. წარმოიდგინეთ ახლა თქვენ ეს? რომ მოიმატა წყალმა, ძლივს ამოვასწარით! ვისღა ახსოვდა გადაღება? გადავეშვით ადიდებულ რიონში და შეშინებულები ავბობღდით ნაპირზე. ჩვენ სიცივისგან ვკანკალებდით, ქუთაისლები კი ერთმანეთს აწყდებოდნენ სიცილით – რა ქენით, მორჩით გლახაობასო? რას ვიზამდით, ავდექით, წავედით და დიდებულად ვიქეიფეთ გელათში”.
მარჯანიშვილის თეატრში დადგმულ სპექტაკლში “საბრალდებო დასკვნა” მსახიობი თენგიზ მაისურაძე შოშიას როლს ასრულებდა. ამ პიესის მიხედვით მხატვრული სურათიც გადაიღეს და მაისურაძემ უკვე გამცემლიძის როლი განასახიერა. აი, რას იხსენებდა ბატონი თენგიზი ამასთან დაკავშირებით:
“მოკლედ, გამცემლიძე ვარ. კი იცით, ვინცაა ის გამცემლიძე – საბრალდებო დასკვნა რომ წაუკითხეს, მერე კი მაგრად მიბეგვეს თანამოსაკნეებმა. ჰოდა, მეც იგივე მელოდება, მეგობრის ცოლის “გაიმასქნებისათვის”.
თეატრში “ხალტურა” მოდის, გაუქნევ ხელს “გასალახავ” კაცს ან ქალს და მაყურებელი ვერ ამჩნევს, მართლა მოხვდა თუ არა. კინოში ასე ვერ იზამ, რომ იტყვიან “არ იყიდება”. იქ ყველაფერი ნაღდად უნდა მოხდეს. ინდურ ფილმებში რომ არის, ხელის გაქნევამდე ვარდება კაცი, ჩვენთან არ გაჭრის. ქართულ ფილმს ვიღებდით და ქართველ კაცს ცემა-ტყეპას ვინ ასწავლის.
ერთი სიტყვით, წამიკითხეს ეს უბედური საბრალდებო დასკვნა, მოვიდა ჩემი ცემის დრო და გაგვაჩერა რეჟისორმა. “რა მოხდა?” – ჩამოვყარე ყურები. “ახლა მნიშვნელოვანი სცენა იქნება, ყურადღებით და მონდომებით დავიწყოთ”, – დაგვმოძღვრა გიგა ლორთქიფანიძემ და დაჯდა.
დაიწყო, მაგრამ ნეტავ არ დაწყებულიყო. დამეხვია ამდენი “პატიმარი” და, ვაი, შენს თენგოს. მირტყამენ უმოწყალეოდ. ზოგს პირადული გაახსენდა, ფეხსაცმელიც კი გაიხადა და ქუსლი ჩამცხო. ბიჭი ხარ და გაუძელი. მინაცვლებენ ერთს თუ ორს, ჩემი ცოდვით ქვა ტირის. ის ეპიზოდიც დამთავრდა და მეც “გავთავდი”!
ორი საათი მასულიერებდა ექთანი. მეორე დღეს ლოგინიდან წელი ვერ ავითრიე. მესამე დღეს ჩემიანებმა მანქანით მიმიტანეს პოლიკლინიკაში, სადაც ექიმმა ორი კვირა “მომისაჯა” წოლითი რეჟიმი. მართლა ვლესე ლოგინი, უმსგავსო კაცის როლის გამო. ის საშინელი დანაშაული ნამდვილად რომ ჩამედინა, უარესი, ალბათ, არც მაშინ დამემართებოდა”.
დღევანდელი წერილის დასასრულს კი სიტყვა მსახიობ გოგუცა კუპრაშვილს გადავცეთ.
“იმ ხანებში ახალგაზრდები გატაცებული ვიყავით ლიტერატურულ-დრამატული წრეებით. ერთ-ერთ დრამატულ წრეს “იმედი” ერქვა. იმ წრეში მეც ვიყავი. დავდგით პიესა “სირინოზების ხეივანი”. ჩვენ თვითონ ვღებავდით, ვკერავდით, ვაჭედებდით: ხეები და ბუჩქები ჩვენ გვეჭირა ხელით სცენაზე რიგ-რიგობით, უკან ჩაცუცქულებს.
ერთ-ერთ რეპეტიციაზე სერგო ჭელიძე რაღაცაზე წამეჩხუბა. გულში დავექადნე. ერთხელ სპექტაკლის მსვლელობისას ბუჩქი მეკავა. სერგოს მონოლოგი ჰქონდა, რის შემდეგაც ბუჩქის უკან უნდა დამალულიყო. გამახსენდა, რომ გამაბრაზა და ბუჩქიანად კულისებში გავგოგმანდი. სერგო მოტრიალდა დასამალად, მაგრამ სადღაა ბუჩქი?! ხალხისკენ ზურგით შეტრიალდა და მუშტები მომიღერა. დიდი ხვეწნის შემდეგ თითებით მიჩვენა, ორ ბოთლ ლიმონათზე დაგპატიჟებო. მეც ბუჩქიანად უკან შევგოგმანდი. სერგო დაიმალა თუ არა ბუჩქის უკან, ისეთი მიჩქმიტა, თვალებიდან კურცხლები გადმომცვივდა”.