“უკვე ერთი წელია ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ მერცხალის და ოზურგეთის ცენტრალური სტალიონის გენერალური დირექტორი ვარ.
მიუხედავად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან შეძლებისდაგვარად ხელშეწყობისა, ოზურგეთლების საყვარელი საფეხბურთო კლუბი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და კლუბი ამჟამად ასპარეზობს ყველაზე დაბალ ლიგაში და დაშლის პირზეა”, _ ასეთი შინაარსის განცხადებას ავრცელებს ფეისბუქზე ოზურგეთის სტადიონის გენერალური დირექტორი მურთაზ აბაშიძე.
“გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ აბაშიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
“მოვუწოდებ ოზურგეთელებს, შევქმნათ საფეხბურთო კლუბ მერცხალის ფონდი, რომელშიც, მე, ხარაგაულში დაბადებული კაცი, პირობას ვდებ, რომ პირადად მთელ ჩემ ხელფასს ჩავრიცხავ და ასევე, მერცხალის გულშემატკივრებსაც იმავეს მოვუწოდებ.
მივმართავ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, შეიმუშაოს დებულება, რომლითაც გულშემატკივარს შეეძლება კლუბის მართვაში ჩაბმა. მიმაჩნია, რომ უნდა შეიქმნას გულშემატკივრებისგან დაკომპლექტებული კლუბის სამეთვალყურეო საბჭო.
ყველა ოზურგეთელს ვთავაზობ, მერცხალში მოვაწყოთ საჯარო შეხვედრა და ვიმსჯელოთ კლუბის სამარცხვინო მდგომარეობაზე და ამ მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებაზე”.
“გურია ნიუსი” მურთაზ აბაშიძეს დაუკავშირდა.
_ შეგიძლიათ გვითხრათ, კონკრეტულად, რა მძიმე მდგომარეობაა კლუბ “მერცხალში”?
_ პირველი და უკანასკნელი მძიმე მდგომარეობა ის არის, რომ ფეხბურთელებს არ აქვთ ხელფასი. თუ ფეხბურთელები ხელფასს ვერ მიიღებენ, რა გვინდა ჩვენ მაშინ სტადიონზე?!
_ თქვენი აზრით, რის გამო ვერ იღებენ ხელფასს ფეხბურთელები?
_ არ არის ფინანსები.
_ ვინ უნდა მიცეს ფეხბურთელებს ხელფასი?
_ ხელისუფლებამ უნდა მიცეს, ასევე, კარგი იქნება თუ გამოჩნდება ქველმოქმედი ადამიანები.
_ რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ფონდის ამოქმედება?
_ მე დღეს სტადიონზე დავაყენე საკითხი, რომ ჩემი ხელფასი ფეხბურთელებს მივცე. ასევე, მივმართე სხვებსაც და ვკითხე _ თქვენ რას შვრებით-მეთქი? არავის უთქვამს, რომ ჩემს გვერდში არიან და 20-30 ლარს დადებდნენ. ოზურგეთელები უნდა დამიდგნენ გვერდში, რადგან იღუპება “მერცხალი.”
_ ბიუჯეტიდან ხდება “მერცხალის” დაფინანსება და კონკრეტულად რაში იხარჯება ეს თანხა?
_ ბიუჯეტიდან გამოყოფილი არის 220 000 ლარზე მეტი, აქედან თანხების ნაწილი მიდის ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის (კვების, საფეხბურთო ფორმის, საწვავის და გადაადგილების ხარჯები). მინდა ვთქვა, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი ხარჯებიდან 80% ხელფასებზე არის გამოყოფილი. შტატები არის გაბერილი და აუცილებლად შესამცირებელია. კომპეტენტურმა პირებმა უნდა შეისწავლონ, რა ხდება “მერცხალში” და ეს ბიუჯეტი რაში იხარჯება, ტყუილად რატომ იყრება ეს ფული!” _ გვითხრა მურთაზ აბაშიძემ.
მისივე თქმით, კარგი იქნება ჟურნალისტები თუ დაინტერესდებიან, როგორ იხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები.
ოზურგეთის სტადიონის დირექტორი, მამუკა გოგუაძე ამბობს, რომ მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს, კონკრეტულად რა ფონდის ჩამოყალიბებას გეგმავს მურთაზ აბაშიძე.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ფეხბურთელების ანაზღაურების საკითხი დგას.