ჩვენი წერილის გმირი, პროფესიით სამთო ინჟინერი, საკმაო შრომითი სტაჟის მქონე, უკვე ბაბუაა, თუმცა, დღეს ახლადათვისებულ პროფესიაში თავს ახალგაზრდად მიიჩნევს და დარწმუნებულია, უფრო და უფრო დახელოვნდება.
გელა ცენტერაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ცხოვრობს. ის, რითაც ნაცნობ-უცნობთა და ირგვლივ მყოფთა ყურადღება მიიქცია, სხვადასხვა სახეობის შინაური თუ გარეული ცხოველების ფიგურებად ჩამოსხმა ან მავთულების მეშვეობით სასურველ ფორმად შეკვრა, მერე სინთეტიკური მასალით დამზადებული, ხელოვნური ბალახის საფარით შეფუთვაა. ეს ყველაფერი ერთ დიდ ეგზოტიკურ სამყაროდ აქცია და ადგილი საკუთარ კარმიდამოში მიუჩინა.
თუ როგორ დაიწყო ახალი პროფესიის ათვისება, ამას ერთი უბრალო, მისივე თქმით, ღიმილისმომგვრელი ფაქტით ხსნის:
_ გაგეცინებათ და ასეთი ხელოვნების დაწყება არც მიფიქრია. გეტყვით გულწრფელად _ აგერ, ჩემი ეზოს მახლობლად არის საბავშვო მინი-სტადიონი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, ბავშვებისთვის მოაწყვეს. როცა სამუშაოები დასრულდა, ვნახე, რომ ხელოვნური ბალახის საფარის ნარჩენები ეყარა ირგვლივ. პირველ რიგში, რაც ვიფიქრე, იყო ის, რომ აქაურობა გამესუფთავებინა. არადა, ეს ნაკუწებიც ისე ლამაზი იყო, რაღაცნაირად დამენანა.
ცოტა უნარებიც გამაჩნია, რომ საკუთარი ხელით ვაკეთო რაღაც-რაღაცეები. გადავხედე ინტერნეტსივრცეს და ერთ რუსულ საიტზე ვნახე ნაკეთობები სახელწოდებით _ “ტოპიარნიე ფიგური”, რომლის ზუსტი ქართული შესატყვისი, სიმართლე გითხრათ, ვერ ვნახე და საქმეს შევუდექი. მოკლედ, ეს არის ცემენტის, თაბაშირის საშუალებით ჩამოსხმული ან სულაც დრეკადი და გამძლე მავთულით შეკრული ფიგურები, რომელსაც შემდეგ აღნიშნული სინთეზური მასალით ვფუთავ.
ხშირად ვაგროვებ ასეთ ნარჩენებს _ ბევრგან აკეთებენ ხელოვნური საფარით სტადიონებს, ზოგჯერ სანაგვეებზეც ვპოულობ, _ ამბობს გელა ცენტერაძე.
მას, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დამხმარე საშუალებების _ საღებავები, მავთული, ლურსმანი, ჭიკარტი _ შეძენაც უხდება, მერე კი სასურველი ფორმით და საჭირო ფერებით დამუშავებული ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლები თუ სხვადასხვა ზღაპრის გმირები ცენტერაძეების კარმიდამოში განკუთვნილ ადგილს იკავებენ და ეზოს დეკორატიული მოწყობის სრულიად ახალ მოდელს და განწყობას ქმნიან.
ასე გახდა მისი ნამუშევრები სამეზობლოსთვის, ბავშვებისთვის, გამვლელ-გამომვლელთათვის ახლობელი და საყვარელი: “ზებრა”, “სპილო”, “წუნა და წრუწუნა”, “ფიფქია და შვიდი ჯუჯა”, “კარლსონი”…
_ გამოდის, რომ თქვენ ნარჩენების მართვის ოსტატიც გახდით და გარემოს დაცვის საქმეში, რაც დღეს უმწვავესი პრობლემა და გამოწვევაცაა საქართველოს ყველა რეგიონში, თქვენი წვლილი შეგაქვთ…
_ ასე გამოდის. გადაყრილი ნარჩენებით შევფუთე ჩემი ნამუშევრები და საზოგადოებრივ სივრცეში დავაბრუნე. საქმემ ისე გამიტაცა, რომ უკვე ყოველდღე სიახლეს ვეძებ. ვცდილობ, უფრო დავოსტატდე, შევქმნა ახალი ფიგურები, ახალი ნაკეთობები, რომელიც მარტო ცხოველთა და ფრინველთა ან ზღაპრების სამყაროს სამყაროს წარმომადგენლები კი არ იქნებa, არამედ ცხოვრებაში არსებული რეალური გმირები. მაგალითად, ვცადე ფეხბურთელ მესის ფიგურა გამეკეთებინა _ კარგად გამომივიდა და მოწონებაც დაიმსახურა. ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ფიგურაში ფეხბურთელი ამოიცნეს. მერე სკოლის მოსწავლეები საექსკურსიოდაც მოიყვანეს ჩემს სახლში და ეზოს გამოფენა დაათვალიერეს, _ გვიამბობს ჩვენი მასპინძელი.
როგორც ნატანებში გვეუბნებიან, გელა ცენტერაძემ საკუთარ კარმიდამოს რომ ესთეტიური ელფერი შესძინა, ეს ერთი ღირსებაა, თუმცა, რა სიხარულიც უახლოეს ადამიანებს და განსაკუთრებით ბავშვებს არგუნა, ასევე, გარემო ზედმეტი ნარჩენებისგან გაასუფთავა, რაც შესაძლოა უფრო საშიში გამხდარიყო, ეს უფრო ღრმა თემაა. მით უფრო, როცა ის დაეძებს ასეთ და მსგავს ნარჩენებს და უკვე სულჩაბერილს საზოგადოებრივ სივრცეში აბრუნებს.
