ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონს, რომლის დემონტაჟიც წინა ხელისუფლების დროს მოხდა, ფონდი “ქართუ” გააკეთებს. ამ ფონდმა გასულ წლებში 500 ათასი ლარით უკვე დააფინანსა “გურიას” სტადიონის ადმინისტრაციული შენობა, გასახდელებითა და საოფისე ოთახებით.
როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილს “გურიას” სტადიონის დასავლეთ ტრიბუნის გაკეთებაში დახმარება საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ სთხოვა, რასაც რეაგირება მყისიერად მოჰყოლია. საბოლოოდ, მთავრობა თემით დაინტერესდა და უკვე გადაწყვეტილი საქმეა, რომ ლანჩხუთში “გურიას” სტადიონს “ქართუ” ააშენებს.
რაც შეეხება კითხვებს _ თუ რატომ დაინგრა სტადიონი, იყო თუ არა დასავლეთ ტრიბუნა ავარიული, სად წავიდა რკინის ნარჩენი საშენი მასალა, დღემდე პასუხგაუცემელია. ახლაც ბევრი მიიჩნევს, რომ დასავლეთ ტრიბუნა არ იყო დასანგრევი და მხოლოდ მცირედ შეკეთებას მოითხოვდა. ზოგიერთებს ისიც აეჭვებთ, ხომ არ მოხდა ამ კონსტრუქციის დანგრევა საკმაოდ დიდი ოდენობის ჯართის მითვისების სანაცვლოდ?
2012 წლის 25 ივნისით დათარიღებულ კონსტრუქციული კვლევის დასკვნაში, რომელსაც ხელს ვინმე თ. ლაზარიაშვილი აწერს, ვრცლადაა ასახული დასავლეთ ტრიბუნის იმდროინდელი მდგომარეობა, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. დასკვნაში საუბარია საკმაოდ მნიშვნელოვან ხარვეზებზე, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს, თავის დროზე, ნაჩქარევად აშენებული ობიექტის ხარისხს, სადაც ვკითხულობთ, რომ ჩასხმული ბეტონის ცუდი ხარისხის გამო, რკინა-ბეტონის კონსტრუქციას არ ჰქონდა სათანადო სიმკვრივე, მთლიანად ეროზირებულია იყო გარე ზედაპირები, მუშა არმატურები კოროზირებული გახლდათ, გრძივი შემკრავი რ/ბ რიგელების პილონებთან შეერთების კვანძები არაა სათანადოდ მოწყობილი, გრძივი შემკრებები რამდენიმე ადგილზე იყო შეღუნული, სუსტად გამოიყურებოდა ლითონის სვეტებისა და შემკრავების შეერთების კვანძები, ცუდადაა დამონტაჟებული ანაკრეფი რ/ბ ფილების ჩარჩოს რიგელებზე და ა. შ.
დასკვნაში წერია, რომ ნაგებობის მდგრადობის საერთო სურათის შეჯამებისას, ეს ნაგებობა იმყოფება არასაკმარისი მდგრადობის პირობებში და საჭიროებს გაძლიერებითი ღონისძიებების ჩატარებას.
ამ დასკვნიდან გამომდინარე, ჩანს, რომ აღნიშნული ტრიბუნის შეკეთებაც იყო შესაძლებელი და ამიტომ ჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ რატომ დაინგრა დასავლეთის ტრიბუნა. ამ საკითხზე ინფრასტრუქტურის სამსახურის მაშინდელი უფროსი სოსო ჩხაიძე ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აღდგენითი სამუშაოების ნაცვლად ახლის აშენება არჩია:
“რადგან არ არსებობდა “გურიას” სტადიონის პროექტი, ვინაიდან თავის დროზე “გურიას” სტადიონი ფორსმაჟორულ ვითარებაში აშენდა, “თბილქალაქპროექტმა” გადაწყვიტა, ხელახლა დაეწყო სტადიონის გეოლოგიური კვლევებისა და კონსტრუქციების ხარისხიანობის შესწავლა, რისთვისაც მოწვეულნი იყვნენ შესაბამისი სპეციალისტები, რომლებმაც დადეს დასკვნა. რაც შეეხება დასავლეთი ტრიბუნის აღდგენას, მას ესაჭიროებოდა რკინის დამატებითი კონსტრუქციებით გამაგრება, მაგრამ, ვინაიდან პროექტის თანახმად, ტრიბუნის ქვემოთ უნდა გაკეთებულიყო გასახდელები, საშხაპეები, სამსაჯო ოთახები, საპრესკონფერენციო დარბაზი და სხვა ინფრასტრუქტურა, ეს კონსტრუქციები კი, ბუნებრივია, ხელს შეუშლიდა ამ ყველაფერს, გადაწყდა ძველის დაშლა და ახალი, რკინის კონსტრუქციის ტრიბუნის აშენება. ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია.
