21 თებერვალს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ანსაბლ „შვიდკაცას“ ღვაწლმოსილ წევრს და უზადო მომღერალს ილია ინწკირველს, დაბადებიდან 75 წლის და შემოქმედებითი მოღვაწეობის 50 წლის აღსანიშნავად, ხელისუფლებამ და მშობლიური ქალაქის საზოგადოებამ საზეიმო საღამო მოუწყო. საიუბილეო ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის და ა(ა)ი.პ. კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
ჟურნალისტმა ნინო სალუქვაძემ დარბაზში მყოფთ გააცნო ილია ინწკირველის ბიოგრაფია და თქვა, რომ მის ცხოვრებაში სიმღერისთვის მიძღვნილი საუკუნის ნახევარი აჩვენებს, რომ ილია ინწკირველი უდიდეს ეროვნულ საქმეს ემსახურება.
იუბილარს მიესალმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განთლების, კულტურის და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი მარინ ჯაფარიძე.
_თქვენ ხართ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ემსახუროს ხელოვანი ქვეყანას, – მიმართა მან ხელოვანს და თქვა, რომ მისით ნამდვილად ბედნიერია ჩვენი ხალხი და ქვეყანა.
ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა , ავთანდილ სურგულაძემ, მისასალმებელი გამოსვლისას განაცხადა, რომ ილია ინწკირველი და იუმორი განუყოფელია დაგაიხსენა ილია ინწკირველის მიპატიჟება აჭარაში, სოფელ ინწკირვეთში, საიდანაც მისი გვარი იღებს სათავეს.
საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ ანსამბლები: „შვიდკაცა“, „ქართული ხმები,“ „ბათუმი,“ „რეხეული.“ მათ სეასრულეს არაერთი სიმღერა, რაც მაყურებელს ძალაინ მოეწონა.
თავად ილია ინწკირველი ბევრი საინტერესო და სახალისო მოგონებით გამოვიდა მაყურებლის წინაშე.
_ფოლკლორის სიყვარულს და სიმღერის სიდიადეს ზაურ ბოლქვაძემ მაზიარა. უდიდესი როლი მიუძღვის მას ჩემს ცხოვრებაში. ასევე უდიდესია ბუმბერაზ მიხეილ შავიშვილის როლი ჩემს მომღერლად ჩამოყალიბებაში. რაც შეეხება ანზორ ერქომაიშვილს, ის აგვირგვინებს ყოველივე ამას – კაცი რომ გეტყვის, ჩემი ძმა ხარო, ხომ არის ბედნიერება? _ თქვა მან .
მეგობრებმა, სტუმრად მყოფმა ჯემალ და თემურ ჭკუასელებმა გაიხსენეს არაერთი ამბავი, მათ შორის იუმორისტულიც, რაც მათ ხანგრძლივ, მეგობრულ ცხოვრებას უკავშირდებოდა. შემდეგ კი ტრისტან სიხარულიძემ, თემურ და ჯემალ ჭკუასელებმა დამახასიათებელი ოსტატობით და ხიბლით შეასრულეს „ჩვენ მშვიდობა“.
იუბილარს მიესალმა გურიის გუბერნატორის მოადგილე, გია ებრალიძე: „ძალიან ღვაწლმოსილი ადამიანი ხართ, როგორც პოზიტივი, მთელი თქვენი ადამიანობით და შემოქმედებით ასხივებთ ადამიანის სულსა და გულში _ მიმართა მან იუბილარს.
ილია ინწკირველს მიესალმნენ და კვლავ ნაყოფიერი მოღვაწეობა და სიცოცხლე უსურვეს ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, ანსამბლ ქართული ხმების“ წევრმა, პარლამენტარმა თემურ ჭკუასელმა, , ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა, მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორის მოადგილემ კობა ბანძელაძემ.
ღონისძიების დასასრულს ფოლკლორის ცენტრის ნორჩ მომღერალთა გუნდისა და უფროსი თაობის მომღერლების მიერ, ერთობლივად „მრავალჟამიერი“ შესრულდა.