“პენიტენციურ დაწესებულებებში დღეს არსებული წესრიგი ძალადობრივ მეთოდებს ეფუძნება და ის სინამდვილეში ძალიან მყიფეა, რამაც გრძელვადიან, ან თუნდაც მოკლევადიან პერიოდში უაღრესად დიდი საფრთხის ქვეშ შეიძლება დააყენოს,” – ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტზე პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მდგომარებაზე სპციალური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ ციხის კრიმინალური სუბკულტურის არსებობა პატიმრებს შორის ძალადობის და ჩაგვრის მიზეზი ხდება.
„მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დაწესებულებებში არაა ძალადობისგან თავისუფალი გარემო, რაც ვლინდება ციხის კრიმინალური სუბკულტურის არსებობაში, რომელიც პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის და პატიმრებს შორის ძალადობისა და ჩაგვრის მიზეზი ხშირად ხდება. დაწესებულებებში ციხის სუბკულტურის გავლენა სხვადასხვა გამოვლინებებით არსებობს, რა თქმა უნდა, უკვე რამდენიმე ათეული წელია არსებობს, საბჭოთა დროიდან მოყოლებული, თუმცა ის დღესაც აქტიურად გამოიყენება პენიტენციურ დაწესებულებებში და გულისხმობს ე.წ. მაყურებლების მიერ წესრიგის შენარჩუნებას. აღნიშნულს ბევრი მიზეზი აქვს და სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული, სამწუხაროდ, პენიტენციურ დაწესებულებებში დღეს არსებული წესრიგი ძალადობრივ მეთოდებს ეფუძნება და ის სინამდვილეში ძალიან მყიფეა, რამაც გრძელვადიან, ან თუნდაც მოკლევადიან პერიოდში უაღრესად დიდი საფრთხის ქვეშ შეიძლება დააყენოს იქ არსებული უსაფრთხოება, პატიმართა სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
სახალხო დამცველის თქმით გამოვლინდა ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში ე.წ.მაყურებლები პრივილეგირებულ მდგომარებაში, რომლებიც სხვა პატიმრებს არაფორმალური წესებისადმი დამორჩილებას აიძულებენ.
„ჩვენი მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ არაფორმალური მმართველობა პატიმართა შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება. ფსიქოლოგიური ძალადობა ძირითადად გამოძალვაში, დამცირებასა და სხვა ქმედებებში გამოიხატება. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში არაფორმალური მმართველები, ე.წ. მაყურებლები იმყოფებიან პრივილეგირებულ მდგომარებაში და სხვა პატიმრებს აიძულებენ დაემორჩილონ არაფორმალურ წესებს.
ჯგუფმა ასევე მიიღო ინფორმაცია, რომ 14-ე და 15-ე დაწესებულებაში ახლად შემოყვანილ მსჯავრდებულებთან ე.წ. კარანტინში მიდის კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენელი, უმასპინძლდება მას და შემდეგ უკვე სთავაზობს, რომ ამიერიდან მანაც უნდა შეიტანოს წვლილი, რომ ახალშემოსულ უქონელ მსჯავრდებულს ასევე დაეხმარონ. ამგვარად არაფორმალური მმართველები მაქსიმალურად ცდილობენ ახალმოყვანილი მსჯავრდებულის დარწმუნებას ე.წ.საერთოს შეგროვებაში მონაწილეობის მისაღებად“,– განაცხადა ნინო ლომჯარიამ.