არსებობს შესაბამისი პროექტიც, როგორი ტიპის სტადიონის გაკეთება იგეგმებოდა და საამისოდ თანხას ცენტრალური ხელისუფლება გაიღებდა. პირველ ეტაპზე, 800 ათასი ლარი ჩამოირიცხა, რაც საპროექტო სამუშაოებზე, გეოლოგიურ გამოკვლევაზე, საინჟინრო-ტექნიკურ კვლევაზე, ტოპოგეოდეზიური ნახაზების შედგენასა და “გურიას” სათადარიგო სტადიონზე გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოების გახორციელებას მოხმარდა”, _ ამბობს ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი უფროსი სოსო ჩხაიძე.
მაშინდელი კიდევ ერთი ლანჩხუთელი მაღალჩინოსნის კახა ასკურავას თქმით, გარდა იმისა, რომ არსებობდა შესაბამისი დასკვნა ნაგებობის არამდგრადობასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული იყო, რომ “გურიას” სტადიონი უეფას სტანდარტებში ჩამჯდარიყო:
“ეს სტადიონი უნდა გადაკეთებულიყო უეფას სტანდარტების შესაბამისად, რაც ნაცვლად 30 ათასისა, გათვლილი იქნებოდა რვა ათას გულშემატკივარზე და რომც არ ყოფილიყო იქ კოროზიული პროცესები დაწყებული, მისი რეკონსტრუქცია ნებისმიერ შემთხვევაში მოხდებოდა. ეს სტადიონი ისე არ დაშლილა, როგორც დღეს ბევრი ამას ამბობს _ თითქოს ყოფილ გამგებელს მოუნდა და დაშალა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში “გურიას” ახალი სტადიონის მშენებლობა 2013 წლის ბოლოსთვის უნდა დამთავრებულიყო, ინფრასტრუქტურის სამინისტროში საამისოდ სამ მილიონნახევარი ლარიც იყო გამოყოფილი. თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პრიორიტეტები შეიცვალა და ამ თანხას ლობირება სჭირდებოდა. დანამდვილებით ვიცი, რომ ყოფილმა გამგებელმა გია გოგუაძემ, თავის დროზე, დაურეკა მაჟორიტარ დეპუტატს თემურ ჩხაიძეს და სთხოვა, მისულიყო ინფრასტრუქტურის სამინისტროში და ამ საკითხისთვის ყურადღება მიექცია. როგორც ჩანს, ასე არ მოხდა და ეს თანხა შემდეგ წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა წაიღო”, _ ამბობს კახა ასკურავა.
როგორც ირკვევა, ზემოთ ხსენებული 800 ათასი ლარიდან ძირითადი სამუშაოები შეასრულა შპს “ოქტან-მედეამ”, რომელმაც მუნიციპალიტეტის გამგეობასთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ორი ხელშეკრულება გააფორმა. პირველი ხელშეკრულება 2012 წლის 7 აგვისტოთი თარიღდება და მისი ღირებულება 240 685 ათას ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას უნდა გაეხორციელებინა სტადიონის დასავლეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნების დემონტაჟი, ასევე, მინდვრის სარწყავი სისტემისა და სატუმბი სადგურის მონტაჟი.