_ არავის წარმოედგინა, რომ გელა ცენტერაძის ოჯახში საექსკურსიოდ წასვლა ისე მოუნდებოდათ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს თუ სკოლის მოსწავლეებს, როგორც, ვთქვათ, რომელიმე მუზეუმში, გასართობ პარკში ან კარგი ფილმის სანახავად ისურვებდნენ. ყველა ძალიან კმაყოფილია და ამავე დროს დაინტერესებული, ნახონ მისი ნამუშევრები, რომელიც განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულში შვენის მის კარმიდამოს, _ გვეუბნება სოფელ ნატანების მკვიდრი მაია ნაკაიძე.
გელა ცენტერაძე, ორ წელზე ცოტა მეტია, რაც ამ ახალი პროფესიითაა დაკავებული და თვითგანვითარების გზაზე გამუდმებით ცდილობს, ყოველდღე დაოსტატდეს და რაღაც ახალი შესძინოს თავის ხელოვნებას. რაც მთავარია, მას საკუთარი სურვილის გარეშე, კლიენტურაც გამოუჩნდა და დაკვეთაც მიიღო. მაგალითად, ჩამოასხა, შეკრა, შეფუთა და, ასე ვთქვათ, სული შთაბერა ტანდემს: “ფერადკანიანი გოგონები”, რის ყიდვაც ურეკში ერთ-ერთი სასტუმროს ადმინისტრაციამ გადაწყვიტა. ასევე, დაკვეთები მიიღო საბავშვო ბაღებიდან.
_ გავაკეთე სპილოს მოდელი. მთელი თვე დავჭირდი ნამუშევრის დასრულებას. ბუნებრივია, დრო ფულია და ფასიც ისეთი უნდა დავადო, რომ ერთი თვის საშუალო ხელფასს მაინც გაუტოლდეს. არ მგონია, ასე დიდი ბიზნესი გავაკეთო, მაგრამ შემოსავლის წყარო უკვე გამიჩნდა. ყველაზე ძალიან კი ის მახარებს, რომ ბავშვები არიან აღფრთოვანებულები. სკოლიდან რომ ბრუნდებიან, სამეზობლოს ბავშვები ხშირად გამოივლიან ხოლმე, ათვალიერებენ ჩემს ნამუშევრებს. ზოგჯერ შენიშვნებს მაძლევენ, რაღაცას მასწავლიან _ ბავშვები ხომ ყველაზე უტყუარი შემფასებლები არიან?! განსაკუთრებით ჩემი შვილიშვილები მასწავლიან, მირჩევენ, მისწორებენ ბევრ რამეს. ერთს ძალიან უყვარს ხატვა და მის გემოვნებას ყველაზე მეტად ვენდობი. ვიცი, როცა რაღაცას მისწორებს, ნამდვილად არ ცდება. მიხარია, რომ მოკლე ხანში ასეთ წარმატებას მივაღწიე. ვნახოთ, რა გამომივა, _ გვეუბნება ბატონი გელა და განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს მეუღლის მიმართ, რომელიც მუშაობის პროცესში ძალიან ეხმარება და ცდილობს, არ მოცდეს სხვა საქმეზე.
ჩვენი მასპინძელი იმის სურვილსაც გამოთქვამს, რომ ახალგაზრდებმა შეისწავლონ ეს პროფესია. მთავარია, სურვილი ჰქონდეთ და თავად ყველაფერში დაეხმარება. ამბობს იმასაც, რომ ასეთი ხელოვნება შესაძლებელია ცოცხალ ბუნებაში განავითარო, თავად ბუჩქოვან მცენარეებს მისცე ცხოველთა თუ ფრინველთა ფორმები, რაც დღეისთვის ევროპულ ქვეყნებში კეთდება, თუმცა, უდიდეს შრომას, ცოდნას და ნებისყოფას მოითხოვს. ეს კი ახალგაზრდობას მუდამ შეუძლია გააკეთოს.
გელა ცენტერაძეს საკუთარი ხელით და თავისივე პროექტით აქვს აშენებული სახლი და ასევე შიდა ინტერიერიც _ ბუხარი თუ სხვადასხვა სათავსოები. როგორც გვიამბობს, თავისივე ხელითა და საკუთარი გემოვნებით გააკეთა ისე, რომ არავინ დახმარებია.
ჩვენს საკმაოდ მორიდებულ რესპონდენტს საკუთარ თავზე საუბარი ეძნელება და გამუდმებით იმეორებს ერთსა და იგივეს _ ისეთს რას ვაკეთებ, ხალხი სასწაულებს ახდენს და აკეთებსო.
საქმეც იმაშია, რომ მან თვითონ შექმნა პატარა სასწაულები საკუთარ გარემოში, რომელიც ჯერ მეზობლებმა მოიწონეს, მერე ჭიშკართან გამვლელ-გამომვლელთა მანქანები ჩერდებოდნენ და აკვირდებოდნენ ყველაფერს. ბოლოს დაკვეთებიც გაჩნდა, როგორც რაიონიდან, ისე თბილისიდანაც.
ჩვენც ვუსურვებთ, კიდევ და კიდევ გაფართოებულიყოს ბატონი გელას შემოქმედებითი არეალი. რაც ყველაზე საყურადღებო და მისასალმებელია, მან ხომ ნარჩენების მართვის მეთოდს, ერთ მშვენიერ დღეს, საკუთარი უნარებისა და გამჭრიახობის წყალობით მიმართა და მოკლე ხანში საკმაოდ წარმატებულ შედეგს მიაღწია.