საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ისევე, როგორც ყველგან, ჩოხატაურში ხალხის მღელვარებამ იმატა. “გურია ნიუსი” დაინტერესდა რამდენად მზად ხვდებიან ახალ და საშიშ გამოწვევას მუნიციპალიტეტში მდებარე კლინიკები.
როგორც კლინიკის _ „სამედიცინო ცენტრი გურიაში“, მთავარი ექიმი, თემურ კოროშინაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, კლინიკა სრულ მზადყოფნაშია.
_ რადგან ჩვენთან კორონავირუსის დიაგნოზტირება არ ხდება, შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ დაავადებაზე ეჭვმიტანილი. გვაქვს დაცვის საშუალებები და ეჭვის შემთხვევაში, მოხდება პაციენტის რეფერალი. ამ დროისთვის მიმდინარეობს პაციენტების გამოკითხვა, ანამნეზის შეკრება. თუ საეჭვოდ მივიჩნევთ და გამოვლინდება პიროვნება, რომელიც უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსია გავრცელებული, ან იქ მყოფ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ კონტროლზე გვეყოლება და შემდგომი კვლევისთვის სპეციალიზირებულ კლინიკაში გადამისამართდება. თუმცა, ამ დროისთვის მსგავსი შემთხვევა არ გვქონია. მინდა გითხრათ, რომ კლინიკა სრულ მზადყოფნაშია და მედპერსონალი მობილიზებულია“, _ გვითხრა თემურ კოროშინაძემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე „მედალფას“ სამედიცინო ცენტრის დირექტორი ანტონ ხუნდაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ცენტრი კორონავირუსს, გამოვლენის შემთხვევაში, მომზადებული ხვდება.
_ კორონავირუსის თემაზე უკვე ერთ კვირაზე მეტია, მედპერსონალს უტარდება ტრენინგ-სემინარები, დარბაზში მუდმივ რეჟიმში ჩართული ვიდეორგოლი კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე; მედპერსონალს მიეწოდება ინფორმაცია ჩაცმა-აღჭურვიდან დაწყებული, პაციენტთან და საზოგადოებასთან ურთიერთობით დამთავრებული, ყველაფერზე. როგორ უნდა აღმოაჩინოს ვირუსის კლინიკური ნიშნები, რა უნდა გაითვალისწინოს. პაციენტებთან საუბრისას გამოკითხვები, რომ არ გამორჩეთ არც ერთი დეტალი, უმნიშვნელოც კი. რაც არის დამცავი საშუალები, ყველაფერი გვაქვს და კიდევ შემოგვივა, _ ამბობს ანტონ ხუნდაძე და მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.