ამავე კომპანიასთან გაფორმებული მეორე ხელშეკრულება იმავე წლის 17 სექტემბრითაა დათარიღებული და სტადიონის კაპიტალური შეკეთების მეორე ეტაპს მოიცავს. აქ სამუშაოების ღირებულება 419 289 ლარითაა განსაზღვრული და როგორც ხელშეკრულების განმარტებით ნაწილში ვკითხულობთ, არსებული მონოლითური რკინა-ბეტონისა და ლითონის კონსტრუქციების დემონტაჟისთვის 27 579 ლარი უნდა დახარჯულიყო, ხოლო ყველაზე დიდი თანხა (308 033 ლარი) სადემონტაჟო და აღდგენით სამუშაოებს მოხმარებოდა. აქ იგულისხმებოდა შემდეგი სამშენებლო სამუშაოები: აღმოსავლეთ ტრიბუნის ქვეშ კვანძების გაძლიერება, გამყოფი დროებითი ღობის მოწყობა, სალაროსთან, ტაბლოსა და ძველ ადმინისტრაციულ შენობასთან სიცარიელეების შევსება ლითონის ღობით და რკინა-ბეტონის საძირკვლით, ლითონის ღობის მოწყობა გარე პერიმეტრზე, ასევე, შიდა ნიშნულებზე, აღმოსავლეთ ტრიბუნის ჩამონგრეული ელემენტების შეკეთება-შეღებვა, ამავე ტრიბუნის მარჯვენა და მარცხენა მოაჯირების მთელ პერიმეტრზე მონტაჟი, ლითონის სადგარების გაწმენდა, აღდგენა და შეღებვა, საჯდომებისთვის ლითონის კონსტრუქციის (ე. წ. “ტრუბაკვადრატების”) მონტაჟი და შეღებვა, აღმოსავლეთ ტრიბუნის იატაკის შეღებვა, სტადიონის მთელ პერიმეტრზე მოაჯირების აღდგენა და შეღებვა, სტადიონზე მწვანე საფარსა და მოაჯირს შორის არსებული მონაკვეთების ღორღით შევსება, პნევმატური მექანიზმით დატკეპვნა და გასწორება, ხელოვნური მწვანე ბალახის დაგება, განათების ანძების დამუშავება და შეღებვა, აღმოსავლეთ ტრიბუნის წინ არსებული ასფალტ-ბეტონის საფარის აყრა და აღდგენა, ტროტუარების დაგება, ძველი ადმინისტრაციული შენობის შეფუთვა ბადით და სხვა კოსმეტიკური სამუშაოები.
თუ ხელშეკრულებით ვიმსჯელებთ, შედარებით სოლიდური თანხები დაიხარჯა ღორღით ტერიტორიის შევსებაში (41 250 ლარი), განათების ანძების შეღებვაში (47 500 ლარი) და ხელოვნური მწვანე ბალახის დაგებაში (31 500 ლარი). რაც შეეხება ხელშეკრულებით ნაკისრ კიდევ 20 ათას ლარამდე თანხას, ამით აღნიშნულ ფირმას სატუმბი სადგური და ავტოსადგომი უნდა მოეწყო.
მოკლედ, შპს “ოქტან-მედეამ” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ფაქტობრივად, სრულად შეასრულა, გარდა ერთისა _ როგორც ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი კახა ასკურავა ამბობს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, დემონტაჟისგან მიღებული ნარჩენები სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ობიექტიდან 500 მეტრში უნდა დაესაწყობებინა, რაც რეალურად არ მოხდა. მისივე თქმით, მაშინ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ეს შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დარჩენილიყო.
“ამ ფაქტთან დაკავშირებით, გამგეობაში შემოვიდა შპს “გურია 2000″-ის ხელმძღვანელის წერილი, რომლის საფუძველზე დავიბარე ამ ფირმის წარმომადგენელი, გვარი არ მახსოვს და მოვთხოვე უკანონოდ გატანილი მასალა დაებრუნებინა ადგილზე. მან მითხრა, რომ ეს მისი ქონება იყო და სადაც უნდოდა იქ წაიღებდა, მით უმეტეს, რომ ყველაფერი გარკვეული ჰქონდა ამ მხრივ, როგორც ძველ, ისე ახალ ხელისუფლებასთან. ამის შემდეგ, გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსთან ერთად მომზადდა ოფიციალური წერილი და ფაქტის შესახებ პროკურატურას მივმართეთ”, _ ამბობს ასკურავა.